Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენი კაცუნა“ - კრემლი ტრამპის გამარჯვებით გამოწვეულ გრძნობებს მალავს


"მატრიოშკები" ვლადიმირ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის გამოსახულებით. სასაჩუქრე მაღაზია მოსკოვში, 2024 წლის 6 ნოემბერი.
"მატრიოშკები" ვლადიმირ პუტინის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის გამოსახულებით. სასაჩუქრე მაღაზია მოსკოვში, 2024 წლის 6 ნოემბერი.

კრემლი დონალდ ტრამპის გამარჯვებას თავშეკავებულად შეხვდა. მაგრამ რუსული მედია წერს, რომ კრემლის კულუარებში აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას მოელიან.

კრემლის პრესსპიკერმა თქვა, რომ არ იცის, მიულოცავს თუ არა ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

„მოდი, მაინც ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია არამეგობრულ ქვეყანაზე, რომელიც პირდაპირ და ირიბადაც ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში“, - უთხრა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

მოსკოვს „არ აქვს ილუზიები“ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაზე. „აშშ-ის მმართველი პოლიტიკური ელიტა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მისდევს ანტირუსულ და "მოსკოვის შეკავების" ხაზს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კრემლი სიხარულს მალავს?

ტრამპს, რომელიც 5 ნოემბერს ამერიკის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს, არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მისი პრეზიდენტობისას პუტინი უკრაინაზე თავდასხმას ვერ გაბედავდა, და გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს „24 საათში“ დაასრულებს.

ტრამპი ამას ისე ხშირად იმეორებდა, რომ ერთხელ გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა, ვალერი ნებენზიამაც კი უპასუხა, რომ „უკრაინული კრიზისის გადაჭრა ერთ დღეში შეუძლებელია“.

რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ახლა მარჩიელობენ, გააგრძელებს თუ არა ის უკრაინის ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, თუ აიძულებს კიევს, დათმობებზე წავიდეს.

„ტრამპს აქვს ჩვენთვის სასარგებლო ერთი თვისება: ბიზნესმენია თხემიდან ტერფამდე და ძალიან არ უყვარს ფულის სხვადასხვა მუქთახორაზე ხარჯვა [იგულისხმება უკრაინის ხელისუფლება - რ.თ.]“, - დაწერა ტელეგრამში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.

გამოცემა „ფაინენშელ ტაიმსის“ შეფასებით, კრემლს ტრამპის გამარჯვება უხარია, მაგრამ ამის დაფარვას ცდილობს. ამიტომ, წერს გამოცემა, მმართველი ელიტების ნამდვილი პოზიცია, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების შეფასებებში იკითხება.

არ არის გამორიცხული, აშშ-მა აღარ დახარჯოს ფული „პროქსი-ომზე რუსეთის წინააღმდეგ. შესაძლოა აქ უფრო კონსტრუქციული მიდგომის იმედიც გვქონდეს“, - უთხრა სახელმწიფო მედიას ლეონიდ სლუცკიმ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რუსულ-ამერიკული ურთიერთობების შესაძლო „გადატვირთვაზე“ ლაპარაკობს კირილ დმიტრიევიც, რუსეთის სახელმწიფო ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, დმიტრიევი არჩევნებამდე დონალდ ტრამპის გუნდს ეკონტაქტებოდა.

“ჩვენი კაცუნაა”

ოპოზიციური გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ ანონიმურობის პირობით რამდენიმე რუს საჯარო მოხელეს ელაპარაკა, რომლებიც ტრამპის გამარჯვებით კმაყოფილები იყვნენ.

„[რუსეთთან] ახლო ტიპაჟია. კაშკაშა კაცია, კაციც არა - ჩვენი კაცუნაა. ლაპარაკობს კონსერვატიზმზე, მდიდარია, წარმატებული. რუსეთს შეურაცხყოფას არ აყენებს, ... ტრამპი ცოტათი ჩვენიანია, ისეთივეა, როგორიც ჩვენ“, - ციტირებს „მედუზა“ საჯარო მოხელეს.

თუმცა, მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროს თქმით, კრემლის იმედები ბოლომდე არ გამართლდა, რადგანაც ყველაზე მეტად არჩევნების შემდეგ არეულობას ელოდებოდნენ.

პუტინის გარემოცვა იმედოვნებდა, რომ კამალა ჰარისი გაიმარჯვებდა, ტრამპი და მისი მხარდამჭერები კი ამ გამარჯვებას არ აღიარებდნენ და ქუჩაში გამოვიდოდნენ.

„იმედი გვქონდა, რომ კრიზისის პირობებში, ამერიკის ხელისუფლება შიდა პრობლემებზე კონცენტრირდებოდა და არა რუსეთთან დაპირისპირებაზე“, - თქვა „მედუზას“ წყარომ.

რუსული მედია მოელის, რომ თავად პუტინიც მალე გააკეთებს კომენტარს აშშ-ის არჩევნებზე.

სექტემბერში, პუტინმა თქვა, რომ არჩევნებში კამალა ჰარისს გულშემატკივრობს, რადგან მას „გადამდები სიცილი აქვს“, ტრამპმა კი „რუსეთს იმდენი სანქცია დაუწესა, რამდენიც იქამდე არცერთ პრეზიდენტს არ დაუწესებია“.

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განმარტა, რომ პრეზიდენტმა იხუმრა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG