Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ცქიტიშვილი არ გამორიცხავს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრების მიერ ფრაქციის შექმნას


ქართული ოცნების ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდების შემდეგ უმრავლესობიდან წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნან. ცქიტიშვილი - რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ემხრობოდა - რადიო თავისუფლებასთან გუნდის შიგნით მიმდინარე განხილვებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ამიერიდან ხმამაღლა გააკრიტიკებს ხელისუფლებას.

- ოპოზიცია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაინახა რომ ქართული ოცნების რეიტინგი დაბალია და არჩევნების მოსაგებად დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება დაავალა. მათ არ სჯერათ ე.წ. მაჟორიტარების ჯანყის. როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი შიგნიდან?

რაც მაშინ გუნდში განიხილებოდა, ახლა რადგან გუნდში აღარ ვარ, შეიძლება მოვყვე? ასეთი მოლოდინი გაქვთ?

არ შეიძლება მმართველი პარტია ცვლიდეს თავის გადაწყვეტილებას. ამაზე დგას ქვეყნის განვითარება.
დიმიტრი ცქიტიშვილი

საუბრები, რომლებიც მაშინდელ ჩემს თანაგუნდელებთან მქონდა, ამის გამოტანას გარეთ არ ვაპირებ. განქორწინების მერე ოჯახის შიდა საქმეებზე საუბარი გარეთ არ მგონია, სწორი იყოს.

პროტესტი მქონდა მე შედეგზე და ის გადაწყვეტილება, რომელიც ვერ მივიღეთ, რომ პროპორციულზე გადავსულიყავით აღმოჩნდა წითელი ხაზი და ჩავთვალე, რომ ჩვენი გზები გაიყო.

- ეს იყო ქართული ოცნების ბოლო შეცდომა, თუ ყველაზე დიდი შეცდომა?

შეცდომა ძალიან ბევრი აქვს ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას. შეიძლება, რაღაც საკითხებში განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა, მაგრამ ეს ის საკითხი იყო, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა. ისეთი მაღალი მოლოდინები შევქმენით საზოგადოებაში, რომ აქედან უკან დახევის უფლება არ გვქონდა.

ვერ გავიდა თუ არ გავიდა, დაგეგმილი იყო თუ დაუგეგმავი, არ შეიძლება მმართველი პარტია ცვლიდეს თავის გადაწყვეტილებას. ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ბიზნეს გარემო, სტაბილურობისა და მდგრადობის შეგრძნება. ვფიქრობ, რეპუტაციული ზიანი მიიღო ქართულმა ოცნებამ, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება.

- რას აპირებთ? შეიძლება თუ არა ქართული ოცნებიდან წამოსულები ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ვიხილოთ?

მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მიმოწერა გვაქვს. ყველა ერთად არ შევკრებილვართ, ასეთი ფორმა არ გვქონია. გარკვეული კომუნიკაცია ერთმანეთთან გვაქვს. ეს მივა თუ არა პარტიის შექმნამდე თუ რაიმე სხვა ორგანიზაციის შექმნამდე, დღეს არ მაქვს ამაზე პასუხი.

არ გამოვრიცხავ, ფრაქციაც შეიქმნას - მგონი, არის საკმარისი რაოდენობა თანამოაზრეებისა - ეს არ არის მთავარი. მიმაჩნია, რომ ჯანსაღი პოზიციები ამ და სხვა საკითხებში იქნება ხმამაღლა გახმოვანებული. აქამდე გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე თავშეკავებული ვიყავი და ვცდილობდი ჩვენი კრიტიკა ყოველთვის ყოფილიყო გუნდის შიგნით. ზოგიერთ შემთხვევაში გუნდის გარეთაც გამოდიოდა. ახლა უფრო თავისუფლად გამოვხატავთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციებს.

- ოღონდ წარსულს არ შეეხებით, ასე გამოდის.

წარსულს რომ შევეხო არ იქნება სწორი. ყველა წარსულ გადაწყვეტილებაზე - არ აქვს მნიშვნელობა ვეთანხმებოდი თუ არა - პასუხისმგებელი ვარ. ეს არის ჩემი პოლიტიკური სახე. მე დღეს არ ვიწყებ პოლიტიკას. ბოლო სამი წელი ჩემთან ერთად მოდის და ვისაც უნდა, შეაფასოს ჩემი საქმიანობა, იმ საქმეებთან ერთად შეაფასოს - შეცდომებთანაც და წარმატებებთანაც.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG