პანდემია კვლავ გრძელდება. შემოდგომაზე, სავარაუდოდ, ახალი მკაცრი მოთხოვნები იქნება შემოღებული. ევროპის პრესაში ჟურნალისტები სვამენ შეკითხვებს, ამართლებს თუ არა დღეს შექმნილი საგანგებო ვითარება ძალაუფლების ლიდერების ხელში კონცენტრაციას და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას? დემოკრატია ხომ არ გახდება პანდემიის შემდეგი მსხვერპლი?
შვეიცარიაში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის გამოცემა Tages-Anzeiger-ში 13 სექტემბერს იურისტმა ტომას მანჰარტმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მიზანშეწონილი არ არის ინდივიდის უფლებების შეზღუდვა კოლექტიური ჯანდაცვის სახელით: „დემოკრატია რეგულარულად სუსტდება კრიზისულ პერიოდებში, ანუ მაშინ, როცა ბუნდოვანება მეფობს. პარალელების დასანახავად არ გვჭირდება 90 წლით უკან დაბრუნება. მსგავსი სურათი დღესაც გვხვდება, თუკი თვალს შევავლებთ რუსეთს, აშშ-ს, უნგრეთს ან თურქეთს და ახლა, სამწუხაროდ, შვეიცარიასაც - პირდაპირი დემოკრატიის კერას. ბუნდოვანება და შიში ყოველთვის ცუდი მრჩევლები იყვნენ და კიდევ უარესი კანონმდებლები. ... თვალშისაცემია, როგორ უქვემდებარებენ ინდივიდის უფლებებს კოლექტიურ ჯანმრთელობას ამჟამინდელ პოლიტიკურ დისკუსიებში, განსაკუთრებით სახელისუფლო სივრცეებში. ეს სახიფათოა და ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“.
დემოკრატიას შეუძლია კოვიდსაც გაუმკლავდესო, წერს დანიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის Berlingske 15 სექტემბერს: „ვითარება სწრაფად უნდა გადაისინჯოს. დემოკრატიას, რომელსაც კორონავირუსამდელი დროიდან ვიცნობთ, ამჟამინდელ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთანაც მშვენივრად შეუძლია გამკლავება. არაჯანსაღია, როცა უმცირესობის მთავრობა ისეთ ფართო უფლებამოსილებას იღებს, როგორც ჩვენთან ხდება. დადგა დრო, ხალხის ხელისუფლება გაუმკლავდეს პანდემიას და მის შედეგებს, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას მოახდენს დანიის საზოგადოებაზე კიდევ ბევრი წლის განმავლობაში“.
COVID-19-ის კრიზისის პირობებში პოლიტიკოსებმა თავიანთი კომუნიკაცია უფრო ფრთხილი უნდა გახადონო, წერს ავსტრიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Kurier-ი 14 სექტემბერს: „დაინტერესებულ საზოგადოებას ინფორმაცია მთელი ან ნახევარი დღის განმავლობაში არ უნდა მიეწოდებოდეს. ეს მეტისმეტია. ... ზედმეტად კონკრეტული პროგნოზები იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება პანდემია, თავიდან უნდა იქნეს აცილებული. თუკი გადაწყვეტილების მიმღები პირი გამოდის წინასწარმეტყველებით, ‘მალე ყველას ეცოდინება ვინმე, ვინც კორონას ემსხვერპლაო’, მაგრამ ეს წინასწარმეტყველება არ გამართლდება - მადლობა ღმერთს! - ეს პირი სიბრაზეს გამოიწვევს ამომრჩევლებში. ასევე დაემართება პირს, რომელიც ზედმეტად ოპტიმისტური იქნება და განაცხადებს, რომ იანვრისთვის ვაქცინაცია გვექნება. პანდემიაში გასატარებელი პოლიტიკა დანის პირზე სიარულს ჰგავს და ბევრი რამ ბუნდოვანი რჩება. მაგრამ ერთი რამ უცვლელია: ისინი, ვინც მოქალაქეებს აბნევენ ან აუცხოებენ, მხარდაჭერასაც კარგავენ. და ამის უფლებას პოლიტიკოსები თავს ვერ მისცემენ“.
ესტონეთში მოქმედი ლიბერალური ორიენტაციის ინტერნეტგამოცემა ERR Online 15 სექტემბერს იმ ხარვეზებზე წერს, რომლებიც პანდემიამ ესტონეთის დემოკრატიაში გამოავლინა: „ხელისუფლებამ ნამდვილად ჩაიდინა უგუნური ქმედებები, თუმცა ამ ქმედებების გასაჯაროებისთვის მედიამ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ოპოზიციამ. პოლიტიკური ჰორიზონტის ღრმა პოლარიზაცია კარგი არ არის არც სახელმწიფოსთვის და არც ხალხისთვის, ვინაიდან ამ შემოდგომაზე ჩვენ სიღრმისეული დისკუსიები გვჭირდება ეკონომიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ოპოზიციას არ შეუძლია ალტერნატივის შეთავაზება. ვინმემ ოპოზიციისგან მოისმინა კონკრეტული გეგმა, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკა კორონავირუსით შექმნილი კრიზისიდან უნდა გამოვიდეს?“
პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.