Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავის საგნად ქცეული პოლიტპატიმრების საკითხი - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 მაისს


ვინ რა პოზიციაზეა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით

8 მარტის შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების მედიაციით, შესაძლოა ჩაიშალოს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ აპირებენ ამ შეთანხმებისთვის მხარის დაჭერას, თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს მის მეორე ნაწილსაც - რაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას უკავშირდება.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ ისინი ამაზე არ შეთანხმებულან. „ქართული ოცნების“ მოწოდება, რომ მოლაპარაკებათა შუამავალ დიპლომატებს მისი სიმართლე დაედასტურებინათ - მოწოდებად დარჩა. 11 მაისს, დღის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის საელჩომ აღნიშნა, რომ 8 მარტის ორნაწილიანი შეთანხმება ითვალისწინებს იმ საკითხების გადაჭრასაც, „რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს“.

გუშინ ვითარება გამწვავდა. ოპონენტები ხელისუფლების განცხადებების მიღმა ხედავენ თადარიგის დაჭერას - 8 მარტს სიმწრით შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებისთვის და თანაც ისე, რომ ყველაფერი ოპოზიციას დაბრალდეს.

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი 2020 წლის არჩევნები 8 მარტს შეთანხმებული სისტემით აღარ ჩატარდება - გაიგე მეტი პოლიტიკური პოზიციების შესახებ ლელა კუნჭულიას სტატიაში.

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

დადასტურებული შემთხვევა - 638

გარდაცვლილი - 11

გამოჯანმრთელებული - 317

კარანტინში - 4769

სტაციონარში - 414

გუშინ კორონავირუსის შედეგად საქართველოში მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის მამაკაცია. მისი დაინფიცირება „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდებოდა. 18 აპრილს, ამავე კლინიკაში COVID-19-ით გარდაიცვალა მისი ცოლიც.

81 წლის მამაკაცს, რომლის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, ბათუმის კლინიკაში 9 აპრილიდან მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა მძიმე თანმდევი დაავადებების გამო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფიცირებამდე პაციენტს ინსულტიც ჰქონდა გადატანილი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავრიუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა კი 638-ია.

გუშინ საგანგებო რეჟიმი შემსუბუქდა თბილისისთვის. გაიხსნა ქალაქის საზღვრები, ხოლო მთელ საქართველოში ამუშავდა სავაჭრო ობიექტები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა და მოლებისა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

12 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.21 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

12 მაისისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.2106ლარი (11 მაისი - 3.2100);
  • 1 ევრო - 3.4742 ლარი (11 მაისი - 3.4800);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9587​ლარი (12 მაისი - 3.9727);
  • 100 რუსული რუბლი - 4.3488​ ლარი (11 მაისი - 4.3595);
  • 1 თურქული ლირა - 0.4537​ ლარი (11 მაისი - 0.4520);
  • 10 უკრაინული გრივნა -1.1963ლარი (11 მაისი - 1.1952).

11 მაისს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი იყო - 1 აშშ დოლარი - 3.2083 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

„თბილისი პრაიდი“: 17 მაისს გიწვევთ ონლაინდემონსტრაციაზე

ლგბტქი ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდი“ იმ პირობებში, როდესაც საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალულია, მოქალაქეებს 17 მაისს, 18:00 საათზე ონლაინდემონსტრაციაზე იწვევს.

ღონისძიების ორგანიზატორები სათქმელს „ფეისბუკზე“ რამდენიმე პუნქტად აყალიბებენ:

  • მაშინ, როდესაც ადამიანები დგანან პანდემიის გამოწვევის წინაშე, მრავალმა მათგანმა დაკარგა შემოსავლის წყარო და შიმშილობის ზღვარზეა, ჩნდება კითხვა: არის კი ახლა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დრო?! სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტად მწვავდება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა და ჩაგვრა და ამიტომაც სწორედ ახლაა ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის დრო.
  • ჰომოფობია, ტრანსფობია, ბიფობია არის საქართველოში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა. არა მხოლოდ მათი, ვისაც კლავენ, ვისზეც ძალადობენ ან სახლიდან თუ სამსახურიდან აგდებენ, არამედ მათიც, ვისაც სიძულვილი და დისკრიმინაცია, ადამიანების დაცინვა და დამცირება დასაშვებ ქმედებად, ნორმად მიაჩნია. და მათიც, ვისაც თავი ჰომოფობად არ მიაჩნია, მაგრამ არ სურს, ქვიარ ადამიანები საჯაროდ გამოხატავდნენ საკუთარი პიროვნების იმ ნაწილს, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავებულია.
  • კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ცალსახად გვიჩვენა, რომ ტრადიციულად ჩაგრული ჯგუფები ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან. ცხადი გახდა, რომ მხოლოდ თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვით არის შესაძლებელი, რომ გადავრჩეთ როგორც საზოგადოება. ამისთვის კი გაერთიანებაა საჭირო! გაერთიანება სოციალური პრობლემების დასაძლევად, სოციალური დისტანცირების პირობებშიც კი.
  • ამ ეტაპზე, ეს ორივე მოვლენა, ჰომოფობიაც და COVID-19 პანდემიაც მილიონობით ადამიანს იზოლაციაში გვამყოფებს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ჰომოფობიაც პანდემიაა და ისევე როგორც პანდემია, ჰომოფობიაც აუცილებლად დასრულდება!

წაიკითხე მეტი.

უკრაინიდან კონსულტაციისთვის გამოძახებული ელჩი სავალდებულო კარანტინშია

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ უკრაინიდან კონსულტაციისთვის გამოძახებული საქართველოს ელჩი საქართველოში დღეს, 11 მაისს ჩამოვიდა და კორონავირუსის გავრცელების გამო უცხოეთიდან ჩამოსული პირებისთვის განკუთვნილ სავალდებულო კარანტინს გაივლის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, ამიტომ, უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

წაიკითხე მეტი.

„სპორტიი! სპორტიი!“ - როგორია სპორტის გაკვეთილები ონლაინ

დისტანციური განათლება მხოლოდ თეორიულ საგნებს არ მოიცავს, ბევრი სკოლა სპორტის, მუსიკის, ხატვის სწავლებასაც განაგრძობს. როგორია სპორტის გაკვეთილები ონლაინ?

მასწ, ვასრულებ თქვენს დავალებას!“ - ამბობს პატარა გოგო და ყირაზე გადადის; მეორე კადრში აივანზე ორი ბავშვი ხტუნვით დასდევს ერთმანეთს; საკონცერტოდ გამოწყობილი გოგონა საკუთარი სახლის დერეფანში ვიოლინოზე უკრავს. არაფერი განსაკუთრებული - ასე ტარდება სპორტისა და მუსიკის გაკვეთილები დისტანციურად.

ვიქტორ ჩაჩავა ქუთაისის 45-ე და მე-12 სკოლებში სპორტს ასწავლის. რაც ონლაინსწავლებაზე გადავიდა, ყველაფერი გართულდა:

ერთი ბავშვი აკეთებს, მეორე - ვერა და იქვე უნდა იყო, რომ შეუსწორო. ამიტომ ვცდილობ ისეთი დავალება შევარჩიო, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“, - ამბობს ის.

თავიდან ორი გაკვეთილი ჩაწერა და Youtube-ზე ატვირთა. შემდეგ ინტერნეტში ინგლისურენოვან სპორტულ ვარჯიშებს მიაგნო, ანიმაციას. სახალისოა და ამ ბოლო დროს ბავშვებს მათი მეშვეობით ვართობო, გვეუბნება.

გართობის გარეშე ბავშვებს გაკვეთილზე ვერ გააჩერებ, ყველა პედაგოგი ჩივის, რომ ონლაინ ამის მიღწევა მარტივი არ არის:

მაგალითად, ხელებშეკრულ მდგომარეობაში ადგომა, ასევე კედელთან ჩაჯდომა ძალიან ძნელია. ვიფიქრე, ამას დავალებად თუ მივცემ ბავშვებს, თუკი ვინმე შეძლებს, აუცილებლად ჩაწერს და გადმომიგზავნის-მეთქი. მართლაც, რამდენიმემ ესეც შეასრულა და რაც არ დამივალებია, ის ვარჯიშებიც ჩაწერა“.

წაიკითხე მეტი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG