საქართველოს აქტიური მხარდამჭერი პოლიტიკოსები ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში, მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, უზრუნველყონ „ქვეყნის მომავლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის“ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება, რაც იმის ყველაზე კარგი დემონსტრირება იქნება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორ გზაზე დგას.
დაღლილობა „აღმოსავლეთის პარტნიორობისგან“
ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას, რომელსაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირთან უნდა დაეახლოებინა, შარშან 10 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ანალიტიკური ცენტრების მიერ შემუშავებული ყველა სცენარი გამორიცხავს აღმოსავლეთის პარტნიორობის რომელიმე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას კიდევ მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
თუმცა არც სტაგნაციაა მოსალოდნელი. ოპტიმისტური პროგნოზით, ზრდას გააგრძელებს ევროკავშირსა და აღმოსავლეთის პარტნიორობას შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, გარკვეულწილად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის განვითარება და ურთიერთდაკავშირებულობა.
ევროპარლამენტში ამბობენ, რომ ევროკავშირის შიგნით საერთოდ შეიმჩნევა დაღლილობა აღმოსავლეთის პარტნიორობისგან და ეს პროექტი დღის წესრიგის ზედა რიგში ხვდება ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის წყალობით, რასაც 9 აგვისტოდან ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიც დაემატა.
„ევროპასა და ევროპარლამენტში მე ვხედავ, რომ ბევრი პოლიტიკოსი, ბევრი ადამიანი დაიღალა აღმოსავლეთ პარტნიორობისაგან, დაიღალნენ უკრაინასა და საქართველოზე საუბრით. მაგრამ ახლა გვაქვს ვითარება ბელარუსში, რაც ნიშნავს, რომ ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ გარკვეული ხნის განმავლობაში კვლავ დიდი იქნება, მაგრამ ვერ ვხედავ ევროპარლამენტში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების შესახებ საუბრის დიდ სურვილს. ამგვარად, ჩემს კიდევ ერთ ამოცანას აქ, მე ვხედავ იმაში, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკურ დღის წესრიგში დიდი ადგილი ეკავოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და რეფორმებს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი სათქმელი თქვა და აირჩია ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციის გზა. და ახლა ჯერი ჩვენზეა, ევროკავშირი სოლიდარული უნდა იყოს და მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ამ არჩევანს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ესტონეთიდან, მარია კალიურანდმა „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით: „ადგას თუ არა სწორ გზას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია?“.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში, ევროპარლამენტში გრძელდება რეგულარული დისკუსია საქართველოზე, და როგორც ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის კომიტეტის თანათავმჯდომარე, მარინა კალიურანდი ამბობს, ევროპარლამენტართა უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას.
„რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ძალიან დაბალანსებულად არის შედგენილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, მე ყურადღებით ვაკვირდები პოლიტიკურ ჯგუფებს და აშკარაა, რომ ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ევროპარლამენტართა უდიდესი უმრავლესობა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. როდესაც ირაკლიმ [ირაკლი ბერაია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე] ახსენა, რომ საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ლიდერი ქვეყანაა, მე ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ. საქართველო არის ლიდერი და ამას ცხადყოფს ევროკავშირში საქართველოს დაწინაურებული პარტნიორის სტატუსი პრინციპით „მეტი - მეტისთვის“, - ამბობს მარია კალიურანდი.
ამასთან, რეფორმირების პროცესში ჯერ კიდევ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები - კანონის უზენაესობის, უმცირესობათა უფლებების და ბუნების დაცვის სფეროებში, რომელთა შესახებ, როგორც კალიურანდმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორები ასევე გულწრფელად და ღიად საუბრობენ ევროპარლამენტის შიგნით.
არჩევნები, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს
„გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ითქვა, რომ ევროპარლამენტში ყურადღებით აკვირდებიან წინასაარჩევნო ფონს საქართველოში და აპირებენ ასევე დამკვირვებელთა გამოგზავნას საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა ირაკლი ბერაიამ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპარლამენტს მიმართ თხოვნით მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „გაფართოებული სადამკვირვებლო ჯგუფის“ გაგზავნის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ევროპარლამენტის მუშაობაც მკაცრ წესებს ექვემდებარება, ეს საკითხი აქტიურად განიხილება და მარია კალიურანდს იმედი აქვს, რომ ევროპელი დამკვირვებლები მოახერხებენ საქართველოში ჩასვლას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც, ესტონელი ევროპარლამენტარის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის მომავლისთვის.
