Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკრედიტაციის სისტემური იარაღი


ეკა ბესელიას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ჩანაწერების შესაძლო გავრცელების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ეკა ბესელია ამბობს, რომ ჩანაწერის გავრცელება უკავშირდება მის ბოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

ეკა ბესელიამ 2018 წლის 26 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა, რათა არ განეხილათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურები.

„მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში. ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვგადგმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც მაგის ნაწილი მგონია,“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ ფეისბუკით გავრცელებულ წერილში. პირველ განცხადებაში კი განმარტა, რომ გავრცელებული ჩანაწერი დამზადდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს და მეორეჯერ გავრცელდა ახალი ხელისუფლების პერიოდში.

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

ჩანაწერების პირველად გავრცელების შემდეგ პროკურატურამ დამნაშავედ ცნო 8 ადამიანი და საქმე სააპელაციო სასამართლომდე მივიდა. მაშინ ეკა ბესელიამ საქმის სასამართლოში გაგზავნა არასწორად ჩათვალა, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს მასალის გავრცელების დამატებით საფრთხეს ქმნიდა.

თუ ვის ხელში შეიძლება ყოფილიყო მასალა ეკა ბესელია ნაწილობრივ თავადაც პასუხობს: „ ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და სცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში...აღარ გავაგრძელებ,“- წერს პოლიტიკოსი ფეისბუქზე.

ვის ხელში იყო მასალა?

„ფარული მასალა, რომელიც საქმეს დაერთვის მტკიცებულებად რასაკვირველია, გამოძიების ორგანოსაც აქვს, შემდეგ უკვე სასამართლოშიც არის და ეს მტკიცებულება ინახება სასამართლოში. უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები თქვენ იცით რომ განადგურდა, თუმცა არ განადგურდა ის ჩანაწერები, რომლებზეც საქმე იყო აღძრული და რომლებიც მტკიცებულებად დაერთვოდა საქმეს. ძნელია ახლა ვილაპარაკოთ კონკრეტულად რომელი სტრუქტურის ხელში იყო ეს ფარული ჩანაწერები, თუმცა ვიმეორებ, თუკი ის მტკიცებულებად იყო საქმეზე დართული, იგი, რა თქმა უნდა, იქნებოდა ასევე სასამართლოს ხელში.“- გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.

ლიკა საჯაია
ლიკა საჯაია

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები, ჩანაწერების განადგურების საკითხზე შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, მედიის თანდასწრებით, 2013 წლის სექტემბერში განადგურდა. განადგურებული მასალა ოფიციალური ცნობით, 181 საათის ხანგრძლივობის იყო. ლიკა საჯაია განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აძლევს უფლებას დაუსაბუთებლად, სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაწეროს ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი სცენები. „ამას პრაქტიკაში ის რამდენად იყენებს, ჩვენ ვერ გავიგებთ, თუმცა კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა რისკების შემცირების გარანტია იქნება და უფრო მეტად დაცულები ვიქნებით იმისგან, რომ კონკრეტული სტრუქტურები თავიანთ უფლებამოსილებას ჩვენს წინააღმდეგ ბოროტად არ გამოიყენებენ.“-ამბობს ლიკა საჯაია.

რატომ არ იჩენს ხელისუფლება შანტაჟის ამ ხერხის აღკვეთის პოლიტიკურ ნებას?

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება როგორც უკანონო ჩანაწერის დამზადება, ისევე მისი გავრცელება. თუმცა ფარული ჩანაწერების გავრცელების არც ერთი გახმაურებული შემთხვევა არ გამოძიებულა და არც დამნაშავეები დასჯილან. სამოქალაქო მოძრაობა „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლება არ ცდილობს ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის სისტემურ შეცვლას. დაპირების მიუხედავად, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს კვლავ აქვს შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან.

ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე დამნაშავე პირების დაუსჯელობა და უცვლელი საკანონმდებლო ბაზა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი სურვილი, ქვეყანაში მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ავრცელებს. „არ მეგონა თუ 2019 წელს კიდევ მოგვიხდებოდა ამ თემაზე მსჯელობა. მე მეგონა რომ ჩვენ, საზოგადოება შევთანხმდით, რომ ეს ფარული ჩანაწერები არის სიბინძურე, მისი გამოყენება, გავრცელება და ტირაჟირება არის დანაშაული, რომლის გამოც უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც რაიმე ფორმით მონაწილეობდა“-გვითხრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

შანტაჟის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ქალები არიან

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შესაძლო გავრცელებას ფეისბუკზე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი. საქმის გამოძიება მისი განცხადების ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო, თუმცა თინა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ 3 წლის წინ გავრცელებული ვიდეო, რომელიც მის სახელთან დააკავშირეს, მართალია სხვის ინტიმურ ცხოვრებას აღწერდა, ნებისმიერ შემთხვევაშ მანიპულაციის და დისკრედიტაციის მაგალითი იყო.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

იმ დილის 7 საათზე დავურეკე ვახო გომელაურს [სუს-ის უფროსი] და ვითხოვდი რომ დაეტოვებინათ, სწორედ იმიტომ რომ ჭორაობის საფუძველი არ ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე წუთში გააქრეს. ვიცი, რომ ის ვიდეო ვიღაცეებს გადმოწერილი აქვთ და, თუ საჭირო გახდება, იქნებ გამოაჩინონ კიდეც.“ - წერს თინა ხიდაშელმა.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების სამიზნეები ძირითადად ქალები არიან. „საქართველოში სექსი ქალთა პოლიტიკიდან განდევნის იარაღია“ - მიიჩნევს ქალთა მოძრაობა.

სახალხო დამცველი კი ამბობს რომ შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით სისტემური პრობლემაა და დანაშაული ქვეყანაში გენდერულადაა მოტივირებული, რადგან ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენაა მიმართული. ნინო ლომჯარია ითხოვს, ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიებისას ხაზი გაესვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეთ ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს და მომავალში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს.

XS
SM
MD
LG