აფხაზი მწერლისა და მთარგმნელის შესახებ რადიო თავისუფლება აფხაზოლოგს, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორს თეიმურაზ გვანცელაძეს ესაუბრა.
- დიმიტრი გულია არის ადამიანი, რომელთანაც აფხაზები საკუთარ იდენტობას აიგივებენ, რატომ, რა ჰქონდა მას უნიკალური?
- დიმიტრი გულია აფხაზი ხალხის სიმბოლოც კი არის. მათი წარმოდგენით, ეს არის კაცი, რომელმაც იმდენი და ისეთი საქმეები აკეთა, რომელსაც ერთი ადამიანი ვერ აუვიდოდა. მართლაც ასე იყო.
მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა, მის გარეშე ერთ მნიშვნელოვან საქმესაც კი არ ჩაუვლია, მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში აფხაზეთში შეიქმნა აფხაზთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (ქართულის ანალოგიურად). დიმიტრი გულია ამ საზოგადოების აქტიური წევრი იყო.
მონაწილეობდა აფხაზურად აფხაზური ფოლკლორული მასალების შეგროვებაში, რომელსაც მერე სანკტ-პეტერბურგში ნიკო მარს უგზავნიდნენ. დააარსა აფხაზური გაზეთი „აფსნი“, სადაც რედაქტორიც თავად იყო, ჟურნალისტიც, კორექტორიც და ნომრების გამოსაშვებ ფულსაც თავად შოულობდა. ეს გაზეთი თბილისის სტამბაში იბეჭდებოდა.
მთავარი საქმე მაინც მწერლობა იყო. გული სწყდებოდა, რომ მთელი თავისი დრო ვერ მიუძღვნა.
- მწერლობაშიც დიმიტრი გულია პროზასაც წერს, პოეზიასაც, რუსულადაც, აფხაზურადაც...
- კი, ლექსებს წერს, პროზას, პიესებს, პუბლიცისტურ წერილებს. აფხაზებისთვის დიმიტრი გულია ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. მას უფრთხილდებიან, თუმცა, მიაწერენ იმასაც, რაც არ ყოფილა. დიმიტრი გულია არ ყოფილა ნაციონალისტი ცუდი გაგებით. არასდროს დაუწერია, ქართველები აფხაზების მტრები არიანო. არც კი მიუნიშნებია ამაზე. მისთვის ქართველებთან დამოკიდებულება სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი იყო. უამრავი რამ გააკეთა, რომ აფხაზებისთვის ქართული ლიტერატურა გაეცნო.
- თარგმნა რუსთაველი, წერეთელი, ჭავჭავაძე… ხომ ასეა?
- ჯერ მარტო „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა რად ღირს, თან პოეტური თარგმანია. სამი წელი მთელი მონდომებით თარგმნიდა, ყველა სხვა საქმე გადადო. მისი თარგმნილი „გამზრდელიც“ უნიკალური ნაშრომია. ეს პოემა დიდხანს იყო აფხაზური სკოლის პროგრამაში. საზოგადოებამაც ძალიან აიტაცა. აფხაზები რომ გაიგებდნენ, ქართველი ვიყავი, ციტატები მოჰყავდათ ხოლმე.
ის ფაქტი, რომ 1924 წელს, ივანე ჯავახიშვილმა ის უნივერსიტეტში აფხაზური ენის სასწავლებლად მოიწვია, ძალიან ბევრს ნიშნავს. მას შემდეგ უნივერსიტეტში აფხაზური ენა უწყვეტად ისწავლება.
- აფხაზი მწერლების ნაწარმოებებში ნაკლებად ჩანს დანარჩენი საქართველო, დიმიტრი გულიასთანაც ასეა?
- ნაწილობრივ ასეა. თავის პირველ რომანში „კამაჭიჭი“ ჰყავს ქართველი პერსონაჟი, მასწავლებელი. სხვა ნაწარმოებებში ბევრი არაა. თუმცა, მისი დამოკიდებულება ჩანს ქართველ მეცნიერებთან მიმოწერაში: აკაკი შანიძესთან, ივანე ჯავახიშვილთან, ვარლამ თოფურიასთან, სიმონ ჯანაშიასთან... მისი თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ სიმონ ჯანაშიამ გაარედაქტირა. ის აფხაზურ სოფელში იზრდებოდა და მისთვის აფხაზური დედაენა იყო.
- თუ სწორად ვამბობ, სიმონ ჯანაშიას მამამ ნიკო ჯანაშიამ დიმიტრი გულიას მოვლაც კი ითავა, როცა ის ტიფით იყო ავად.
- დიმიტრი გულია გორში, ამიერკავკასიის საოსტატო სემინარიაში სწავლობდა. იქვე სწავლობდა მისი ნაცნობი და თანასოფლელი ნიკო ჯანაშია. მალე დიმიტრის ტიფი დაემართა და სასწავლებლის იზოლატორში მოათავსეს. ნიკომ ითხოვა, ნება მომეცით, მოვუაროო. შეიძლებოდა გადადებოდა და დაღუპულიყო კიდეც. საბედნიეროდ, ორივე გადარჩა.
მისი ეს თავდადება დიმიტრი გულიას სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა. განსაკუთრებით უყვარდა ნიკოს შვილი სიმონი, მოფერებით სიმონიკას ეძახდა ხოლმე.
- საბჭოთა რეჟიმთან რა დამოკიდებულება ჰქონდა? სტალინზეც აქვს ლექსები დაწერილი.
- არა მხოლოდ ლექსები, პოემაც აქვს სტალინზე, ასევე პარტიაზე ლექსები.
- ეს გულწრფელი დამოკიდებულება იყო თუ რეჟიმისთვის გადახდილი ხარკი?
- ხარკი, რა თქმა უნდა. არა მგონია, დიმიტრი გულია თავგადაკლული კომუნისტი ყოფილიყო.
სულ ახლახან ინტერნეტში დიმიტრი გულიას ორი წერილი ვნახე, რომლებიც 1956 წელს ვოროშილოვის სახელზე გაიგზავნა. ვოროშილოვი მაშინ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე იყო.
წერილებში გამოთქმულია პრეტენზიები, აფხაზებს სკოლები დაუხურეს, ქალაქების სახელები გადაუკეთესო... ეს ტყუილია. აფხაზური სკოლა არ დახურულა. რაც არ არსებობდა, როგორ დაიხურებოდა?!
მაშინ აფხაზური სკოლები კი არ დაიხურა, რუსული ენა ქართულმა ჩაანაცვლა (აფხაზური რა საგნებშიც იყო, ისევ დარჩა). ეს საქართველოს ინიციატივით არ მომხდარა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით გატარდა ასეთი რეფორმა, მაგალითად, აზერბაიჯანშიც უმცირესობებთან მიმართებით იგივე გააკეთეს - იქ აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა რუსული. სტალინის სიკვდილის შემდეგ, კანონი ისევ შეიცვალა და ისევ რუსული დააბრუნეს ყველგან.
ვოროშილოვისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში წერია, რომ თურმე ლავრენტი ბერიამ რუსულ ენაზე წერის წესში „სოხუმისა“ და „ტყვარჩელის“ სახელწოდებების ქართული ვარიანტი დააკანონა - „ი“ დაბოლოებიანი, მანამდე „სუხუმ“ და „ტყვარჩალ“ იწერებოდაო. მაგრამ ეს ორივე სახელი ქართულია, „სოხუმი“ მოდის „ცხუმუდან“, „ტყვარჩელი/ტყვარჩელია“ კი მეგრულად ფურისულას ნიშნავს.
- სხვათა შორის, საქართველოში რამდენიმე სახეობის ფურისულა იზრდება, მათგან ნაწილი აფხაზეთში.
- ეს ყველაფერი მოხდა ჯერ კიდევ 1936 წელს და აქ ბერია არაფერ შუაში იყო. მოსკოვმა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას მიმართა, რომ მათ თავიანთ ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული სახელწოდებების რუსული მართლწერის ფორმები წარმოედგინათ. თბილისში ამ პროცესს სიმონ ჯანაშია ხელმძღვანელობდა.
კომისია შეიქმნა და ეს ფორმები განსაზღვრეს. მანამდე „თბილისიც“ არ იწერებოდა სათანადოდ, რუსულად „ტიფლისს“ წერდნენ; „ბათუმის“ ნაცვლად „ბათუმ“ იყო. ეს ყველაფერი გასწორდა, მათ შორის გასწორდა სოხუმის ქართული სახელწოდებაც. სოხუმის აფხაზური სახელწოდებისთვის - „აყვა“ (აფხაზურად: დამყაყებული წყალი, ჭაობი) - ხელი არავის უხლია.
- დიმიტრი გულიას ეს ხომ ეცოდინებოდა?
- ისიც მეეჭვება, რომ მართლაც მისი დაწერილია ეს წერილები. ამ დროს 82 წლის მოხუცი იყო. მას 1937 წელი ჰქონდა გამოვლილი, შესაძლოა სულაც შიშის გამო მოაწერა ხელი ამ წერილებს.