„ცხადია, ერთი წლის წინ ჩვენი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი [არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე]. მაგრამ, მსურს კვლავ გავიმეორო, რომ საქართველოს საპარლამენტო ძალებმა ერთობლივი ძალისხმევით ამ ზაფხულში დაამტკიცეს საკონსტიტუციო ცვლილება საარჩევნო კოდექსში. ახლა საქართველო წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფება. ეს პერიოდი ყველა ქვეყანაში რთულია. ბრიუსელიდან როცა ვაკვირდები, ვხედავ უკიდურეს პოლარიზებას. თუ ჩვენს კონფერენციას დღეს საქართველოდან ვინმე უსმენს, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, (როცა ვამბობ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვგულისხმობ ოპოზიციასაც), რათა ყველაფერი იღონონ, რომ უზრუნველყონ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ჩვენ მიჩვეული ვართ იმის გაგონებას, რომ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დამიჯერეთ, ეს არჩევნები საქართველოს მომავალს განსაზღვრავს მრავალი მომდევნო წლის მანძილზე. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, ღიად და სამართლიანად“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ იგი „არ არის ამაყი“ იმის გამო, რომ ევროკავშირში აღარ საუბრობენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რასაც სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა იმსახურებს.
მაგრამ მარინა კალიურანდმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ იზრდება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსათვის ფინანსური დახმარება და არსებობს მიმართულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში, რაც ინტეგრაციის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.
„თქვენც იცით, რომ ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] არის პოლიტიკური საკითხი, რომლის მიმართაც განსხვავებული შეხედულება აქვს სხვადასხვა ქვეყანას და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ინტეგრირება ყველა სფეროში, სადაც კი ეს შესაძლებელია. თქვენ ახსენეთ უვიზო მიმოსვლა. ამჟამად კი შემდგომ ნაბიჯად მე მივიჩნევ უფრო მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას. არსებობს შესაძლებლობა, რომ უფრო ფართოდ გაიღოს [ევროპის] ერთიანი ბაზარი საქართველოსთვის და უფრო გაღრმავდეს ეკონომიკური თანამშრომლობა“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.
მაისში ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს 183 მილიონ ევროზე მეტს ჯანდაცვის სექტორის, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, საქართველოს ხელსაყრელი პირობებით წვდომა ექნება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 150 მილიონი ევროს სესხზე ქვეყნის გადაუდებელი ფინანსური საჭიროებებისთვის.
ნატოსთან ინტეგრაციისკენ მიმართული ნაბიჯები
ევროკავშირის მსგავსად, დემოკრატიული რეფორმები მნიშვნელოვანია ნატოსთვისაც, სადაც ასევე მომეტებული ყურადღებით აკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესს.
გარდა დემოკრატიული ტრანსფორმაციისა, ნატო ასევე ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების რეფორმებზე, რომელსაც 17 სექტემბერს ჯეიმს აპატურაიმ წარმატებული უწოდა.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გაიხსენა მის მიერ საქართველოში, ალიანსის ფინანსური ხელშეწყობით აგებულ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში ნანახი ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც, კანადელი დიპლომატის თქმით, თავიანთი ცოდნით, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით არაფრით ჩამოუვარდებიან კანადელ ჯარისკაცებს.
„ქართველი სამხედროები ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ მონაწილეობენ ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში, ისინი თავსებადი არიან ნატოსთან. საქართველოს თავის წვლილი შეაქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში ნატოს ფარგლებს გარეთ, ევროკავშირის ოპერაციებშიც, რისთვისაც ორივე, ნატოც და ევროკავშირიც, საქართველოს მადლიერები ვართ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
საქართველოს აქვს ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტები - „არსებითი პაკეტი“ და „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი, რაც მან ალიანსის უელსის სამიტზე მიიღო.
ამას ემატება ნატოს ახალი, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია, რომელსაც ჯეიმს აპატურაი შემდგომი ინტეგრაციის შესაძლებლობად მიიჩნევს.
„ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა და აღჭურვილობა გადაისროლა ყირიმში. იგი ცდილობს ძალის დემონსტრირებას, ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენი ალიანსის იმ წევრებს, რომლებსაც სურთ შავ ზღვაზე მოკავშირეების და პარტნიორების დახმარება. რუსეთი ასევე ცდილობს ძალის დემონსტრირებას შავი ზღვის ფარგლებს გარეთ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთობლივი საქმიანობა. ჩვენ, ნატოს, საქართველოს და ასევე უკრაინას უნდა გვქონდეს გაუმჯობესებული წვდომა ინფორმაციაზე, უფრო მეტი მოქნილობა, რათა დავიცვათ საკუთარი უსაფრთხოება და უზრუნველვყოთ თავისუფალი მიმოსვლა შავ ზღვაზე შეცვლილ სტრატეგიულ ვითარებაში. და ეს არის ჩვენი თანამშრომლობის პროგრამის თვისობრივად ახალი სფერო, რითაც განახლდა საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტი და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე პოლიტიკურ დონეზე ეს საქმიანობა კიდევ უფრო წინ წავა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ვინაიდან საქართველო შავი ზღვით, როგორც საზღვაო საზღვრით, ნატოს სამ წევრ სახელმწიფოს - თურქეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს - უკავშირდება, შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციამ ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში გააჩინა მოლოდინი, რომ პერსპექტივაში იგი საქართველოსათვის გადაიქცეოდა ერთგვარ „უკანა კარად“ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესასვლელად.
ამ მოსაზრებას იზიარებს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო კონტაქტების გააქტიურება კიდევ უფრო მეტად სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ ამჟამად შესაძლოა არ იყოს ხელსაყრელი პერიოდი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის.
„მხოლოდ ბრიუსელში მისია ვერ დაგვეხმარება, თუ დედაქალაქის აქტიურობა მინიმალიზებულია. აქ კი საგარეო ფლანგი თავდაცვის ხაზით სრულად მოშიშვლებულია. ამას ემატება თურქეთის ენთუზიაზმის კლება მისი უპირობო ლიდერობის გარეშე რამე გადაწყვეტილების მიღების კუთხით. ამიტომ ერთგვარი ინერციაა და ახალი იდეები არ ჩანს. არ არის პასუხი არც იმ კითხვაზე, თუ რატომ უნდა ვიყოთ სრულად ინტეგრირებული და არც იმაზე, თუ როგორ უნდა ვიყოთ. ეს კი ჩვენი საქმეა და ნარატივი ჩვენი შესაქმნელია“, - ამბობს თინა ხიდაშელი.
ევროკავშირის მსგავსად, ნატოშიც აცხადებენ, რომ საქართველო უფრო ნაკლებად არის ალიანსის ყურადღების ცენტრში, ვიდრე უკრაინა, რომელზეც დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში ხშირია საუბარი იმის გამო, რომ ქვეყანა სისხლისმღვრელ კონფლიქტშია ჩაფლული რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებთან.
ასეთია ობიექტური რეალობა.
მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტ პროაქტიურობას ურჩევს ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
„ჩემი აზრით, საქართველოს ელჩების საქმიანობა ნატოში უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ყველას თავი მოაბეზრონ - აკაკუნონ და აკაკუნონ ყველა კარზე და ხელი შეუწყონ საქართველოს მხარდაჭერისკენ მიმართულ ჩემს ძალისხმევას, რომელსაც, დიდწილად, სწორედ მათი საქმიანობა განაპირობებს. ქართველი დიპლომატების მუშაობა ამ მხრივ ეფექტურია და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ვიქტორ დოლიძე [საქართველოს ახალი ელჩი ნატოში], წარსულში ყოფილი დიპლომატი, იქნება ამ მხრივ გამონაკლისი“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
ალიანსის შეფასებით, საქართველო წარმატებით განაგრძობს სამხედრო სფეროს რეფორმირებას და ნატოს ყველა წევრი ქვეყანა, ისევე როგორც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროს, კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანებას ალიანსის რიგებში, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ და დასძინა, რომ მომავალი წევრების მიღების თაობაზე ალიანსის შიგნით პოლიტიკური კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს.