2 მაისს ქუთაისში ქალაქის დღესასწაული - გვირილობა - აღინიშნა. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მუხნარის ტყე-პარკში საქველმოქმედო, კულტურული, სპორტული ღონისძიებები და რამდენიმე გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რისთვისაც ქალაქის ინფრასტრუქტურა ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით მოწესრიგდა.
2 მაისობისთვის ქალაქის ტროტუარებზე 50 ათასი ლარის ვარდი დარგეს, განაახლეს გამწვანება, მოაწესრიგეს ბალახის საფარი და მორეცხეს ცენტრალური ქუჩები. 2 მაისობას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ღონისძიებით ქალაქის განაპირას, მუხნარის ტყე-პარკსა ან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღნიშნავდნენ. რამდენიმე წლის წინ მას გვირილობის - შესაბამისად, საქველმოქმედო - შინაარსი დაუბრუნდა. ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები და ამბობენ, რომ გვირილობის დღესასწაული კარგი ტრადიციაა.
რადიო თავისუფლების ქუთაისელ რესპონდენტთა ნაწილი იხსენებს მისთვის გამორჩეულ გვირილობის დღესასწაულსაც და დამკვიდრებულ წესებზე საუბრობს.
გვირილობის დღესასწაულის მონაწილეთა აზრით, ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნას ტურისტული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა წარმოაჩინოს საკუთარი ქალაქის ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნება და ვიზიტორებს საინტერესო სანახაობები შესთავაზოს.
დილის 10 საათიდან ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან ქუთაისის დალოცვით დაიწყოდა გვიან ღამემდე 50-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა ცენტრალურ მოედანზე, ბულვარში, მონპლაზირის თაღთან და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, რომლებიც სადღესასწაულოდ დაიკეტა.
წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ღონისძიებებთან ერთად ქუთაისში წელს პირველად რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის - მესხიშვილის თეატრის დასმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებისა და სხვა სტუმრებისთვის თეატრის კიბეებზე შეასრულა ნაწყვეტები ინგლისურენოვანი მიუზიკლიდან „ პიგმალიონი“, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზოში კი გაიმართა ყველის ფესტივალი, რომელზეც ყველის 35 სახეობასთან ერთად წარმოდგენილი იყო ახლახან აღმოჩენილი „ხანის ქვევრის ყველი“. 2 მაისის გამოფენებს შორის თავისი შინაარსით ასევე ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქუთაისში შექმნილი ბრენდის, უალკოჰოლო სასმელ ლაღიძის წყლების თემაზე შესრულებული 50-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართველი კლასიკოსი მხატვრების ტილოები. ქუთაისის ვიცე-მერის, ნინო თვალთავაძის, განცხადებით, მერიამ გვირილობის დღესასწაულის კონცეფციის შემუშავებისას ქალაქისთვის დამახასიათებელი და ორგანული ყველა ღონისძიება გაითვალისწინა და სიახლეებიც სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების ადამიანების მოთხოვნის შესაბამისად დაიგეგმა.
ქუთაისში გვირილობის სახალხო ზეიმის წინამორბედად საუკუნის წინანდელი საქველმოქმედო აქცია ითვლება, რომლის დროსაც ქუთაისელი გიმნაზიელი გოგონები გვირილებს ყიდდნენ და შემოსული თანხით ჭლექით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. დღესაც მრავლად იყვნენ ქალაქის ცენტრში გიმნაზიის ფორმებში გამოწყობილ გოგონები, რომლებიც კალათებით, სიმბოლურად, გვირილებს დაატარებდნენ. ცენტრალურ ბულვარში გასაყიდად გამოტანილ ყვავილებს შორის კი დღესასწაულის სიმბოლო, მინდვრის გვირილა, და გვირილების გვირგვინები ჭარბობდა.