საქართველოში დღეიდან 28 740-ით მეტი სტუდენტია. ამდენი აბიტურიენტი ჩაირიცხა წელს უმაღლეს სასწავლებელში. საბოლოო პასუხები მათ 30 აგვისტოს შეიტყვეს და ახლა განაცხადებით თავის სასწავლებლებს უნდა მიმართონ.
თამთა ასათიანი ამბობს, რომ აბიტურიენტობისა და გამოცდების პროცესი დღეის გადმოსახედით არ იყო რთული. ისიც ერთ-ერთია მათ შორის ვინც წელს სტუდენტი გახდა. თამთამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი აირჩია და აპირებს პროგრამირება შეისწავლოს. ყველაზე მაღალი ქულაც ინტერესების შესაბამისად მათემატიკის გამოცდაში აიღო.
აბიტურიენტებს ჰქონდათ საშუალება შეეცვალათ სასწავლებლებში პრიორიტეტები და თამთამაც ცვლილებების შედეგად მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. ასე აღმოჩნდა იქ სადაც უნდოდა.
გამოცდები 2019 ციფრებში
წელს სტუდენტებში გრანტები ამგვარად გადანაწილდა:
- 100%-იანი გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო.
- 70%-იანი გრანტი - 1455-მა აპლიკანტმა.
- 50%-იანი გრანტი 4083-მა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, რომ წელს დაახლოებით 2%, რომელმაც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში იმის გამო, რომ არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. გორგოძის განცხადებით, ეს მოხდა იმ შემთხვევებში, როდესაც პროგრამაზე იყო მაღალი კონკურსი ან გაზრდილი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ნატა ჭინჭარაშვილი ილიას უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა და 50%-იაი დაფინანსება მიიღო. “მთელი ეს დრო რთული იყო ჩემთვის იმ მხრივ რომ დრო აღარ მრჩებოდა არაფრისთვის. რეპეტიტორებთან სიარული ყველა აბიტურიენტს გვიწევს, რაც ცუდია. თითონ სწავლისა პროცესი კი არ იყო რთული. ბავშვობიდან მინდოდა ფსიქოთერაპევტი გამოვსულიყავი. ეს ფაკულტეტი ზოგადია და მეორე წლიდან კონკრეტული არჩევანის გაკეთების საშუალებას მაძლევდა. პირველ კურსზე მაინც ზუსტად არ იცის სტუდენტმა რა უნდა”, - ამბობს ნატა
როგორც აღმოჩნნდა, ნატას ფაკულტეტი ყველაზე მოთხოვნადებს შორის წელს არ ყოფილა. 2019 წელს აბიტურიენტების უმრავლესობამ უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.
რა არის შემდეგი ეტაპი?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მომავალ სტუდენტებს შემდეგ რჩევას აძლევს: მას მერე, რაც აბიტურიენტებმა გაიგეს რომელ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდნენ, ისინი უნდა დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის ცხელ ხაზს ან ესტუმრეთ მათ ოფიციალურ ვებგვერდს, რათა გაიგონ რა სახის დოკუმენტაცია აქვთ წარსადგენი სასწავლებელში.
ასევე ცენტრი მათ ურჩევს ყურადღებით გაეცნონ უნივერსიტეტის პროცედურებსა და სარეგისტრაციო ვადებს, ასევე სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი.
მათ ახლა უნივერსიტეტში უნდა დააზუსტონ მოხვდნენ თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მიმართულებაზე, რადგან კონკრეტულ მიმართულებაზე გარკვეული რაოდენობის ადგილებია გამოყოფილი.
პირველკურსელები მალე სწავლას დაიწყებენ. რადიო თავისუფლებასთან მოლოდინებზე საუბრისას კი აღნიშნავენ, რომ პროფესიის დასაუფლებლად უფრო საუნივერსიტეტო განათლების მიღმა დამატებითი მასალების მოძიების იმედზე არიან.