Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერლები "შავი სიიდან"


ბრძანების გამცემი ყოველთვის იყო (და არის) იმპერატორი - მნიშვნელობა არ აქვს, რა სახელი ერქმევა თანამდებობრივად ან გუშინ რა ერქვა, ვინ და რაც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის გვმტრობდა და სულ იმის ფიქრში იყო, კიდევ როგორ დავეჩაგრეთ და შევეშინებინეთ, მაგრამ ერთია ბრძანების მთქმელი და მეორეა შემსრულებელი, საქმის კაცი, აღმასრულებელი ჯალათი, როგორც წესი, გენერალი, რომელთა "შავი სიაც" საქართველოში 1801 წლიდან ივსება...

დღეს ამათგან ორს გავიხსენებ.

გენერლები "შავი სიიდან"
please wait

No media source currently available

0:00 0:08:45 0:00
გადმოწერა

ჯერ ეს:

პავლე ციციანოვი (ციციშვილი), კავკასიის პირველი მთავარმართებელი, დიდი ვერაგი კაცი, სრულიად გარუსებული (ალბათ, სწორედ ასეთზე იტყოდა არაპოლიტკორექტული ბებიაჩემი, რომ საქართველო თუ სძულთ, უმეტესად ამისთანა გადაჯიშებულ ქართველებს); ეშმაკი და ნიჭიერი სალდაფონი, რუსეთის იმპერატორის ბეჯითი მონა. ჯერ ხომ იმპერატორ პავლეს (ქართლ-კახეთის სამეფოს გამაუქმებელს) ედგა მჭერმეტყველ ქვეშევრდომად, მაგრამ საძინებელში რომ მოგუდეს (თუ საფეთქელში დაჰკრეს) შეთქმულებმა, მაშინვე მისი მემკვიდრის, ალექსანდრეს (ქართლ-კახეთის რუსეთში შემაერთებლის) სიტყვაუხვ და ეგზალტირებულ მსახურად იქცა. ეს ის მრავალი ნიშნით ორსახოვანი ალექსანდრეა, მამის, პავლე პირველის მოკვდინებას რომ დათანხმდა მდუმარედ და მერე გულწრფელი ცრემლებით დაიტირა, ძველი რუსული წესით, როცა "საბრალო მშობლის დამბლით დაღუპვის" ამბავი ამცნეს. ამბობენ, რომ იმპერატორის მკვლელებს შორის წარმოშობით ქართველი თავადიც იყო და ეს სულაც არაა დაუჯერებელი: რუსეთში ხომ უმეტესად საძინებელში კლავენ იმპერატორებს და, როგორც წესი, ეს უქართველოდ არ ხდება - სტალინიც ასე არ მოკვდა ორსაუკუნენახევრით გვიან? და ვინღა იტყვის, რომ ეს მეორე ქართველის - ლავრენტი ბერიას გარეშე არ მომხდარა?!

მივუბრუნდეთ ციციანოვს.

ეს ის კაცი იყო, წერილს წერილზე რომ აგზავნიდა იმპერატორთან, ვიდრე საქართველოს ორი დედოფალი - ერეკლე მეორის ქვრივი დარეჯანი და გიორგი მეთორმეტეს ქვრივი მარიამი საქართველოში დარჩებიან, მანამდე რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულების საფრთხე იარსებებს და ამიტომ ორთავე დროულად უნდა გადავასახლოთო.

გეგონება, ერეკლე ამას თანხმდებოდა 1783 წლის ტრაქტატში (დღემდე რომ ცრუობენ საბჭოთა პროპაგანდისტები), - სამეფო გამიუქმეთ, ბაგრატიონები დახოცეთ და საქართველო "ტფილისის და ქუთაისის გუბერნიად" გარდაქმენითო...

ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ ამგვარ სუიციდალურ ხელშეკრულებას დადებდა ისეთი ჭკვიანი და გამოცდილი მმართველი, როგორიც ერეკლე მეორე იყო?!

ქართველ მეფეებს სხვებიც იტაცებდნენ და კლავდნენ, მაგრამ ბაგრატიონების ათასწლოვანი მეფობა რუსეთის გარდა საქართველოს არც ერთ პოლიტიკურ მტერს არ გაუუქმებია. არც, მათ შორის, ერეკლეს აქტუალურ და მრავალსახოვან მოწინააღმდეგეებს - სპარსებს და ოსმალებს.

ამიტომ იყო, საიმპერატორო ჩინოვნიკები თვალთმაქცური სიდინჯით რომ ელოდნენ ჯერ ერეკლეს გარდაცვალებას, მერე კი გიორგი მეთორმეტეს სიკვდილს. ციციანოვმა ოსტატურად ითამაშა ქართველების გახლეჩილობისადმი მიდრეკილებასა და ამბიციებზე და რუს ჩინოვნიკთა მიერ "ქართველთმცოდნეობის" მომავალში არაერთგზის გამოყენებული მოდელი დაამკვიდრა - ერთი შეხედვით, პრიმიტიული ინტრიგებით კიდევ უფრო მეტად გააღრმავა ისედაც საკმაოდ მძიმე და უაზრო კონფლიქტი ერეკლეს შვილებსა და გიორგის შვილებს შორის: თუ ვის უნდა დარჩენოდა ქართლ-კახეთის ტახტი - ერეკლეს შვილ იულონს თუ გიორგი მეთორმეტის შვილ დავითს.

სამწუხაროდ, ქართველ ბატონიშვილთა ორივე ფრთამ გვიანღა გააცნობიერა, რომ ტახტისთვის ქიშპობას აზრი აღარ ჰქონდა, რაკი უკვე თავად საქართველო გაუქმებულიყო.

ჰოდა, ზოგი ბედს შეეგუა, ზოგიც იმპერიის ჩინოვნიკი გახდა და ზოგმაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოლა საქართველოს გათავისუფლებისათვის - როგორც, მაგალითად, ერეკლეს შვილებს შორის ციციანოვისთვის ყველაზე საძულველმა - ალექსანდრე ბატონიშვილმა (1832 წლის შეთქმულებსაც კი რომ ჰქონდათ მისი გამეფების იმედი).

მართლაც, რა არააქტუალური გახდა კონფლიქტი ორ ქვრივ დედოფალსა და ბაგრატიონ ძმებს შორის, როცა რუსეთის "მამისმკვლელი" იმპერატორის მანიფესტი გამოქვეყნდა ქართლ-კახეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ!

მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია. პავლე ციციანოვის ისტორია კი ბაქოს მისადგომებთან დასრულდა ქართლ-კახეთის გაუქმებიდან ოთხიოდე წლის შემდეგ: მას ქალაქის მისადგომებთან მოაჭრეს თავი და ხელები და ნაკუწ-ნაკუწ აქნეს...

გეგონება, ეს ყოფილიყო მისი მისია - ისტორიული სამშობლოს გაუქმება და მერე თუნდაც სიკვდილი, მაგრამ ვინ დაუფასა, ანკი რომელი "გადაჯიშებულისთვის" დაეფასებინათ რამე, მაინც და მაინც მის ხსოვნას რომ გაფრთხილებოდნენ? რუსეთში ერთ-ორ ისტორიკოს თუღა ახსოვს ახლა (უცნაურია, 2008 წლის ომის მერე გაახსენდათ და წიგნიც კი გამოსცეს, სადაც ვერ გაიგებ, ციციანოვის დროინდელ რუსეთზე ჰყვებიან თუ პუტინისაზე), საქართველოში კი ის თითქოს სიონის ტაძარში უნდა იყოს დამარხული, თუმცა მისი საფლავის ქვას წარწერა აღარ ეტყობა, ამ დროს, კი უნდა ეტყობოდეს, რადგან ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, მტერი სადაა, თუნდაც მკვდარი მტერი...

ჩემი მეორე ანტირჩეული გენერალი ლაზარევია. ეს კაცი ქართლ-კახეთის გაგუბერნიებამდეც საქართველოში იყო და თანამედროვეთა მიერ "ზაქიჭამიად" სახელდებულ, ღვთისმოსავ და მომაკვდავ გიორგი მეთორმეტეს ედგა ვითომდა კეთილისმსურველ ზედამხედველად (ვინ იცის, იქნებ სწორედ მისი ზედამხედველობის დამსახურებით გაჩნდა ძველი ჭორი, რომ ქართლ-კახეთის ბოლო მეფე თავისი სიკვდილით არ მომკვდარა და ის მოწამლეს?!).

გენერალი ლაზარევი ერთგვარი მცირე ფორმატის "ბერია" იყო, რომლის აგენტებიც უხილავ რკალად ეხვეოდნენ მეფესა და ბატონიშვილებს. ციციანოვის არ იყოს, ლაზარევიც საკმაოდ ჭკვიანი მოხელე გახლდათ და კარგად იცოდა, რომელ ქართველთან როგორ ემოქმედა. უმეტესად მართებულ (იმპერიისთვის მართებულ და არა საქართველოსთვის) რჩევებს აძლევდა თავის ზემდგომებს და ზემდგომებისგან განსხვავებით (რომლებიც "სათანადოდ არ იცნობდნენ ქართველი კაცის ბუნებას" - ეს ლაზარევის სიტყვებია), თითქმის არასდროს უშვებდა შეცდომას.

თუმცა ერთხელ მოხერხებულმა ლაზარევმაც დაუშვა მისი ცხოვრების მთავარი და საბედისწერო შეცდომა, როცა საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამ ციციშვილის ძალით გაყვანა განიზრახა მეფის სასახლიდან (პარადოქსი - დედოფალ მარიამს მისი მოგვარისა და ქვეშევრდომის, ციციანოვის მითითებით აძევებდნენ საქართველოდან).

ერეკლეს მეორის ქვრივი, დარეჯან დედოფალი, უკვე რუსეთში იყო გადასახლებული და ახლა მოქმედი დედოფლის ჯერი დამდგარიყო. ლაზარევმა სპეციალური ბრძანება მიიღო პეტერბურგიდან, რომ თუკი დედოფალი ნებით არ გაჰყვებოდა, შეეძლო ძალაც ეხმარა (ლაზარევს ასე მიუწერია თავისი ხელქვეითებისთვის: Тахтреван გავუკეთოთო). Тахтреван-ს დედოფლის პატივისცემის იულუზია უნდა შეექმნა, თორემ მის გარშემო შეიარაღებული ცხენოსნები იდგებოდნენ ყარაულებად. თუმცა დედოფალი არც ამჯერად დათანხმებულა, ამიტომ გენერალი ლაზარევი, რაკი ბრძანებაც ჰქონდა, მოურიდებლად შესულა მის მოსასვენებელ ოთახში და გამოსვლა უბრძანებია. დედოფალს უთქვამს, რომ შეუძლოთ იყო და თითქოს ხელიც კი მიუცია ლაზარევისთვის, რათა გენერალი ხელის მხურვალებას დაერწმუნებინა შეუძლოთ ყოფნის უტყუარობაში. ოთახში ბნელოდა, დედოფალს მხოლოდ სახის ნაწილს უნათებდა მზის შუქი, ლაზარევს ხელი მოუკიდებია, მაგრამ მარიამს თურმე ხანჯალი სჭერია, რომელიც პირდაპირ გულში ჩაურტყამს გენერლისათვის. ჩასცა და უცებ ამოუღოო. ლაზარევს კარამდეც ვერ მიუღწევია და იქვე მომკვდარა, მარიამის ფეხთით.

სულ იმით ტრაბახობდა, რომ კარგად იცნობდა ქართველებს და მათი მართვა შეეძლო, მაგრამ ის კი ვერ განჭვრიტა, რომ სიკვდილს მიიღებდა საქართველოს უკანასკნელი დედოფლის ხელიდან.

თუმცა ისტორიამ სხვა ვერსიაც შემოგვინახა, სადაც ლაზარევს თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი კლავს დედოფლის მოსასვენებელში და მარიამი კი თავის თავზე იღებს ჩადენილს. ბიპოლარული იმპერატორი ალექსანდრე, რომელიც ტირანიასა და ჰუმანიზმს შორის მერყეობდა, დედოფლის მოკვდინებას ვერ გაბედავდა, თავადს კი აუცილებლად ჩამოახრჩობდნენ (თუმცა, სადაც მამის მკვლელობას დათანხმდა, მარიამ ციციშვილზე რაღატომ უნდა ეჭოჭმანა?!).

პირველი ვერსიის სასარგებლოდ კი ის ცნობაც გამოდგება, რომ ლაზარევის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მარიამს მის მსახურ ლეკებთან ესწვალა თუ დაეხვეწა ხანჯლის ხმარება.

გენერლები კიდევ მრავლად ერჩოდნენ საქართველოს - გენერალი გრიაზნოვიდან გენერალ დენიკინამდე, არაგენერალ-დამპყრობელი ოჯრონიკიძიდან 9 აპრილის წლისთავზე ფიტულად ქცეულ და აალებულ გენერალ როდიონოვამდე, რომელთა ამბებსაც, ალბათ, სხვა დროს მოვყვებით...

ეს ჯალათები რეალურები იყვნენ, არსებობდნენ, გვსპობდნენ და მერე ისტორიის წყდიადში ინთქმებოდნენ, მაგრამ დღეს არც ერთი მათგანი აღარ არსებობს, არც ძვლები აღარ დარჩა მათი და არც სახელები, საქართველო კი მაინც არის, მაინც ცოცხალია...

ჰოდა, საინტერესოა, რა ბედი ეწია (ან ეწევა) გენერალ ბორისოვს?

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG