გზის გაწმენდა, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა და ზოგიერთი მივარდნილი სოფლიდან ევაკუაცია - ესაა დიდთოვლობაში მოყოლილების მოთხოვნები.
ზოგიერთ სოფელში თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო ავარიულმა სახლებმა, დათოვლილ გზებს მოტეხილი ხეებიც ხერგავს.
ხელისუფლება ირწმუნება, რომ ადგილობრივი მთავრობები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და სოციალურ მედიაში ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს.
ამ პოსტების ქვეშ ხალხი ისევ დახმარებას ითხოვს, მუნიციპალიტეტების ცხელ ხაზებზე დაკავშირება კი თითქმის შეუძლებელია.
“ჯუმათში ისე იზამთ ტრაქტორიც ვეღარ მოერევა თოვლს მერე, ცოცხლად მარხავთ მოსახლეობას, სახლები რომ დაინგრევა მერე მიდით გასაწმენდად, არიან ხალხი იქ ვისაც თავისი ძალებით არ შეუძლიათ სახლის გადათოვლა, თუნდაც ჩემი მშობლები და ვერ მივდივართ დასახმარებლად”.
“5 დღეა რით ვერ მოხერხდა გზის გაწმენდა ზემო ნატანებში? ხალხს ან წამალი არ უნდა? ან პური? ან სანთელი უშუქობის დროს? რა უბედურებაა 2025 წელს ერთი ტრაქტორი არ უნდა იყოს გამოყოფილი როცა ამხელა სოფელზეა საუბარი?”
“ღრმაღელეში ხალხს სახლები დაენგრა, მათ შორის ჩამოინგრა ჩემი სახლის სახურავი. ხალხი ვერ გადაადგილდება, გზა არ არის საერთოდ, ელექტრო ენერგიაზე ხომ ზედმეტია საუბარი”.
“იქნებ თქვენ გააგებინოთ “ენერგო პროს” რომ ახლა, ჩაისუბანი, გორგაძეები მოწყვეტილია სამყაროს, აღარც ლამპები და აღარც სანთლები აღარ აქვს ხალხს”.
“შუქის აღდგენას როდის აპირებთ მწვანე კონცხის ტერიტორიაზე? 1 კვირაა სიბნელეში ვართ. რატომ არაფერს არ აკეთებთ? ან ამ ფოტოებს რო ატრიალებთ და ხალხს თვალებში ნაცარს აყრით სინდისი მინიმალურ დონეზეც კი არ გაწუხებთ? ქალაქი პარალიზებულია!!!!“
"სამთავრობო შტაბის შექმნას რატომ აგვიანებენ - საჭიროა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზაცია. სოფლად ძირითადად მოხუცებია - გავწიროთ ასეთი უმოქმედობით?! თან პროგნოზით 3-4 დღე უამინდობაა მოსალოდნელი. საწვავი მაინც ჩაუსხან და თვითონ სოფლის ტრაქტორებით გაიწმენდს ხალხი [გზას] და მერე შეეშველონ. სასწრაფო რომ დაჭირდეს ვინმეს - განწირულია... არ გესწავლებათ“.
“სირცხვილია როცა მუნიციპალური ტრანსპორტი საბურავების არ ქონის გამო ჩერდება. ძალით აღიზიანებთ ხალხს. სამსახურში მისვლის ვალდებულება გვაქვს და როგორ არ გაინტერესებთ”.
ეს არის მცირე ნაწილი იმ კომენტარებისა, რასაც ხალხი ადგილობრივი ხელისუფლების ფეისბუკის ოფიციალურ გვერდებზე წერს. გურიის მუნიციპალიტეტების გვერდებზე უკმაყოფილო კომენტარები ჭარბობს, აჭარაში - ხელისუფლების მხარდამჭერი.
დასავლეთ საქართველოსკენ 23 თებერვლიდან შეზღუდულია მატარებლების მიმოსვლა, 24 თებერვლიდან სწავლა შეწყდა ფოთში, ზუგდიდში, გურიასა და აჭარაში სკოლებსა და ბაღებში. 24 თებერვლის დღის ბოლოს მოძრაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც “ბათუმის ავტოტრანსპორტის” გადაწყვეტილებით.
რამდენიმე დღეა გაჩერებულია შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მაღალმთიან რეგიონებში მოცურდა და ხევში გადავარდა რამდენიმე ავტომობილი - მგზავრები გადარჩნენ.
საავტომობილო გზებზე სამაშველო სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები წუხან, რომ 112-ში დატოვებული შეტყობინებებით სახელმწიფოს ყურადღებას ვერ იქცევენ. ასე გაატარა ნანკა გოგუაძემ შეკვეთილთან საავტომობილო გზაზე 14 საათი და საბოლოოდ საკუთარი თავი თავადვე გამოხსნა თოვლიდან 23 თებერვალს.
"112-ს დავურეკე ასჯერ - აზრი ნული. გზას ვერ წმენდენ. არ ჰყავთ ტრაქტორი, გაფუჭდა გზის მწმენდი, ნიჩაბი და ბარიც კი არ აქვს სამაშველოს რომ გზა ჩემით მაინც გავწმინდო. ვერ მეუბნებიან ვერაფერს, როდის გაიწმინდება გზა, ან ვინმე მიშველის თუ არა.
ფაქტობრივად ჩაფლული ვარ, ვერც მანქანას ვძრავ - ვერც ფეხით გადმოვდივარ;
ანუ ახლა დროშა რომ მქონდეს და გადმოვდგე ყვირილით: დემოკრატია და კარგი სასამართლო მინდა-მეთქი, 10 ეკიპაჟი გაჩნდებოდა უცებ დარწმუნებული ვარ. მაგრამ თუ გზის გაუწმენდავობის გამო მანქანით ჩავრჩი, ბენზინი მითავდება, წყალი და საჭმელი არ მაქვს, არ აინტერესებს..." - დაწერა მან ფეისბუკზე და მეგობრები გააფრთხილა, შორი მგზავრობები სხვა დროისთვის გადაედოთ.
სამაშველო სამსახურის ლოდინში, ნანკამ ბუქსირის ან ტრაქტორის ქირაობაც სცადა, თუმცა ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა.
გარე სამყაროს მოწყვეტილმა მამუკა ღლონტმა, რომელიც კაპროვანში ცხოვრობს და ზაფხულობით ზღვისპირა სახლებს აქირავებს, ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად საპროტესტო აქციის მოწყობაც კი "დაგეგმა".
"გადავკეტავთ ჩახერგილ გზას კაპროვანში, მთავრობა გზის გასახსნელად გამოგზავნის სპეცრაზმს, რომელიც ჩვენამდე რომ მოვიდეს იძულებული იქნება გაწმინდოს გზა, შემდეგ წინააღმდეგობას გავუწევთ და მიგვიშვებენ წყლის მანქანიდან ჭავლს, ჩვენ ამ წყალს შევაგროვებთ და ჩავასხამთ უნიტაზებში, შემდეგ რომ გვცემენ გავთბებით და თუ ციხეში გადაგვიყვანენ ხო ავშენდით, იქ ბევრად უკეთესი პირობებია", - დასცინა მან ხელისუფლებას.
“ოთხი დღეა, რაც გადაუღებლად თოვს, ჭიშკრები დაფარულია უკვე თოვლით, 1,60 სანტიმეტრი მაინც იქნება, ტრანსპორტი არ მოძრაობს, პროდუქტი არ გვაქვს, მე მაგალითად ერთი პატარა ბავშვი მყავს და ორი მოხუცი, რომელთაგან ერთი ჩავარდნილია საწოლში - შეიძლება ისე ამოვიხოცოთ, რომ მომკითხავი არ გვყავს.
მაღაზიამდე ხუთი კილომეტრია, ფეხით ჩემი ქმარი წავიდა მეზობელთან ერთად, რომ პური, ფქვილი, ბურღული ან რამე მოიტანოს, მარა იქიდან დარეკეს, გათავდა ყველაფერი, ცარიელია, ტყუილად მოდიხართო.
წინა დღეებში დენიც არ გვქონდა, ერთი საათით მოდიოდა, წავიდოდა, დღეს მოვიდა, როგორც ჩანს, ძალიან შევაწუხეთ, იმდენი ვრეკეთ და ეს ელექტროენერგია გაგვიკეთეს. არავინ პატრონი არ გვყავს, საშინელი მდგომარეობაა.
მეზობელს მიცვალებული ყავს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან რო დარეკა, იმან უთხრა ხვალ გაწვიმდება და დადნება თოვლი, მოიცადეო. ერთი ტრაქტორიც არ შემოსულა სოფელში, რომ ფეხით მაინც ვიაროთ. ასეთი თოვლი 1985 წლის მერე არ ყოფილა აქ”, - ეუბნება ნათია მუჯირი რადიო თავისუფლებას. ის გურიის სოფელ ნატანებში ცხოვრობს.
"76 წლის არის დედაჩემი, 80 წლის - მამა. მამა ცდილობს გზა გაკვალოს, დედაჩემი უკან მიყვება, რომ მეზობლამდე მივიდნენ და თავი გადაირჩინონ. ამ დიდთოვლობის გამო სახლი დაინგრა, ისედაც ავარიული იყო და ახლა ისე ჩამოინგრა, იქ ღამის გათენება საშიშია. "კუხნას" რომ ეძახიან, ეგეთი გვიდგას ეზოში ხის, დაუმთავრებელი, ნამჯას და თივას ინახავდნენ და იქ გაათენეს გუშინ ღამე, გათბობის და ყველაფრის გარეშე, იმ დანგრეული სახლიდან გამოიტანეს, რაც რამე საბანი და დასაფარებელი ჰქონდათ.
ხან 112-ს ვურეკავ, ხან მერიის ცხელ ხაზს, ხან გამგებელს, ჯერ გვიპასუხეს, რომ მოვალთ, მერე თქვეს ვერ ჩამოვალთ, გზა არ არის. გამგებელი გვეუბნება სრულ ტყუილს, ჯერ ამბობდა, ტრაქტორები მუშაობენო, ახლა გვეუბნებიან, რაც გინდათ ის მიქენით, ტრაქტორები გაფუჭდნენ - [სინამდვილეში] ტრაქტორები შრომისკენ არც დაძრულა.
სასწაული მდგომარეობაა, ხალხი ევაკუაციას ითხოვს და ამდენი დღეა მატყუებენ, მატყუებენ, სანამ სახლი არ დაინგრა - ჩემი შვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, იმასაც ვერ გავამართლებდი.
ერთი ადამიანი არ მისულა ამ ხალხთან, ასეთი განუკითხაობა მე არ მახსოვს, ღამეები არ მძინავს, დღეისთვის იყვნენ დაპირებულები, რომ სამაშველო ავიდოდა - სახლი რომ დაინგრა, ეგებ მეზობელთან შეაფარონ თავი და ხვალ გავაკეთებთ ევაკუაციასო.
დღეს სამაშველოში ისეთი თავხედური პასუხი გამცეს, ფეხით რომ ავიდეთ, წამოგვყვებიან ფეხით თქვენი მშობლებიო?" - უყვება რადიო თავისუფლებას ირმა ხომერიკი. ის 15 წელზე მეტია იტალიაშია ემიგრანტად წასული. მოხუცებს უვლის და საკუთარი მოხუცი მშობლების დახმარებას სოფელ ორმეთში ტელეფონით ცდილობს უკვე მესამე დღეა. შიშით ელის იმ მომენტს, როცა მოხუცი დედის ტელეფონი დაჯდება.
გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებში მარტო დარჩენილ მოხუც მშობლებზე ნერვიულობენ ისინიც, ვინც ამავე მუნიციპალიტეტებში ცხოვრობს. მაგალითად, ლალი ხომერიკი, რომელიც თავად ოზურგეთში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სოფელ შრომის ზედა უბნამდე მანქანით მხოლოდ ნახევარი საათის გზაა, მაგრამ ვინაიდან არათუ შიდა სასოფლო, ცენტრალური გზებიც არ არის გაწმენდილი, ის მხოლოდ თანასოფლელების გამოგზავნილი ფოტოებით იგებს, როგორ იზრდება თოვლის საფარი, რომელიც 24 თებერვლისთვის 1,5 მეტრს აჭარბებს იქ, სადაც 89 წლის დედამისი ცხოვრობს, სოფელ შრომაში.
"მედიკამენტებიც გამოელიათ, საკვებიც, გიჟს ვგავარ, ვერანაირად ვერ ვეხმარები აქედან. ნახევარი საათი უნდა დაახლოებით, აქედან მანქანით რომ წახვიდე, მაგრამ გზა არ არის გაწმენდილი და როგორ უნდა წავიდე, ფეხით ხომ ვერ წავალ. ორ მეტრამდე თოვლიაო. სასწრაფოც კი ვერ მიდის, ძალიან ბევრი ვრეკე ყველა ინსტანციაში, მაგრამ ტექნიკა არ აქვთ.
ამ ტექნიკაზე ადრე უნდა ეზრუნათ, გურია მთაგორიანია და ეგ ტექნიკა სულ საჭიროა. ხომ შეიძლება ადრე დაეწყოთ ამ გზების გაწმენდა, სანამ 50 სანტიმეტრი იყო თოვლი, ახლა რანაირად მივლენ იქ, წარმოდგენა არ მაქვს. სოფელში შესასვლელიც კი არ არის გაწმენდილი, სახლების წინ გაწმენდაზე კი არ არის ლაპარაკი.
ტექნიკა ვერ მიდის, დაგვიბრუნდა, გაგვიფუჭდაო, მეუბნებიან მერიაში - როცა საახალწლო ნაძვის ხეზე, მის ატრიბუტებზე, კონცერტებზე და ასაფეთქებლებზე იხარჯება ნახევარ მილიონზე მეტი, ტექნიკა არ უნდა ჰქონდეთ ასეთი ლანდშაფტის მქონე რეგიონში?" - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლალი ხომერიკი. მისი თქმით, იგივე ხდება გურიის ათობით სხვა სოფელში - ტექნიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი გზების გასაწმენდად ამუშავებს, ოზურგეთის ცენტრს და მის სიახლოვესაც კი ვერ ყოფნის.
“დღეს გამოვიყვანეთ ერთი მეზობელი სახლიდან, რომელიც სამი დღე ვერ გამოდიოდა. მე და ჩემმა სხვა მეზობელმა გავუკვალეთ გზა და გადავიყვანეთ სხვა მეზობელთან, სადაც უფრო მეტი არიან და უფრო უსაფრთხოდ იქნება, ისე მარტო ცხოვრობს ის მოხუცი ქალი. ასევე, მივაკითხე ახლა ჩემს წინ ნათლიაჩემს, რომელიც ასევე მარტო ცხოვრობს და ვკითხე, ტელეფონის დატენა ან რამე დახმარება ხო არ ჭირდებოდა. გზა ისევ არ არის, მაღაზიაც დაკეტილია, ერთმანეთს ვუზიარებთ მეზობლები რაც გვაქვს და ტელეფონებსაც ერთ მეზობელთან ვტენით, რომელსაც გენერატორი აღმოაჩნდა”, - ესეც სოფელ შრომაში მცხოვრები მარი ჩხაიძეა. ის სოფელში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
ტელეფონების დატენა დიდთოვლობის გამო სახლებსა და სოფლებში გამომწყვდეულებისთვის ძალიან რთული გამოწვევაა.
თამარ ონიანმა ჩვენთან საუბარს თითქმის დამჯდარი ტელეფონით ლაივში იმის ჩვენება არჩია, როგორ მოაქვს წყალი გაუკვალავ თოვლში. თამარი სოფელ ნაგომარში მესამე დღეა ელექტროენერგიის და გზის გარეშეა დარჩენილი.
უამინდობა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ქრონიკული დაავადებების მქონეებისთვისაც.
“ქობულეთის სოფელ ლეღვაში დიალიზი ჭირდება ერთ პაციენტს, რომელიც საჭიროებს ქალაქში ჩამოყვანას”, - ამ სტატუსის ფეისბუკზე გამოქვეყნების შემდეგ იოანე რომანაძეს ჯერ ცოტნე ანანიძე შეეხმიანა, ქობულეთის დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც დახმარებას დაჰპირდა, თუმცა მალევე უთხრა, რომ ამ სოფელში ერთი ტრაქტორი უკვე გაშვებულია სხვა უფრო მძიმე პაციენტის წამოსაყვანად და მეორე ტრაქტორი ვინაიდან დაზიანდა, მალე ვერ დაეხმარებოდა. ცოტნე ანანიძემ მძიმე პაციენტის ქობულეთში გადაყვანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ორი დღის წინ იცოდა - მას ამის შესახებ პაციენტის ოჯახის წევრმა ფეისბუკზე მისწერა და დეპუტატმაც დახმარება იქვე აღუთქვა.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დიდთოვლობაა, ყველაზე ცოტა, მომდევნო 4 დღის განმავლობაში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.
ფორუმი