„ზეასვლა“ (1977, სსრკ, რეჟისორი ლარისა შეპიტკო)
24 ნოემბერს მსოფლიოს მუსიკალურმა სამყარომ ალფრედ შნიტკეს დაბადების 90 წლისთავი აღნიშნა. იუტუბზე ვეძებდი შნიტკეს კინომუსიკას და შემთხვევით აღმოვაჩინე სრული ვერსია (ინგლისური სუბტიტრებით) ფილმისა, რომელიც, მგონი, იმდენსავე მაყურებელს მოსწონს, რამდენიც აგინებს - უკრაინელი რეჟისორის, ლარისა შეპიტკოს „ზეასვლა“, პირველი საბჭოთა ფილმი, რომელიც 1977 წელს ბერლინის (იმხანად დასავლეთ ბერლინის) კინოფესტივალის „ოქროს დათვით“ აღინიშნა. ჟიურის დასკვნითი სხდომა მაშინ პროტესტის ნიშნად დატოვა რაინერ ვერნერ ფასბინდერმა, აღნიშნა რა, რომ „ეს რელიგიური სპეკულაცია პოლიტიკური ნიშნით მოიწონეს“. თუმცა კიდევ ერთმა გერმანელმა რეჟისორმა, ვერნერ ჰერცოგმა, რომელიც შეპიტკოსთან მეგობრობდა, „ზეასვლას“ უწოდა „რუსული კინოს ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება“, ხოლო ახლახან „ბიბისიმ“, ყველა დროის და ხალხის იმ ას საუკეთესო ფილმს შორის, რომლებიც ქალებმა გადაიღეს, „ზეასვლას“ მეთერთმეტე ადგილი მიანიჭა.
შნიტკეს შემოქმედებისთვის დამახასიათებელი რელიგიურ-მისტიკური დისკურსი, ტონალურის და ატონალურის ერთობლიობა, თითქმის ყველა იმ ფილმში „ისმინება“, რომლისთვისაც კომპოზიტორმა მუსიკა დაწერა. ალფრედ შნიტკეს ნაწარმოებების საჯარო შესრულება საბჭოთა რუსეთში ფაქტობრივად აკრძალული იყო, თუმცა ცენზურა მას კინოში მუშაობას ნაკლებად უკრძალავდა. როგორც ჩანს, ცენზორები ფიქრობდნენ, რომ კინო მაქსიმალურად შეზღუდავდა კომპოზიტორის ენას და წარმოადგენდა მას მხოლოდ როგორც ილუსტრაციას. ნაწილობრივ ასეც მოხდა, თუმცა „ზეასვლა“ უდავოდ გამონაკლისია - შნიტკეს აქ სახარების იგავის მუსიკალური ინტერპრეტაციისთვის უნდა მიემართა.
ბელორუსი მწერლის, ვასილ ბიკოვის მოთხრობის ეკრანიზაციაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის რეალობას აღადგენდა, ორი პარტიზანის, სოტნიკოვისა და რიბაკის ისტორია გადაკეთდა ბიბლიურ იგავად: პარტიზანი იქცა იესო ქრისტედ, რიბაკი იუდად და ოკუპანტების პოლიციის უფროსი - პილატედ. ფილმის მუსიკალური დრამატურგია კი აიგო ფონური ხმაურიდან წყვეტილი მუსიკალური თემის თანდათან ზრდის ეფექტზე, რომელიც, თავის მხრივ, სოტნიკოვის სულიერ ზრდას გამოხატავდა - მის უნარს, გაეძლო წამებისთვის.
ასე ჩაერთო ნელ-ნელა კინო მუსიკალური იდეის გასაძლიერებლად - დიდი თოვლით დაფარული პეიზაჟები, საზარელი სიჩუმე, გერმანელი ოკუპანტების წყვეტილი ფრაზები და ბოლოს, „გოლგოთის ფონოგრამა“, რომელმაც ავის მომასწავებელი ხმები საბოლოოდ გადაიყვანა ფილმის მთავარ მუსიკალურ თემაში.
ფილმი გადაღების დასრულებისთანავე აიკრძალა. თუმცა მოულოდნელად საქმეში ჩაერთო ბელორუსიის კომპარტიის მაშინდელი ლიდერი მაშეროვი, რომელსაც „ზეასვლის“ ჩაბარების დროს ტირილი დაუწყია. მაშეროვმა დარეკა მოსკოვში და პირადად ბრეჟნევს სთხოვა დაეშვა ბიკოვის მოთხრობის ეკრანიზაციის კინოთეატრებში ჩვენება.
ერთი მხრივ, სრულიად გასაგებია ფასბინდერის აღშფოთება - მთავარი გმირის, პარტიზანი-კომუნისტის წარმოდგენა იესო ქრისტეს სახით, რასაც მისი დასკვნითი სიტყვის პათეტიკურობა ემატება, აუბრალოებს სათქმელს და სიყალბის შთაბეჭდილებას ტოვებს (ვასილი ბიკოვის მოთხრობაში ყველა პერსონაჟი, პატარა ებრაელი გოგონას ჩათვლით, მსხვერპლია. მოთხრობაში სოტნიკოვის გმირის არანაირი აბსოლუტიზაცია არ ხდება). ლარისა შეპიტკოს, როგორც მოაზროვნეს, ბევრი რამ აკლია თუნდაც პაზოლინიმდე, რომელმაც მეამბოხე ქრისტეს სახე შექმნა „მათეს სახარებაში“. მაგრამ ანალოგია კომუნისტი და იესო ქრისტე აქ სრულიად „ჯიუტადაა“ სწორხაზოვნად მოწოდებული. შეპიტკო ცდილობს, რადიკალურად გამიჯნოს ფილმში სიკეთე და ბოროტება, თავგანწირვის უნარი და სიმხდალე. უკიდურესობების დამაჯერებლობისთვის კი ძალიან კარგად მუშაობს საერთო ატმოსფეროს შექმნაზე. როგორც არ უნდა გაგაღიზიანოთ წმინდანის სახით წარმოდგენილი კომუნისტი-პარტიზანის ამბავმა, შეუძლებელია დაგავიწყდეთ გარემო, რომელშიც ვითარდება „ზეასვლის“ მოქმედება - შავ-თეთრ ფირზე აღბეჭდილი ეს სიცარიელე, ეს გაყინული სივრცე, სიცივე, რომელიც პირდაპირ გადმოდის ეკრანიდან.
ჩვენ ერთად ვუყურეთ მის ფილმს „ზეასვლა“, - იგონებს ვერნერ ჰერცოგი, - ეკრანზე გამოჩნდა ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც ხეს ეყრდნობოდა. თმა გაეყინა. ასეთი წარმოუდგენლად ძლიერი ყინვები ადამიანის სულიერ სამყაროს ალმასის მსგავსად გამჭვირვალეს ხდის. ლარისასკენ მივბრუნდი და ვუთხარი, რომ მას ამის დაგეგმვა არ შეეძლო, რომ ეს გენიალური სცენაა. „დიახ“, თქვა მან, „ნამდვილად ასე იყო, ის ნამდვილად გაიყინა. მეც მალე მოვკვდები“.
„ზეასვლას“ პრემიერიდან ორი წლის შემდეგ ლარისა შეპიტკო, ძალიან ლამაზი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც უკვე ახალ ფილმზე მუშაობდა, მთელ თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად ავარიაში მოყვა და დაიღუპა.
საინტერესოა, რომ საბჭოთა იდეოლოგებმა „ზეასვლა“ დაიწუნეს არა იმდენად ბიბლიური სიუჟეტის გამო (ქრისტე და იუდა საერთოდ არ იყო ნახსენები ცენზორების მიერ მომზადებულ დოკუმენტში), რამდენადაც „აქცენტების არასწორად განაწილების“ მოტივით. ბერლინის ფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ საბჭოთა კავშირის საკონსულოში გამოითქვა აზრი, რომ ფილმი „ფაქტობრივად ამართლებს გერმანელებს“, - თითქოს შეპიტკოს ჯალათების როლში ოკუპანტების სამსახურში მყოფი საბჭოთა მოქალაქეები გამოჰყავს. ვფიქრობ, ეს ჩინოვნიკები კარგად მიხვდნენ „ზეასვლის“ ავტორების ჩანაფიქრს. „ზეასვლა“ არის კინო არა იმდენად მეორე მსოფლიო ომსა და ხალხის გმირობაზე, რამდენადაც ფილმი ოკუპაციაზე. ლარისა შეპიტკოს, მართლაც, ნაკლებად აინტერესებს რეჟიმის ღია და ფარული ავტორები. მკვლელი აქ შემსრულებელია და არა ის, ვინც ბრძანებას გასცემს. ოკუპაცია შეუძლებელია კოლაბორაციონისტების გარეშე. შესაბამისად, „ზეასვლის“ ცენტრალური პერსონაჟი ხდება არა სოტნიკოვი-ქრისტე, არამედ ოკუპირებული სოფლის პოლიციის უფროსი, რომლის როლს ანდრეი ტარკოვსკის საყვარელი მსახიობი ანატოლი სოლონიცინი ასრულებს. ომამდე ეს კაცი კომპარტიის აქტივისტი იყო, საბავშვო გუნდს ხელმძღვანელობდა რომელიღაც მუსიკალურ კლუბში. მოპოვებული „პატარა ძალაუფლება“ ჰყოფნის შურის საძიებლად ადამიანთა მოდგმაზე. კი, ცხადია, ბანალური ისტორიაა, ათასჯერ რომ გვინახავს კინოში და კიდევ უფრო ბევრჯერ წაგვიკითხავს. მაგრამ იმხანად, როცა „ზეასვლა“ ეკრანებზე გამოვიდა, ნაკლებად მიგვიქცევია ყურადღება ამ ხალხისთვის რეალურ ცხოვრებაში. ვერ წარმოვიდგენდით ალბათ, რომ ნახევარზე მეტი საუკუნე გავიდოდა და ეს მოღალატე პოლიციელები ჩვენი ცხოვრების პერსონაჟები გახდებოდნენ.
ფილმის ორიგინალურ ვერსიას ინგლისური სუბტიტრებით ნახავთ აქ.
ფორუმი