Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატების ახალი რეგლამენტი: ვინ დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში?


პარლამენტში ოპოზიციის უფლებები მნიშვნელოვნად სუსტდება უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად - ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და არასამთავრობო სექტორის შეფასება. ლაპარაკია კანონპროექტზე „საქართველოს პარლამეტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ცალკეული დეპუტატებისა და დეპუტატთა ჯგუფების უფლებებს განსაზღვრავს. შეზღუდვების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია 2020 წლის არჩევნების ჭრილში. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს.

  • თუკი თქვენ მიერ არჩეული პარტია 7-ზე ნაკლები წარმომადგენლით, ვთქვათ, 4 ან 5 დეპუტატით შევა პარლამენტში, ის ფრაქციას ვერც თავად ჩამოაყალიბებს და ამ მიზნით ვერც სხვა პარტიის წევრებთან გაერთიანდება.
  • ასევე, თუკი თქვენ მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალა ბლოკის სახით შევა პარლამენტში - ფრაქციას ვერც ბლოკის წარმომადგენელი სხვადასხვა პარტიის დეპუტატები შექმნიან.
  • ასევე, ფრაქციის გარეთ რჩება თქვენ მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი, თუკი მისი პარტია ჯამში 7 დეპუტატს ვერ აგროვებს ანდა თუკი ის კანდიდატად არა რომელიმე პარტიის, არამედ საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო დასახელებული.
  • მინიმუმ 76-წევრიანი უმრავლესობის სიაში ვერ შევა რომელიმე ფრაქციის წარმომადგენელთა ნაწილი.

რატომ არის ფრაქციის შექმნა ასეთი მნიშვნელოვანი?

პარლამენტის ახალი რეგლამენტით, მთავარი პოლიტიკური სუბიექტები სწორედ ფრაქციები ხდებიან. დეპუტატთა ძალების გაერთიანების შესაძლებლობის გარდა, ფრაქცია იძლევა მთელ რიგ უფლებებსა და, შესაბამისად - ამომრჩეველთა ნების უკეთესად გამოხატვის საშუალებასაც.

სწორედ ფრაქციის შექმნის გაძნელება წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავარეს პრობლემას კანონპროექტის ხარვეზების ვრცელ ჩამონათვალში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია გვეუბნება, რომ ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს შექმნის 2020 წლის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში.

„2020 წლის არჩევნებზე პარტიებს 1%-იანი ბარიერის გადალახვა მოეთხოვებათ. ამ პირობებში, მომავალ პარლამენტში შეიძლება მოხვდეს ძალიან ბევრი ისეთი პარტია, რომელიც ვერ გაიყვანს 7 დეპუტატს.

7 დეპუტატი რომ შეიყვანოს, პარტიამ 5%-იანი ბარიერი მაინც უნდა გადალახოს, რასაც ბევრი ვერ მოახერხებს. შესაბამისად - ისინი ვერ შექმნიან ფრაქციას. ხოლო ფრაქცია ძალიან ბევრი ისეთი უფლებით სარგებლობს, რაც დამოუკიდებელ დეპუტატებს არა აქვთ“ - აცხადებს საჯაია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით:

  • რეგლამენტი არ უნდა გასცდეს მოქმედი კონსტიტუციის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც - ერთი პარტიის წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნის უფლებას აქვთ;
  • კონსტიტუციაში არ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს ერთ ფრაქციად გაერთიანების უფლება არა აქვთ;
  • კონსტიტუცია არც იმას მოითხოვს, რომ ფრაქციის შექმნის უფლება არ ჰქონდეთ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ წევრებს.

მნიშვნელოვანი ხარვეზების ჩამონათვალში, რომელიც ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია გამოყოფილი, ვხვდებით ასევე მაგალითად შემდეგ შეზღუდვებს: დებატების ფარგლებში უფრაქციო დამოუკიდებელ დეპუტატებს საუბრის 5 წუთი 3 წუთამდე უმცირდებათ; უპირატეს მდგომარეობაში არიან მსხვილი ფრაქციები - ამა თუ იმ ფრაქციისთვის განკუთვნილი სასაუბრო დრო წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზვრება (მინიმუმ - 10, ხოლო მაქსიმუმ 75 წუთი); დამოუკიდებელ დეპუტატებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება მინიმუმ 30 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში ექნებათ, ფრაქციას კი - ამისათვის 7 წევრიც ეყოფა; დამოუკიდებელი დეპუტატები ვეღარ წარადგენენ ნდობის ჯგუფის წევრებს; დამოუკიდებელ დეპუტატებს ფრაქციების სასარგებლოდ ეზღუდებათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების წარდგენის უფლება; ოპოზიციის კვოტით საპროკურორო საბჭოში წარდგენილ წევრ(ებს)ს უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდებათ და სხვა.

კანონპროექტის ავტორები არიან უმრავლესობის წარმომადგენლები: გიორგი კობახიძე, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე და გურამ მაჭარაშვილი.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად:

  • 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმა მოითხოვს შესაბამის ცვლილებებს, რათა X მოწვევის პარლამენტს უკვე ჰქონდეს კონსტიტუციასთან სრულად თავსებადი რეგლამენტი.
  • ხოლო იმ ინიცირებულ ცვლილებებს, რომლებიც არ გამომდინარეობს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციიდან, უმრავლესობა საპარლამენტო პრაქტიკით ნაკარნახევად თვლის.

კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, გიორგი კახიანი გვეუბნება, რომ ოპოზიციას არანაირი უფლება არ უმცირდება და რომ ფრაქციების შექმნის შეზღუდვა იმ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრაზეა გათვლილი, „როდესაც ფრაქციები იქმნებოდა არა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, არამედ პროცედურული თუ ფინანსური პრივილეგიების მიღების სურვილის გამო“.

კახიანის თქმით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტი 5%-იანი ბარიერით დაკომპლექტდება, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, რადგან ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიას არც 7-წევრიანი ფრაქციის შექმნა გაუჭირდება.

მაგრამ ჯერ ხომ 2020 წლის არჩევნები გვაქვს წინ?! მომავალ პარლამენტში ეს პრობლემებს არ შექმნის? - ვეკითხებით უმრვლესობის წარმომადგენელს.

გიორგი კახიანი გვპასუხობს, რომ - „ეს კითხვა დგას ღიად“ და კანონპროექტის ჩასწორების შესაძლებლობა ორი მიმართულებით განიხილება. პირველს ის მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს, მეორეს კი - უფრო არა.

  • „ერთი საკითხი ასეთია - მაგალითად, საარჩევნო ბლოკში 5 პარტიაა გაერთიანებული და აქედან ერთმა პარტიამ მიიღო 7 ან მეტი მანდატი, ხოლო დანარჩენებმა 7-ზე ნაკლები... ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ ერთ პარტიას მიეცეს ცალკე ფრაქციების შექმნის საშუალება, მაგრამ ბლოკის სხვა წარმომადგენლებს, ვფიქრობ, რომ მათთან გაერთიანების საშუალება არ უნდა მიეცეთ“;
  • „მეორე საკითხია არჩევნებზე ცალკე გასული პარტია, რომელმაც ვერ მიიღო 7 მანდატი... ზოგადად მე ვიზიარებ კონსტიტუციის სულისკვეთებას, რომ ერთი პარტია უნდა ქმნიდეს ფრაქციას და ეს ამ სულისკვეთების ნაწილია... მაგრამ გარდამავალ ეტაპზე... ვნახოთ, ეს იქნება მსჯელობის საგანი. მე არ მაქვს ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია“.

დიდი ლოდინი აღარ არის საჭირო. უმრავლესობის პოზიცია გამოიკვეთება უკვე ხვალ, 9 ივნისს - როცა კანონპროექტი პირველი მოსმენით გავა პარლემენტის პლენარულ სხდომაზე და, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაშივე დამტკიცდება კიდეც სამივე მოსმენით.

კოლეგებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია. ის აშკარად ხედავს, რომ ამ ცვლილებებით პარლამენტში ოპოზიციის როლი სუსტდება“. დეპუტატი ამბობს, რომ ეს ცვლილებები „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე ორიენტირებული სვლაა, თუმცა გამარჯვება არავის აქვს გარანტირებული.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი, ირაკლი აბესაძე გვეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ წინდაუხედავად იქცევა, რადგან ოპოზიციის უფლებების შესუსტებით საკუთარ უფლებებს ასუსტებს -​ „გაცილებით უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ მომავალი პარლამენტის ოპოზიციაში თავად მოხვდნენ, ვიდრე დღევანდელი ოპოზიცია და გამოდის, რომ საკუთარ თავს უმზადებენ ამ ყველაფერს“.

„ევროპული საქართველო“ კვლავაც ბოიკოტის რეჟიმშია და, შესაბამისად, არ მიიღებს მონაწილეობას კანონპროექტის განხილვის პროცესში, თუმცა, ირაკლი აბესაძის თქმით, „თუკი ეს ცვლილებები დამტკიცდება, ძალიან მალევე შეიცვლება ეს მომავალი პარლამენტის უმრავლესობის (დღევანდელი ოპოზიციის) მიერ“, რადგან ოპოზიციის როლის სისუსტე პარლამენტის სისუსტეა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG