Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათანაბრდება ქალების და კაცების საპენსიო ასაკი საქართველოში?  - ბუდუ შეყილაძე პარლამენტის წინააღმდეგ


საქართველოში საპენსიო ასაკი 65 წელია, ქალებს პენსიაზე გასვლა 60 წლიდან შეუძლიათ. საილუსტრაციო ფოტო.
საქართველოში საპენსიო ასაკი 65 წელია, ქალებს პენსიაზე გასვლა 60 წლიდან შეუძლიათ. საილუსტრაციო ფოტო.

63 წლის ბუდუ შეყილაძემ გადაწყვიტა, მამაკაცების საპენსიო ასაკის (65 წელი) ქალების საპენსიო ასაკამდე (60 წელი) ჩამოწევის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა.

მისი აზრით, საპენსიო ასაკის ასეთი გაყოფა, კაცების მიმართ დისკრიმინაციულია, ხოლო სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის 1 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ - თანასწორობის უფლებას (მე-11 მუხლის პირველი ნაწილი).

სასამართლო პროცესზე ბუდუ შეყილაძემ თქვა, რომ სახელმწიფო უთანასწოროდ ეპყრობა სხვა მხრივ თანაბარ ვითარებაში მყოფ პირებს - ქალებს და კაცებს, რომ სადავო ნორმა არღვევს მის უფლებას, რის გამოც ის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს.

ბუდუ შეყილაძე და მისი ადვოკატი გიორგი ლაბაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ბუდუ შეყილაძე და მისი ადვოკატი გიორგი ლაბაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე

ბუდუ შეყილაძე: მე ვიანგარიშე და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხუთი ასაკობრივი ჯგუფი მიიღებს სახელმწიფო პენსიას, რომელიც წელიწადში 324 მილიონ ლარს არ აღემატება.

მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე: ჩვენ რომც გავაუქმოთ ეს ნორმა, სასამართლოს არა აქვს უფლება დაადგინოს, რომ მამაკაცებმაც 60 წლის ასაკიდან აიღონ პენსია. ეს პარლამენტის საქმეა. მაგრამ თუ პარლამენტმა ასეთი ჩანაწერი არ შემოიტანა და უბრალოდ თქვა, რომ საპენსიო ასაკი საქართველოში არის 65 წელი, ქალებიც და კაცებიც გაათანაბრა და ყველას დაენიშნა პენსია 65 წლიდან, მაშინ თქვენი მიზანი რამდენად იქნება მიღწეული, პირიქით ხომ არ მოხდება, რომ ქალებსაც წაერთმევათ ეს უპირატესობა?

ბუდუ შეყილაძე: ერთხელ უკვე მინიჭებულ უფლებას ხომ ვერ ჩამოართმევენ ქალებს?

სასამართლო სხდომის მსვლელობისას საუბარში მოსარჩელის ადვოკატი, გიორგი ლაბაძე ჩაერთო, რომლის ვარაუდით, მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქალებს არ ჩამოერთმევათ 60 წლიდან პენსიაზე გასვლის სარგებლობის უფლება:

„ჩვენი აზრით, ეს ძალიან საფრთხილო ამბავია პოლიტიკური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით და ამიტომ მოველით, რომ პარლამენტი ამ საკითხს სწორად მოეკიდება. მისი რაციონალურობის იმედი გვაქვს“.

მანანა კობახიძე: და სამართლებრივი მხრივ რომ შევხედოთ?

გიორგი ლაბაძე: სამართლებრივი მხრივ, ჩვენ გვინდა, რომ აღმოიფხვრას დისკრიმინაცია.

ადვოკატმა გიორგი ლაბაძემ, მოგვიანებით, რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც დააზუსტა, რომ მოსარჩელის მოტივაცია არ ყოფილა ქალებისათვის საპენსიო ასაკის გაზრდა, პირიქით. თუმცა რადგან კანონი არ იძლეოდა სხვაგვარად გასაჩივრების შესაძლებლობას, დავა სწორედ დისკრიმინაციის კუთხით წაიყვანეს.

თავდაპირველად, ბუდუ შეყილაძე, რომელიც, როგორც პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, სახელმწიფოსგან იღებს კომპენსაციას, მოითხოვდა კაცების საპენსიო ასაკის დაწევას, დამატებით პენსიის აღების მიზნით.

თუმცა ამ მოთხოვნის პასუხად, სასამართლოზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, ლევან ღავთაძემ განმარტა, რომ მოსარჩელე ყოველთვიურად იღებს სახელმწიფოსგან კომპენსაციას - 560 ლარს. კანონით, ის ვერ შეძლებს ერთდროულად პენსიის და კომპენსაციის აღებას და მოუწევს არჩევნის გაკეთება.

„თეორიულადაც რომ დავუშვათ დღეს საქართველოში საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევა, მოსარჩელის პრობლემა ამით ვერ მოგვარდება - ის, ალბათ, კომპენსაციას აირჩევს, რადგან პენსიის ოდენობა ბევრად ნაკლებია. ასე რომ, სულ რომ არაკონსტიტუციურად ცნოს ეს ნორმა სასამართლომ, მოსარჩელე მიზანს ვერ მიაღწევს“.

რით აიხსნება, რომ საქართველოში საპენსიო ასაკი 65 წელია, თუმცა ქალებს პენსიაზე გასვლა ხუთი წლით ადრე შეუძლიათ?

ლევან ღავთაძემ ეს ფაქტი ქვეყნის სოციალური რეალობით ახსნა და ევროპული ქვეყნების მაგალითებიც მოიყვანა. მისი თქმით, ზოგადად, ევროპაში საპენსიო ასაკის ზრდის ტენდენციაა. ბრიტანეთში, მაგალითად, საპენსიო ასაკი 65 წელია და ის თანაბარია როგორც ქალების, ისე კაცებისათვის, მაგრამ ეს აიხსნება სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდით, გამართული და განვითარებული ჯანდაცვის სისტემით და ა.შ.

საქართველოში, მისი თქმით, სხვა რეალობაა და განსხვავება საპენსიო ასაკში არ აიხსნება გენდერული სტერეოტიპებით.

ლევან ღავთაძე ასახელებს არგუმენტებს, რატომ არის საქართველოში პენსიაზე გასვლის ასაკი ქალებისთვის 60 წელი
ლევან ღავთაძე ასახელებს არგუმენტებს, რატომ არის საქართველოში პენსიაზე გასვლის ასაკი ქალებისთვის 60 წელი

მისი თქმით, საქართველოში, ქალები, შინამეურნეობებში ბევრად მეტ არაანაზღაურებად საქმეს აკეთებენ და ამის დასტურია გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევებიც.

ამ კვლევის მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო და ზრუნვის შრომას თითქმის 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ბავშვის აღზრდაში დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული. დედები ბავშვის მოვლას 5-ჯერ მეტ დროს, კვირაში 20.4 საათს უთმობენ, მამები კი - კვირაში 3.9 საათს.

და ზოგადად, საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დროის წილი (17.8 %) 4.8-ჯერ მეტია კაცების მიერ დახარჯულ დროზე (3.7 %).

„სწორედ ამის დასაბალანსებლად უჩნდებათ ქალებს უფლება, რომ პენსიაზე გავიდნენ 60 წლიდან“, - ლევან ღავთაძე მეორე მიზეზსაც ასახელებს, სახელფასო სხვაობას ქალების და მამაკაცების ნომინალურ ხელფასებს შორის საქართველოში. განსხვავება, საქსტატის მონაცემებით, მამაკაცების სასარგებლოდ 500-700 ლარია.

საკონსტიტუციო სასამართლოში შესული ეს სარჩელი არც ქალთა უფლებების დამცველების ყურადღების მიღმა დარჩენილა.

ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს”, თანადირექტორი, იდა ბახტურიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალების უფლებების დამცველები ამ ნორმას აფასებენ არა დისკრიმინაციულად, არამედ პირიქით, დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ ნორმდ, რომელიც რეალურად არის დროებითი მექანიზმი, ისევე როგორც, მაგალითად, გენდერული კვოტები - არსებითი თანასწორობის მისაღწევად.

„საქართველოს კონსტიტუცია ამბობს კიდეც, რომ ამ არსებითი თანასწორობის მისაღწევად საქართველო ვალდებულიც კია შემოიღოს ისეთი დროებითი მექანიზმები, რომელიც დააბალანსებს ეკონომიკურ თუ სხვა სახის უთანასწორობას, რომელიც დღეს გენდერულ ჭრილში საქართველოში არსებობს“ - გვითხრა იდა ბახტურიძემ.

იდა ბახტურიძე
იდა ბახტურიძე

იდა ხსნის, რატომ ასრულებს უნივერსალური სახელწმიფო პენსია ქალებისთვის ძალიან დიდ როლს და იხსენებს 2018 წელს, როცა საქართველოში ე.წ. დაგროვებითი პენსიის სისტემა შეიქმნა, რამაც მისი თქმით, მკაფიოდ გამოკვეთა განსხვავება - დაგროვებითი პენსია იმ ქალებისათვის, ვინც ეკონომიკურად კაცებზე ნაკლებად აქტიურები არიან ან, როგორც წესი, აქვთ მათზე დაბალი ხელფასი, არახელსაყრელი და არამომგებიანი გამოდგა.

„სწორედ ამ განსხვავებას აკომპენსირებს ჩვენნაირ ქვეყნებში სახელმწიფო პენსია, რომლის აღებაც ქალების შედარებით ადრე შეუძლიათ“.

სასამართლო განხილვა უკვე დასრულებულია და მოსარჩელე მხარე ახლა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ელის, რომელსაც დრო დასჭირდება. შესაძლოა, რამდენიმე თვეც. თუმცა, გიორგი ლაბაძემ რადიო თავისუფლებას ისიც უთხრა, რომ მათ არ სურთ რაიმე უხერხულობის შექმნა, კერძოდ, ქალებისთვისაც 65 წლამდე საპენსიო ასაკის აწევა, ამიტომ, ის არც სარჩელის უკან გამოხმობას გამორიცხავს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG