Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოლეთიანი: „ყველა გზა, რომლის გავლითაც შეიძლება კომპანია აღმოჩნდეს რიონის ხეობაში, გადაკეტილია“


ვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი

კიდევ ერთი კარავი გაშალეს მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებმა და აქტივისტებმა რიონის ხეობისკენ მიმავალ გზაზე 30 მაისს.

როგორც მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებიდან ხეობისკენ მიმავალ გზაზე ქუთაისის საფიჩხიის და მწვანეყვავილას დასახლებების მცხოვრებნი იმორიგევებენ და ამის სურვილი მათ თავად გამოთქვეს.

გოლეთიანის განმარტებით, ეს გზა მძიმე და სპეცტექნიკის გადასაადგილებლად გამოუსადეგარია, რადგან ვიწროა, თუმცა მსუბუქ ავტომანქანებს შეუძლიათ ისარგებლონ და იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკას“ თანამშრომლებმა ხეობაში შესვლა ვერ შეძლონ, სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტეს.

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლება მეოთხე ადგილია, სადაც „რიონის ხეობის მცველებმა“ კარავი გაშალეს.

აპრილიდან კარავია გაშლილია სოფელ გუმათში, გუმათჰესის მიმდებარედ, სადაც პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული. მეორე ადგილი, სადაც აქტივისტებმა კარავი გაშალეს, გუმათჰესის დასახლებასთან მდებარეობს „ენკას“ სასაწყობე მეურნეობასთან. აქტივისტები მორიგეობენ სოფელ ტვიშთან გაშლილ კარავშიც, საიდანაც ქუთაისი-რაჭის შემოვლითი გზით, სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზაა გადაკეტილი. მწვანეყვავილას დასახლებიდან ხეობაში მიმავალი გზა კი მეოთხეა, საიდანაც ჰესის მშენებლობის ადგილზე შეიძლება მისვლა.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამ ადგილების გადაკეტვით, ხეობაში შესვლა შეუძლებელი გახდება კომპანიის წარმომადგენლებისთვის. აქტივისტები გზებზე გადაადგილებას არ უზღუდავენ მოქალაქეებს და მუნიციპალურ ტრანსპორტს.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებს თითქმის შვიდი თვეა მართავენ. 23 მაისს, მათ გუმათიდან გადაინაცვლეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე მსვლელობა გამართეს.

26 მაისს, საღამოს „რიონის ხეობის მცველები“ გუმათში დაბრუნდნენ. მათი უპირველესი მოთხოვნაა გაუქმდეს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მიიჩნევენ და კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომაც.

პროტესტის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, ჩაერთონ პროექტის ყველა დეტალის გასარკვევად შექმნილ ფორმატებში, ექსპერტების და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG