55 წლის რუსთაველი დავით ლომიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ დედ-მამისგან ცალკე მცხოვრები შვილის ბიზნესი გააჩერა, ცოლ-ქმარს პენსიით თავი ვეღარ გააქვს:
„პენსია 120 მანეთი მაქვს, როგორ ვიკმარო? არ მესმის. თან, ნაქირავებში ვცხოვრობ. არ ვიცი, ბინის ქირა როგორ გადავიხადო. აქამდე კიდევ ვიხდიდი, [შვილი] მუშაობდა რაღაცაზე. სახლის პატრონი მეუბნება, ბინა დამიცალეო. რომ გავიდე, სად წავიდე, ვინ შემიშვებს [ბინაში], თუ ხელზე თანხმა არ მექნა?... მანამდეთავზე არ გადაგვდიოდა, მშივრები არ ვიყავით, მაგრამ ახლა, ხომ გეუბნებით, ისეთი ამბავია, პურის ფულიც მოგენატრება“.
დავით ლომიძის თქმით, ვეღარც ძმა ეხმარება, რადგან საამქრო, სადაც მუშაობდა, ერთი თვეა, დახურულია. ამიტომ, გარდა იმისა, რომ საკვები პროდუქტით დახმარება რუსთავის მერიას სთხოვა, არასამთავრობო ორგანიზაცია „უალტერნატივო ალტერნატივასაც“ მიმართა. მწირი რესურსების მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გივი შანიძის, თქმით, ორგანიზაცია მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებაზე გადაერთო, რადგან დახმარებას ისეთი ხალხიც ითხოვდა,ვისაც, მისი დაკვირვებით, ეს არ სჭირდებოდა:
„კარგი სახლი, კარგი ჩაცმა, - ამას ვგულისხმობ, - მაგრამ, როგორც ჩანს, ამათაც გაუჭირდათ. ერთი-ორი შემხვდა ასეთი, ამის შემდეგ შშმ პირებზე გადავერთეთ. ინფორმაციას ვაგროვებთ, ვამუშავებთ, ვაგროვებთ საკვებს, ვარჩევთ ბენეფიციარებს და იმათთან მიგვაქვს“.
როგორც გივი შანიძე ამბობს, საკვები პროდუქტები მეგობრებისა და კეთილი ადამიანებისგან გროვდება. მისივე თქმით, ორგანიზაციის წევრები მოხალისეობრივი საქმიანობის დროს ყველა რეკომენდაციას იცავენ:
„პროდუქტებს გარეთ, კარებთან ვდებთ. ბენეფიციარებთან უშუალო შემხებლობა არ გვაქვს, თუმცა იყო გამონაკლისი, როცა მხედველობაშეზღუდულთან მივედით, მასთან სახლში შესვლა მოგვიწია და საკვები დერეფანში დავტოვეთ“.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მოხალისეობრივი აქცია რუსთავის მერიამაც დაიწყო.თავდაპირველად მასში სპეციალურად დარეგისტრირებული ახალგაზრდები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები ჩაერთნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკრებულოს ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტის გამო ორი ახალგაზრდა თვითიზოლაციაში აღმოჩნდა,აქციაში მონაწილეობის წესები შეიცვალა. რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, ამბობს, რომ ახალგაზრდებს შეცვლიან მერიის ის თანამშრომლები, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი დაშესაბამისი ეკიპირებაც აქვთ:
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოვიყენეთ „სპეცეკიპირების“ ჯგუფი. მათ სხვა ტრენინგები აქვთ გავლილი. ზუსტად ესენი აგრძელებენ მოხალისეობრივ მოვალეობას“.
რუსთავის მერის თქმით, საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით და შემოწირულებებით იძენენ. თვითმმართველობის შენობაში ქოლცენტრი ამუშავდა დაცხელი ხაზიც გაიხსნა მათთვის, ვინც დახმარებას ითხოვს. რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ნინო ქვირია ამბობს, რომ ცხელ ხაზზე ასობით ზარი შემოდის:
„დახმარების მთხოვნელთა დიფერენცირება ხდება. მათი გაფილტვრა ხდება იმის მიხედვით, ვინ არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ისინი, ვინც ამ პერიოდში უმუშევარი დარჩა და გაუჭირდა, მაგრამ არის მოსახლეობის ის ნაწილიც, ვინც ისე კითხულობს, ისე არ უჭირს, მაგრამ დახმარებას მაინც ითხოვს“.
ნინო ქვირიას ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიას საკვებით დასახმარებლად თვე-ნახევრის მარაგი აქვს. მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულია „წითელი ჯვრის“ ადგილობრივი ფილიალიც. მისიხელმძღვანელის, ნანა ბურდულის, ინფორმაციით,„წითელი ჯვარი“ პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს რუსთავის ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში აგროვებს.
„ვისაც სურვილი აქვს, ივაჭრებს რა სუპერმარკეტში, გამოდის და რასაც გაიმეტებს, ჩვენს კალათებში ვალაგებთ. საღამოს ყველაფერს ვკრებთ, ვასაწყობებთ, შემდეგ ვფუთავთ და ვურიგებთ მარტოხელა ხანდაზმულებს“.
საკვებ პროდუქტებს „წითელი ჯვრის“ სპეციალურად ეკიპირებული 10 მოხალისე აგროვებს. მათ ბენეფიციარებთან უშუალო კონტაქტი არა აქვთ და პროდუქტს სახლის კართან უტოვებენ.