სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ამირან დიაკონოვი საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის საიტი ავრცელებს. დიაკონოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციული ქმედებები მიმართულია იქით, რომ ოსებს მიმოსვლა შეეზღუდოთ აღმოსავლეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს მიერ არის ოკუპირებული.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც თრუსოს ხეობაში სასაფლაოდან ამოღებული ხელყუმბარისა და ოსური დროშის შესახებ:
„ოსები ამ ხეობაში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ეს პროვოკაცია კი სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას, რომ ოსურ მოსახლეობას შეუზღუდოს გადაადგილება მშობლიურ ადგილებში. საქართველოს მთელი პოლიტიკა ასეთ პროვოკაციებზეა აწყობილი“.
დიაკონოვის აზრით, სოფელ კობში მოწყობილი პროვოკაცია შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების მე-10 წლისთავს. მან აღნიშნა, რომ საქრთველოს ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის შეგნებაში სამხრეთ ოსეთის სახით მტრის ხატის შექმნას ცდილობს.
რამდენიმე დღის წინ ანტისაოკუპაციო მაძრაობამ „ძალა ერთობაშია“, თავის მხრივ, საოკუპაციო რეჟიმი და დე ფაქტო ხელისუფლება დაადანაშაულა პროვოკაციის მოწყობაში. სწორედ ამ მოძრაობამ გაავრცელა ფოტოები სოფელ კობის სასაფლაოდან, სადაც სამართალდამცავებმა არასაბრძოლო მდგომარეობაში არსებული ხელყუმბარა იპოვეს და გამოძიება დაიწყეს.
მოძრაობის ლიდერების თქმით, იქვე აღმართულ ძელზე დე ფაქტო რესპუბლიკის დროშაც ფრიალებდა. სამართალდამცავებმა დროშის არსებობა ვერ დაადასტურეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობამ სოციალური ქსელებით საზოგადოება თრუსოს ხეობაში მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ გააფრთხილა და მოძრაობის წევრებმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ხეობაში პატრულირება დაიწყეს. რამდენიმე თვის წინ ოსურ მედიაში გაჩნდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ტერიტორიული პრეტენზიები თრუსოს ხეობისა და არაგვის ხეობაში არსებული რიგი სოფლების მიმართ. პირველად გაისმა ტერმინი „აღმოსავლეთ ოსეთი“, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში კი შეიქმნა ეგრეთ წოდებული სადემარკაციო კომისია, რომელიც ეგრეთ წოდებული საზღვრების დადგენაზე მუშაობს. ამ კომისიამ პრეტენზიები უკვე გამოთქვა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის მიმართულებითაც. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ თრუსოს ხეობაში სერიოზული პროვოკაცია მზადდება.
დროშის პოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ. სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მოქალაქის მიერ მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე სოფელ კობში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა იპოვეს ხელყუმბარა, რომელიც არ იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ხელყუმბარა დაილუქა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 18-108 და 236-ე მუხლებით, რაც მკვლელობის მომზადებას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.