Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ კვირაზე ნაკლები აღდგომამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 აპრილს


მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამონაკლისები არ უნდა არსებობდეს - პარტიები ხელისუფლებას აკრიტიკებენ

ბზობის დღესასწაულზე ეკლესიებთან და ეკლესიებში ხალხის სიმრავლემ წარმოაჩინა, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევას ერთნაირად არ პასუხობს. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ოპოზიცია ხელისუფლებას არათანმიმდევრული მიდგომისა და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამონაკლისის დაშვების გამო აკრიტიკებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები უნდა იყოს თანმიმდევრული და ეფუძნებოდეს თანასწორობას. მისი თქმით, თუ სასულიერო პირი დანაშაულს სჩადის და ამის გამო ისჯება, საზოგადოებას კითხვები არ უჩნდება.

თანასწორობის პრინციპის გარდა, შეზღუდვის ეფექტიანობაზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია. მისი თქმით, მსგავს წესებს მაშინ აქვს აზრი, თუ ის გავრცელდება ყველაზე.

საკუთარი მოსაზრება გუშინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააფიქსირა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმაც.

„პატრიოტთა ალიანსი“, პირიქით, ხელისუფლებას იმ ნაბიჯებისთვის აკრიტიკებს, რომელიც პანდემიის პრევენციისთვის გადადგა.

„ჩემთვისაც გაუგებარია 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი და მეჩვენება, რომ ამ ლიტურგიასთან არის კავშირში, რომ გაუჭირდეს ადამიანებს წირვაზე მისვლა. პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ, ამას ვერ ხვდებით?!“ - მიმართა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

მოახლოებული აღდგომის დღესასწაული და კორონავირუსის გავრცელება იყო საუბრის თემა საპატრიარქოში, სადაც გუშინ პრემიერი გიორგი გახარია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მივიდნენ. მთავრობის ადმინისტრაციამ შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავა.

აიკითხე მეტი.

კორონავირუსის გავრცელება საქართველოსა და მსოფლიოში

დადასტურებული შემთხვევა - 272

გარდაცვლილი - 3

გამოჯანმრთელებული - 68

კარანტინში - 4834

სტაციონარში - 434

ამჟამად კორონავირუსზე მკურნალობას ქვეყანაში 204 პაციენტი გადის. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახალი შემთხვევებიდან 5 მედიკოსია. 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 434 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მსოფლიოში კი ვირუსის ეპიცენტრი ახლა აშშ-ია, ნახევარ მილიონზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევითა და 20 ათასზე მეტი გარდაცვლილით.

წაიკითხე მეტი.

ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ თავისუფლების 5 წლით აღკვეთა შეუფარდა.

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას.

ადვოკატის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა სასამართლომ ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში ცნო დამნაშავედ.

დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. გუშინდელ განაჩენს კი ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ისინი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ.

წაიკითხე მეტი.

14 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.13 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეისთვის დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

14 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1349 ლარი (13 აპრილი - 3.1456);
  • 1 ევრო - 3.4227 ლარი (13 აპრილი - 3.4425);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9174 ლარი (13 აპრილი - 3.9257);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2649 ლარი (13 აპრილი - 4.2612);
  • 1 თურქული ლირა - ​0.4629 ლარი (13 აპრილი - 0.4687​)
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1609 ლარი (13 აპრილი - 1.1577).

გუშინ, 13 აპრილს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი იყო: 1 აშშ დოლარი - 3.1400 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და სასწრაფოდ მისაღები კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და ევროკავშირი მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას თამამი, კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდეს.

მათ წარმოადგინეს კრიზისის პერიოდში მთავრობის მიერ სასწრაფოდ გადასადგმელ აუცილებელ კონკრეტულ ნაბიჯთა ჩამონათვალი. მათ შორისაა ტვირთების განბაჟების პროცესში ე.წ ყვითელი დერეფნის გაუქმება, დღგ-ს ვალდებულების გადავადება საქონლის რეალიზაციის შემდეგ და სხვა.

წაიკითხე მეტი.

პანდემიის ფონზე, OPEC-ი და რუსეთი დათანხმდნენ ნავთობის წარმოების უპრეცედენტო შემცირებას

OPEC-ი, რუსეთი და ნავთობის მაწარმოებელი სხვა ქვეყნები შეთანხმდნენ ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს წარმოების უპრეცედენტო შემცირებას. მათ იმედი აქვთ, რომ ამით მოიმატებს გლობალური ფასები, რომლებმაც კოლაფსი განიცადა კორონავირუსის პანდემიის და ფასის შესახებ უთანხმოების გამო.

OPEC-Plus-მა, ნავთობის მაწარმოებელი 23 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ჯგუფმა, 12 აპრილს გვიან გამოაცხადა, რომ შეთანხმდა წარმოების დღეში 9,7 მილიონი ბარელით შემცირებაზე, მაისის და ივნისის თვეებში.

წაიკითხე მეტი.

ბრძოლა ინფორმაციისთვის და რეპორტაჟები აივნებიდან - მედია საგანგებო რეჟიმის პირობებში

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სანდო ინფორმაცია კიდევ უფრო ღირებული გახდა, ჟურნალისტობა კი იმაზე რთული, ვიდრე აქამდე. ახალმა კორონავირუსმა სხვებთან ერთად რეპორტიორების ცხოვრებაც ამოაყირავა.

„ახლახან ვესაუბრე ჩვენს ჟურნალისტს ნიუ-იორკში, რომელიც რეპორტაჟს აკეთებს კორონავიურსის პანდემიისას მცირე ბიზნესის ბედზე. სიუჟეტი ექვს საათზე გავა, ეთერს წამყვანი ვაშინგტონიდან, თავისი სახლიდან გაუძღვება. ამ დროს გადაცემის უფროსი პროდიუსერები კი Fox News-ის ოფისში, სხვადასხვა ოთახში იქნებიან“, - უყვება რადიო თავისუფლებას Fox News-ის პოლიტიკური სიახლეების პროდიუსერი ნანა საჯაია.

Fox News-ის 24-საათიანი მაუწყებლობიდან 20 საათი პირდაპირ ეთერს ეთმობა. ბოლო ერთი თვეა, რაც პირდაპირი ეთერის ყველა გადაცემა მხოლოდ კორონავირუსზეა.

ნანას აქამდე ვერც კი წარმოედგინა, რომ ამერიკის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური გადაცემის მომზადება სახლიდან მოუწევდა. მესამე კვირა დაიწყო, რაც იგი დისტანციურად, სახლში მოწყობილი „სტუდიის“ დახმარებით მუშაობს.

ლაივები აივნებიდან, საკუთარ მისაღებ ოთახში ჩაწერილი გადაცემები და ალკოჰოლზე დამზადებული ანტიბაქტერიული საშუალება მიკროფონთან ერთად ხელში - როგორ მოდის ახალი ამბები შენამდე პანდემიის დროს, წაიკითხე და ნახე აქ.

ტყის ხანძარი ჩერნობილში, დალუქული ატომური ელექტროსადგურიდან 30 კილომეტრში. ხანძარი თითქმის ერთი კვირაა მძვინვარებს და მან 3 000 ჰექტარი მოიცვა.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელებისას შინაური ცხოველები საფრთხეს არ წამოადგენენ,
  • ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებსაიტზე კი წერია, რომ ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი ამ დრომდე არ დადასტურებულა.
  • ამისდა მიუხედავად, ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ ბოლო დროს გახშირდა მიუსაფარი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისა და შინაური ცხოველების მიტოვების ფაქტები.
  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG