რუსთავში დამწვარი „ლურჯი მარკეტის“ მოვაჭრეები საბანკო ვალდებულებათა გადავადებასა და ვაჭრობის გაგრძელების შესაძლებლობას ელოდებიან.
რუსთავში დამწვარი „ლურჯი მარკეტის“ დაზარალებული მოვაჭრეები ყოველდღე ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ შესასვლელთან იკრიბებიან და ერთმანეთს ბანკებიდან გამოტანილი კრედიტების შესახებ საბუთების შეგროვებასა და მოწესრიგებაში ეხმარებიან. თამარ ბიწაძე ერთ-ერთია, რომელმაც ეს საქმე ითავა:
“ყველა სესხით მუშაობდა, მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეს მერია [ბანკებთან], თუ როგორ დაგვეხმარონ. საბანკო საბუთები შევაგროვეთ. ყველას ვალი ჰქონდა, ერთმანეთს ვამუშავებდით”.
თუმცა, თამარ ბიწაძის თქმით, მათი მოთხოვნა მხოლოდ საბანკო ვალდებულების გადავადება არ არის, დაზარალებულებს ვაჭრობის განახლება სურთ, მაგრამ სად, ჯერ არ იციან. შპს „ლურჯი მარკეტის“ ადმინისტრაცია კი მათ სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს. ერთ-ერთია მოვაჭრეთა შეყვანა ორსართულიან დაუტვირთავ კომერციულ შენობაში, რომელიც კომპანიის მფლობელ გოჩა სირაძეს ეკუთვნის. „ლურჯი მარკეტის“ მფლობელი მოვაჭრეებს ჰპირდება, რომ ის იქვე, საკუთარ კომერციული დანიშნულების შენობაში შეიყვანდა სავაჭროდ და ეს ოთხშაბათიდან მოხდება.
რუსთავის „სტამბოლის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე,1000 კვ.მ. ფართობზე განთავსებულ „ლურჯ მარკეტს“ ცეცხლი 1 ნოემბერს დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე გაუჩნდა და, მეხანძრეთა მცდელობის მიუხედავად, მთლიანად დაიწვა. დამწვარია მიკროავტობუსიც.
„ლურჯი მარკეტის“ მფლობელ გოჩა სირაძის თქმით, გარდა იმისა, რომ საკუთარი ქონება დაეწვა, მოვაჭრეებიც გვარიანად დაზარალდნენ, ზოგი ორი ათასამდე ლარით, ზოგიც 20 ათასით. დაზარალებულებს დახმარებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი შეჰპირდა. ორივე ხანძრის დღეს აღელვებულ მოვაჭრეებთან მივიდა და მათ დაწყნარებას შეეცადა.
„დაზუსტება უნდა ყველა ინფორმაციას, მათ შორის იმ მეწარმეთა რაოდენობას, რომლებიც რეალურად საქმიანობდნენ ყოველდღიურად. ინფორმაცია გვაქვს ამ „ანგარის“ მფლობელისგან, ვინც სისტემატურად ვაჭრობდა, ამიტომ ვაზუსტებთ ამ ხალხს. დაახლოებით, ეს უნდა იყოს 40-დან 50-მდე ინდმეწარმე“.
შოთა რეხვიაშვილის თქმით, სპეციალური კომისია დაზარალებულ ინდმეწარმეებთან ინდივიდუალურად იმუშავებს მათი საბანკო ვალდებულებებისა და ზარალის დასადგენად. ელვირა ხარლამპიდის მაინცდამაინც არ სჯერა ხელისუფლების დანაპირების. ესეც რომ არა, სანამ კომისია ზარალს დაითვლის, ზამთარიც მოვა:
“ისევ ნულიდან დავიწყო, კოლგოტკებით და წინდებით? 20-თეთრიანი მოგებით? დაპირებები კარგად იციან, ანდაზაც არსებობს: „გპირდებიან კარგად, მაგრამ გძინავს ცუდად“, ასეა. ზამთარი მოდის, ცივი ზამთარი იქნება. გათბობა არ გვაქვს. ბუნებრივი აირის გადასახადს თუ დროზე არ გადაიხდი, ჩაგიჭრიან. დენის გადასახადს არ გადაიხდი, შეგიწყვიტავენ. წყლისას არ გადაიხდი, გაგითიშავენ”.
სანამ დაზარალებულები საბუთების შეგროვებასა და სავაჭრო ადგილის ძიებაში არიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 წლის ახალგაზრდა დააკავეს. „ლურჯი მარკეტის“ მფლობელი ამბობს, რომ გამოძიებამ მას დაკავებული ახალგაზრდის ჩვენება გააცნო:
„წაუგია თანხა, ტოტალიზატორიდან - „სამი შვიდიანიდან“ - არის გამოსული. სათვალთვალო კამერები აფიქსირებენ, მოემართება ჩვენი ობიექტისკენ. სიგარეტს უკიდებს... გადავაგდე ასანთიო, ასე საუბრობს. მომინდა სხვა ადგილზეც მომეკიდაო. „კარდონებს“ მოვუკიდეო, არ მეგონა, თუ ასეთ შედეგს გამოიწვევდაო“.
გოჩა სირაძის თქმით, ახალგაზრდა იქვე, ჩვენებაში, ბოდიშსაც იხდის. თუმცა დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა ცეცხლი დაუფიქრებლად, უნებლიეთ გააჩინა:
„სიცელქის გამო გაუკეთებია, „კარდონები“ დაუწვია, იქვე მაღაზიას წაჰკიდებია და ახლა დაჭერილია გაღმა, ფიროსმანის ქუჩის 15-ში. გათბობა მინდოდაო, იმიტომ მოვუკიდეო. შემთხვევით გააკეთა მაგან [შვილმა]. სპეციალურად არ გაუკეთებია“.
ადგილობრივი კრიმინალური პოლიცია გამოძიებას ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე აწარმოებს.