ბოლო დიდი დესპოტი, რომელიც თავისი არტისტული მონაცემებით ამაყობდა, რომის იმპერატორი ნერონი იყო - ფსიქოპათი, რომელიც ჰომეროსს დეკლამირებდა, როცა ხანძარი მძვინვარებდა მისი იმპერიის დედაქალაქში.
ნერონზე ნაკლებად თუ მეტად ნიჭიერი და სასტიკი კომედიანტები მის მერეც მრავლად ყოფილან ისტორიაში, მაგრამ რომის იმპერატორის გარდა არავის გაუმხელია, რომ სინამდვილეში არტისტობა იყო მისი მოწოდება და პოლიტიკა მხოლოდ ნიღბად მოერგო.
ადოლფ ჰიტლერს თავდაპირველად ჯამბაზად მიიჩნევდნენ ირონიული გერმანელი ინტელექტუალები და, არსებითად, ასეც იყო, ტყუილად კი არ ედგა პროფესიონალ მსახიობს შეგირდად, რათა პუბლიკაზე ზემოქმედების არტისტული ილეთები ესწავლა. ნიღბების მორგების დიდოსტატი იყო მისი "ზნეობრივი" ტყუპისცალი იოსებ სტალინი, რომელიც თავს ისე გაიუშუალოებდა ხოლმე, გასანადგურებლად გამზადებულ მსხვერპლსაც კი უჩნდებოდა ეჭვი, რომ დასაღუპად ვიღაც სხვებს გაეწირათ და არა მას.
ისტორიამ ბევრჯერ დაგვიმტკიცა - და არა მხოლოდ ტირანების შემთხვევაში, - რომ შესაძლოა პოლიტიკოსს კი ირჩევდე მმართველად, მაგრამ საბოლოოდ მასხარა შეგრჩეს ხელთ, თან, როგორც წესი, ბოროტი, რაც პრაქტიკულად ნორმად იქცა ოცდამეერთე საუკუნისთვის.
ძალიან კი ცდილობ, რაც შეიძლება დიდხანს არ შეიმჩნიო ან არ დაინახო, ავი მასხარა რომ დაისვი თავზე, რადგან არცთუ ადვილია იმის აღიარება, როგორ გაბრიყვდი და მიმზიდველ გმირად მოგეჩვენა ის, ვინც თურმე არამზადა ყოფილა; ხომ გახსოვთ ჰოფმანის პატარა ცახესი, ვინც ობიექტურად სასტიკი და ამაზრზენია, მაგრამ მმართველობის ჯადოთი მონუსხულ მეხოტბეებს კი მაინც ჯიუტად ესიმპათიურებათ?!
რამდენი ასეთი ცახესი გვინახავს თუნდაც ჩვენს უახლოეს ისტორიაში და ახლაც რამდენს ვუყურებთ: ბრაზიან და ბოროტ კლოუნებს, რომლებიც დაგვცინიან, გვატყუებენ და ჩვენით ერთობიან!
შეხედეთ, რას გვანან!
ხომ ნახეთ, როგორი ნიანგის ცრემლები ღვარეს საქართველოს პრეზიდენტთა შორის ყველაზე ისტორიულის 80 წლისთავზე?! ცალკე ჩვენმა აქტუალურმა ცახესმა დადო ხიბულის "მოდერნიზაციის" პირობა - აწ გარემონტებულ ქოხში ვიგლოვოთო, ცალკე სხვა პოლიტ-აფერისტები მოგვევლინენ დისიდენტ-პრეზიდენტის უკომპრომისო თანამებრძოლებად... და ეს ყველაფერი მოახლოებული არჩევნების გამო ზუგდიდში! შემდეგ არჩევნებამდე წყნარად და მშვიდად შეგვეძლება პოლიტიკურად მუდამ სარგებლის მომტანი ისტორიული მიცვალებულის "მიწაში ჩაბრუნება".
თუმცა სამანიპულაციოდ კიდევ ერთი მიცვალებული ჰყავთ "გადანახული" - ასევე ტრაგიკულად დაღუპული პრემიერ-მინისტრი, რომელსაც, სავარაუდოდ (და უკვე ტრადიციულად), საპარლამენტო არჩევნებისთვის გაიხსენებენ - გამოძიება კვლავაც გრძელდებაო. აგერ ნახავთ, თუ არა!
მაგრამ ახლა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შესაძლოა გლობალურ პოლიტიკურ თეატრში შეიცვალოს ზოგადი ტენდენცია, რადგან ის, რაც უკრაინაში ხდება, უდავოდ ახლებური ეტაპის დასაწყისია, რადგან პოლიტიკური პროცესი ბევრად უფრო გულწრფელი, უფრო სწორად, ჟანრული ხდება, ვიდრე აქამდე იყო:
უწინ პასიურ ან აქტიურ შოკში გაგდებდა იმის აღმოჩენა, რომ მმართველის ნაცვლად ყველას და ყველაფრის გამმეტებელი მასხარა გყოლია, ახლა კი თავიდანვე მასხარას ირჩევენ პრეზიდენტად, რაკი ამ მხრივ მაინც აიცილონ მომავალი იმედგაცრუება. ეს ხომ ნამდვილად არ გაკლოუნდება, რახან თავიდანვე არ დაუმალავს, ვინც და რაც იყო. მისი პოლიტიკური ბიოგრაფია მხოლოდ და მხოლოდ სერიალში ნათამაშები პრეზიდენტის როლია - ფიქცია, რომელიც რეალობად იქცა პოლიტიკური ფიქციების დროს. განა თავიდანვე ფიქცია არ იყო ვინმე პუტინი, უბიოგრაფიო კაცი არსაიდან, რომელიც რუსეთის ფედერალურმა ტელეარხებმა აქციეს ჩეკისტ იმპერატორად, ან პოლიტიკური პოსტმოდერნიზმის კიტჩური ნიმუში - პრეზიდენტი ტრამპი?!
ეს მოქალაქეთა ამბოხებაა პოლიტიკაში მოსული შეფარული ჯამბაზების მიმართ: თავს აღარ მოგატყუებინებთ, პირდაპირ კომედიანტს შევირჩევთ მმართველად - ახალი დროის "ცრუ-დიმიტრის", რომელიც ბევრად უფრო ნამდვილია, ვიდრე რომელიმე ლეგიტიმური უნიჭო-ნიჭიერ-პრეზიდენტ-პრემიერ-მინისტრ-ოლიგარქ-მოღვაწე, ვისაც ყველაფერი ყალბი აქვს - ცრემლით დაწყებული და ვითომდა იდეალიზმით თუ "ერის სიყვარულის" ვნებით დამთავრებული...
ვიღას სჯერა თქვენი, ცრუპენტელებო?!
კლოუნის არჩევა ზოგადად აბსურდად აქცევს ერთი ადამიანის, ერთი მმართველის მიმართ ნდობის ჩვევას, რადგან რამდენჯერაც ვენდეთ, იმდენჯერვე მოვტყუვდით, პროფესიონალ ჯამბაზს კი იმის გამო სულაც არ ირჩევ, რომ ენდო, არამედ ილუზიისგან თავდასაცავად...
ოცდამეერთე საუკუნეში საერთოდაც იდიოტიზმია ერთ კაცზე თუ ქალზე საბედისწერო ჩაციკლვა, რადგან პოლიტიკური მესიები დიდი ხანია, რაც დაიხოცნენ და მგონი, დროა შევეგუოთ, რომ "ცოცხალთა შორის მკვდრების ძებნას" აზრი აღარ აქვს.
ერთმმართველი მოკვდა.