ქუთაისში დააზიანეს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ერთი კვირის წინ დადგმული ეკოველოსიპედები. მოგლეჯილია რკინის დაფები, რომლებზეც ეკოველოსიპედის გამოყენების ინსტრუქცია იყო განთავსებული. მოთხრილია რკინის საინფორმაციო დაფაც. ორი ეკოველოსიპედი, რომლითაც შესაძლებელია ელექტროენერგიის გამომუშავება და მობილური ტელეფონის, პორტატიული კომპიუტერისა და სხვა მოწყობილობის დამუხტვა, პარკში განთავსდა არასამათავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი –თაობათა დიალოგის“ ინიციატივით, პროექტის „დატვირთე ეკოსივრცე“ ფარგლებში. ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერის გვანცა თოთაძის ინფორმაციით, პარკის ადმინისტრაციის შენობასთან განთავსებული ეკოველოსიპედების დაზიანება დარაჯმა აღმოაჩინა. 8 ჰექტარზე გაშენებული პარკის ერთდროულად გაკონტროლება შეუძლებელია, ამიტომ ეკოველოსიპედები ადმინისტრაციულ შენობასთან დადგეს შედარებით იოლად გაკონტროლების იმედით. გვანცა თოთაძის განცხადებით, ეკოველოსიპედების დაზიანების გამო ქუთაისის პოლიციაში ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
გვანცა თოთაძე არ გამორიცხავს, რომ ეკოველოსიპედების შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად საკონტროლო ვიდეოთვალი დამონტაჟდეს. ეს არ არის ქუთაისში ახალი ინფრასტრუქტურის დაზიანების პირველი შემთხვევა. ბოლო ხანებში ქალაქში დააზიანეს შუქნიშნები, ურნები, მოაჯირები და ტურისტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო აბრები. დადგმიდან მალევე დააზიანეს ქუთაისის ცენტრში, რუსთაველის ხიდის მახლობლად, მზის ენერგიაზე მომუშავე გვირილის ფორმის კონსტრუქცია, რომლითაც შესაძლებელი იყო სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის დამუხტვა. ჩამსხვრეულია ქუთაისის 25 ქუჩაზე და ათ სკვერში განთავსებული უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების ნაწილიც. ახალი წლის დღეებში დააზიანეს ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებისთვის განკუთვნილი ეკრანი, რის გამოც ბავშვებს ანიმაციური ფილმები ერთი კვირის ნაცვლად რამდენიმე დღე უჩვენეს. სადღესასწაულო დღეებში დაამტვრიეს მინიატურული საბავშვო ქალაქიც. რამდენიმე თვის წინ ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე დამონტაჟებიდან მალევე დააზიანეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მანათობელი ფირნიში. როგორც ცენტრის შესყიდვების სპეციალისტი სერგო კუპატაძე აცხადებს, დაზიანებული ფირნიში ახლით შეიცვლება.
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ქალაქში დააზიანეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა ორგანიზაციის ინიციატივით განთავსებული ათეულობით მოწყობილობა. სამართალდამცავების მიერ იდენტიფიცირებულია 12 პირი, რომლებმაც ქალაქის ქონება დააზიანეს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად ჯავახიას განცხადებით, იდენტიფიცირებულ პირთა ნაწილმა ზარალი უკვე აანაზღაურა, ერთი საქმე კი განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ჟურნალისტი მარიამ კუხიანიძე, რომელიც პერიოდულად ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევებს აშუქებს, მიიჩნევს, რომ მსგავს ქმედებებზე რეაგირების ფაქტები საჯარო უნდა გახდეს და პოტენციურმა დამრღვევებმა იცოდნენ, რა სანქციები ემუქრებათ თვითმმართველობის ქონების დაზიანებისთვის.
ქუთაისის ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, მაჩვენებლებისა და სხვა ინფრასტრუქტურის დაზიანება მიუღებელია რადიო თავისუფლების მიერ ქალაქში გამოკითხული რესპონდენტებისთვის.