Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სალონები განსაკუთრებით საფრთხის შემცველია...“


სილამაზის სალონებისთვის დაწესებული შეზღუდვები თანამშრომლებს აიძულებს შინ დარჩენაზე იფიქრონო, ამბობენ ახალციხეში სტილისტები და ვიზაჟისტები. თვითდასაქმებულები ფიქრობენ, რომ პირბადეების, ხელთათმანების, დეზობარიერების, თერმომეტრებისა და მომსახურებისთვის საჭირო პროდუქტის შეძენა გაძვირებული ფასებით მოუწევთ, რაც მათი მომხმარებლის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„ვის სჭირდება ახლა სალონში წასვლა ან მაკიაჟი, საერთოდ? არც ქორწილებია, არც დაბადების დღეები...“ - ამბობს სუსანა შუშანიანი.

დღესასწაულები რომ საზეიმო ვითარებაში აღარ აღინიშნება, ეს ყველაზე მეტად სილამაზის სალონებში აწუხებთ. სუსანა შუშანიანი, წლებია, ვიზაჟისტად მუშაობს, თუმცა COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მეუღლესთან ერთად უმუშევარი დარჩა. ორივე თვითდასაქმებულია, მაგრამ ეჭვობენ, რომ 300-ლარიანი დახმარების მიღება რომელიმემ შეძლოს, რადგან ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენა გაუჭირდებათ. სუსანასთვის ყველაზე მძიმე პერიოდი აკრძალვების გაუქმების შემდეგ დაიწყება, რადგან შიშობს, რომ კრიზისული პერიოდის გამო ხალხი სალონების ნაცვლად თანხას პროდუქტების შესაძენად დახარჯავს:

სუსანა შუშანიანი
სუსანა შუშანიანი

„ხალხს პურის ფული არ აქვს და, თუ გავაძვირებთ, ვინღა შემოვა, საერთოდ? თუ გავაძვირებთ, მით უმეტეს. მაშინ რისთვის უნდა ვიმუშაოთ, მაგას სჯობია სახლში დავრჩეთ. შარშან ამ დროს ძალიან კარგი მუშაობა იყო. წელს არც ბანკეტებიa, არც ქორწილები. ისე გამოდის, რომ ჩვენი პროფესია ახლა არავის არ სჭირდება. უკვე რამდენი ხანია, არავინ მუშაობს, სახლში სხედან და ვისაც რა ჰქონდა, საჭმელში ხარჯავს. ერთი წელი მაინც გაგრძელდება ასე“.

მთავრობის ექვსეტაპიანი გეგმის მიხედვით, საქართველოში სილამაზის სალონები 8 ივნისიდან გაიხსნება, თუმცა დაწესებულებების თანამშრომლებს ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. ახალციხის სალონებში იციან, თუ რა წესები უნდა დაიცვან გახსნის შემდეგ სალონებმა. სტილისტი საიგუშ მკრტიჩიანი შიშობს, რომ გაძვირებული პროდუქციისა და გაზრდილი ხარჯების გამო ძველი ფასის შენარჩუნებას სალონები ვეღარ შეძლებენ.

„ყველა სტილისტს უნდა ჰქონდეს ჟურნალი, რომ ჩავწეროთ რამდენი კლიენტი მივიღეთ, გავუზომოთ სიცხე, ჩავუტაროთ დეზინფექცია. არ შეიძლება ხელთათმანისა და პირბადის გარეშე ყოფნა. დისტრიბუცია ჩამოვა, ალბათ, გაძვირებული პროდუქტით. ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. რომ გავალთ სამუშაოდ, ეგ ყველაფერი უნდა ვიყიდოთ. ამბობენ, გავაძვიროთო“, - აცხადებს საიგუშ მკრტიჩიანი.

სალონების მსგავსად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის სამკერვალო სტუდიები, რომლებიც სადღესასწაულო სამოსს კერავენ. აღუნიკ ნახაპეტიანი 42 წელია, მკერავად მუშაობს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტილის სამკერვალო საქმიანობას ეწეოდა. ახლა, მყიდველის სურვილის მიხედვით, სადღესასწაულო ტანსაცმელს კერავს.

„მე მაქვს საღამოს კაბები, გოგონები მოდიან ხოლმე ჩემთან, თუმცა ახლა უსაქმურად ვზივარ. კორონავირუსმა პრობლემა, ტკივილი, შფოთი - ყველაფერი ერთად მოიტანა. ძალიან რთული პერიოდია. გვეშინია ავადმყოფობის, უმუშევრობის, უსაქმურობის -განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. სამწუხაროდ, როგორც ადრე იყო, ისე ნორმალურად აღარაფერი იქნება. ხალხიც შეშინებულია - ამბობენ, სექტემბერში ვირუსის მეორე ეტაპი დაიწყებაო. კიდევ უფრო მძიმე ვითარება იქნება სამი თვის შემდეგ, როცა ხალხს მარაგი ამოეწურება და ყიდვასაც ვერ შეძლებს“.

რეკომენდაციათა ჩამონათვალში ათზე მეტი საკითხია. დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე მარინა მოდებაძე ფიქრობს, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია რთულია, მაგრამ ყველა შესასრულებელია. ის იმასაც აღნიშნავს, რომ ხარჯები გაზრდილია და, შესაბამისად, სალონში მომსახურებაც გაძვირდება.

„სალონები განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, რადგან იქ ადამიანები 10 და 15 წუთით არ შედიან, იქ არიან საათობით. ამიტომ, როცა საათობით ზის ადამიანი, რომელიც შეიძლება ინფექციის მატარებელია, ძალიან დიდი შანსია, რომ ინფექცია გავრცელდეს. ახალციხეში არსებული სალონებიდან ზოგს აქვს პატარა ფართი, ზოგს შედარებით დიდი, მაგრამ ჩვენ ამ რეგულაციებს ვერანაირად ვერ გავექცევით. ამ კორონავირუსმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა და, რა თქმა უნდა, სალონების მუშაობის სტილსაც შეცვლის’’, - ამბობს მარინა მოდებაძე.

მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობის #181 დადგენილებით შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებული, უფლების მოსაპოვებლად უნდა შეავსონ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, რის შემდეგაც გაივლიან ინსპექტირებას და დადგინდება, რამდენად აქვთ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინების შესრულების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG