Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაურ არშბა: „სასამართლოს გადაწყვეტილება არალეგიტიმურად მიგვაჩნია“


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო.

პარასკევს, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატ ალხას კვიცინიას საკასაციო საჩივარი, უკანონოდ მიიჩნია დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არჩევნების შედეგის თაობაზე და გააუქმა ის. ამ გადაწყვეტილებამ ერთგვარად დააშოშმინა ვითარება, მაგრამ პრობლემა ჯერაც არაა გადაჭრილი. შაბათს სოხუმის სახელმწიფო ფილარმონიაში შეიკრიბნენ მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მომხრეები. მათ წინაშე გამოვიდა მთავრობის ვიცე-პრემიერი დაურ არშბა. შეხვედრის შემდეგ არშბამ ინტერვიუ მისცა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტ ელენა ზავოდსკაიას და მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა.

ელენა ზავოდსკავია: თუ შეიძლება, მოგვიყევით პრემიერ-მინისტრთან ასლან ბჟანიას შეხვედრაზე, რომელიც მან დღეს ჟურნალისტებთან ახსენა. კერძოდ, ბჟანიამ თქვა, რომ პრემიერთან ყველაფერზე შეთანხმდა.

დაურ არშბა: შეხვედრის შესახებ პირადად პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინე. მისი მიზეზი იყო ამ მომენტში სამთავრობო შენობების კომპლექსში შექმნილი ვითარება: იქ მიდის რბევა, ქრება ნივთები და კომპიუტერები და ხდება მსგავსი რამეები. საუბარი შეეხებოდა იმას, რომ ვითარებაზე გავლენის მოხდენა მოხერხდეს, რათა არ ხდებოდეს ეს. ვინც უნდა მოვიდეს, იქ უნდა იმუშაონ, სხვა სამთავრობო შენობა ჩვენ არ მოგვეპოვება, ამიტომ საუბარი ამით დაიწყო. შემდეგ უკვე ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია შექმნილ ვითარებასთან და აქედან გამოსავლის გზებზე. მაგრამ იმის თქმა, რომ ყველა საკითხში გაუგეს ერთმანეთს და შეთანხმდნენ, არ არის სწორი.

ე. ზ.: დღეს რა ხდება შენობაში?

დ. ა: შენობაში ჯერჯერობით ის ხალხია, რომელმაც ის ხელში ჩაიგდო. ისინი იქ რჩებიან და შენობას აკონტროლებენ.

ე. ზ.: რამდენი ადამიანია იქ?

დ. ა: არ ვიცი, ვერ გეტყვით, რამდენი ადამიანია იქ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მათ ბარიკადებით ჩახერგეს კარი პარლამენტის მხრიდან და დეპუტატებმა საკუთარ სამუშაო ადგილებამდე მისასვლელად იქ მდგომ ადამიანებს შორის უნდა გაიარონ. ჩემი აზრით, დეპუტატებისთვის არც ისე კომფორტული პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ ნორმალური და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღონ.

ე. ზ.: მიყენებული ზარალის შეფასება თუ მოგეპოვებათ? ცოტა დაწვრილებით მოგვიყევით.

დ. ა.: რის გახსნაც შეძლეს, გახსნეს. კაბინეტები დამსხვრეულია. შეიჭრნენ პრეზიდენტის კაბინეტში, კარი შეამტვრიეს. პრაქტიკულად ყველა კაბინეტში კარები შემტვრეულია, ისინი ყველგან იმყოფებოდნენ.

ე. ზ.: დაურ, როგორია თქვენი რეაქცია სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე?

დ. ა.: სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მან განაცხადა, რომ ის უკანონოა, არ არის ობიექტური, მიღებულ იქნა პროცედურების დარღვევით და იმ ხალხის ზეწოლით, რომელიც ამ შენობის გარშემო იყო შეკრებილი. ჩვენ ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმურად მიგვაჩნია არსებული დარღვევების გამო. პრეზიდენტის მხარემ უარი თქვა პროცესში მონაწილეობაზე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათი მონაწილეობის გარეშე. ისინი დემონსტრაციულად არ მივიდნენ იმის გამო, რომ თავად საკითხის განხილვა დაიწყო დარღვევით. წინასწარ ცხადი იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

ე. ზ.: მთელი ამ დღეების განმავლობაში თქვენ ურთიერთობთ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მომხრეებთან და ვითარებაზე კომენტარებს აკეთებთ. შემდგომ რის გაკეთებას აპირებთ? მაგალითად, ჩნდება ასეთი შეკითხვები: თუკი სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, რამდენად ლეგიტიმურია დღეს პრეზიდენტი?

დ. ა.: ჩვენი კანონის მიხედვით, პრეზიდენტმა თავისი მოვალეობების შესრულება უნდა განაგრძოს ახალი არჩევნების შედეგების შეჯამებამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ხალხმა უნდა დატოვოს შენობა, რათა იქ მუშაობის გაგრძელების საშუალება იყოს. და თუკი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოგვეცეს მისი ისე ჩატარების საშუალება, როგორც წესი და რიგია.

ე. ზ.: გაქვთ თუ არა რამე ინფორმაცია იმაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას?

დ. ა.: ამ საკითხს ჯერჯერობით საერთოდ არ განვიხილავთ. ჩვენ ვაყენებთ საკითხს იმის თაობაზე, რომ შესაძლებელი იყოს ადგილზე დაბრუნება და საკუთარი ფუნქციების ისევ შესრულება.

ე. ზ.: გივი გაბნიამ დღეს თქვა, რომ ორი თვის განმავლობაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს. თქვენ კანონი საშუალებას გაძლევთ, გადაწყვეტილება 9 თვის განმავლობაში გაასაჩივროთ. რა გეგმები გაქვთ? როგორ იმოქმედებთ?

დ. ა.: მე ვთქვი: ჯერჯერობით განვიხილავთ ვითარების მოგვარებას იმ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს უნდა მიეცეს ადმინისტრაციის შენობაში სრულფასოვნად მუშაობის საშუალება.

ე. ზ.: მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების რაიმე გეგმა გაქვთ?

დ. ა.: საჩივარი მზადდება, კაცმა რომ თქვას, ჩემი აზრით, უკვე მზადაც არის. მაგრამ არის პროცედურული და სამართლებრივი მომენტები, მათ (დე ფაქტო პრეზიდენტმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ - რედ.) უნდა მიიღონ დოკუმენტების მთელი პაკეტი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანონ საჩივარი. რამდენადაც ვიცი, მათთვის ჯერ ოფიციალურად არ გადაუციათ სასამართლოს გადაწყვეტილება. მთელი მასალები, დოკუმენტები უნდა დაერთოს მას.

ე. ზ.: დაურ, ახლა სად არის პრეზიდენტი? რა განწყობაზეა?

დ. ა.: სამუშაო განწყობაზეა. გუშინ რამდენიმე თათბირი ჩაატარა ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, შეხვდა ცალკეულ დეპუტატებს, შეხვდა დელეგაციებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან ჩამოვიდნენ, თათბირი გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. დღეს, რამდენადაც ვიცი, მთავრობის წევრებს ხვდება, სამუშაო თათბირს ჩაატარებს.

ე. ზ.: რამის თქმა შეგიძლიათ, როგორ ჩაიარა შეხვედრამ ნურგალიევთან?

დ. ა.: იმ მშრალ ინფორმაციას, რაც ახლა გადმოსცა მედიამ, მეტს ვერაფერს დავამატებ.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG