"საქართველოს რკინიგზა“ ხელოვნური ბარიერებით ზღუდავს კონკურენციას და ხელს უწყობს მონოპოლიის გამყარებას“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე, რომლის თქმითაც, საქართველო ორ პარალელურ სამყაროში იმყოფება:
„პირველში გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საუბრობს იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონული ბიზნესჰაბი, უნდა იყოს აბრეშუმის გზის ლიდერი სახელმწიფო, თუმცა ასევე გვაქვს მეორე, პარალელური სამყარო - რეალობა, რომლის წინაშეც დგანან გადამზიდავი კომპანიები“.
გადამზიდავი, ექსპედიტორი კომპანიები ითხოვენ საქართველოს რკინიგზისგან ტვირთების ტრანსპორტირებას, იხდიან ამისთვის გადასახადს, თუმცა, როგორც კომპანია “Crossline Logistics”-ის დირექტორი ლაშა ფარულავა ვარაუდობს, „საქართველოს რკინიგზა“ ასრულებს მონოპოლისტების შეკვეთას, გაურბის მოვალეობის შესრულებას და არ ახდენს ტვირთების ტრანსპორტირებას.
„2 ივნისს გავაფორმეთ „საქართველოს რკინიგზასთან“ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, 2028 წლამდე გვაქვს ყოველწლიურად 40 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვის უფლება. ამ კონტრაქტის საფუძველზე გავაფორმეთ სომხურ კომპანია AG Fuel-თან ხელშეკრულება და ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ყოველთვე 3 ათას ტონა ნავთობპროდუქტს გადავზიდავდით. ამ კომპანიამ ავანსად ჩამოგვირიცხა გარკვეული თანხა, რომლითაც ვაპირებდით ბათუმიდან ერევნის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვას, თუმცა, როცა უშუალოდ გადავედით პროცედურებზე, საქართველოს რკინიგზის მხრიდან წავაწყდით უამრავ პრობლემას“.
გადაზიდვების ფილიალი ხელოვნურად გვიქმნის ბარიერს და არ გვაძლევს საშუალებას გადავიტანოთ ტვირთები, რითაც გვაყენებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რადგან აღებული გვაქვს ვალდებულებები სომხურ კომპანიასთან და მათი შეუსრულებლობის გამო გვექმნება ფინანსური პრობლემები...ლაშა ფარულავა
ლაშა ფარულავას თქმით, მან „რკინიგზაში“ წარადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საბუთი, ე.წ. მესპლანი, მაგრამ „საქართველოს რკინიგზის“ გადაზიდვების ფილიალმა არ გაუგზავნა შეთანხმება სომხურ მხარეს.
„’საქართველოს რკინიგზა’ გვეუბნება: ჩვენ კი გავგზავნით ამ ტვირთს, მაგრამ სომხეთის მხარე უარს ამბობს, რადგან სომხურ კომპანიას არ აქვს ჩიხი და, შესაბამისად, იმ პროცედურებს არ იცავს, რაც „საქართველოს რკინიგზის“ პროცედურების მიხედვით უნდა იყოს დაცული. მივმართეთ „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“, დაედასტურებინათ, რომ მზად იყვნენ აღნიშნული ტვირთის მისაღებად. მივიღეთ დადასტურება „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ დირექტორისგან. ყველა ეს დოკუმენტი წარვუდგინეთ „საქართველოს რკინიგზას“, თუმცა სწორედ ამის შემდეგ შეწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა „საქართველოს რკინიგზამ“. გადაზიდვების ფილიალი ხელოვნურად გვიქმნის ბარიერს და არ გვაძლევს საშუალებას გადავიტანოთ ტვირთები, რითაც გვაყენებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რადგან აღებული გვაქვს ვალდებულებები სომხურ კომპანიასთან და მათი შეუსრულებლობის გამო გვექმნება ფინანსური პრობლემები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ფარულავამ.
„საქართველოს რკინიგზის“ მოქმედებით უკმაყოფილოა ლაშა ფარულავას სომეხი პარტნიორი, სომხური ნავთობიმპორტიორი კომპანიის, “AG Fuel”-ის, დამფუძნებელი პაილაკ ურუსიანი:
„არ მეგონა, საქართველოში თუ შეგვიქმნიდნენ პრობლემებს. არ შეგვიძლია ჩვენი კუთვნილი საქონლის გატანა. აქ გავიგე, თითქოს, ამის მიზეზი სომხეთში არსებული მონოპოლიაა, თუმცა ეს ტყუილია, ბლეფია. ამჟამად სომხეთში არავის აქვს მონოპოლია. ადრე შეიძლება იყო, მაგრამ ახლა აღარაა. პრობლემა აქაა! ექვსი თვეა ფული გადავრიცხეთ, ხელშეკრულება გავაფორმეთ... ვიღაცას უნდა, რომ რუსეთიდან შევიდეს სომხეთში ნავთობი, მე მინდა ევროპიდან ხარისხიანი საწვავის შეტანა“.
არანაირი განმარტება, არანაირი მიზეზი არ უთქვამთ. ექვსი წერილი მივწერე, არც ერთზე არ მოუწერიათ პასუხი. რვა საათი ველოდი მისაღებში. არავინ შემხვდა. უარიც კი არ მაღირსეს. მივწერე ბიზნესომბუდსმენს, აუდიტის სამსახურს. არსაიდან პასუხი 2 თვისა და 20 დღის განმავლობაში. დღემდე ასე გრძელდება...დავით დოლიძე
გადამზიდავი კომპანია „David & Company”-ს დამფუძნებელი დავით დოლიძეც ჩივის, რომ ვერ ასრულებს სომხურ კომპანიებთან კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებას და ამის მიზეზი „საქართველოს რკინიგზის“ „უცნაური ქცევაა“.
დავით დოლიძემ „საქართველოს რკინიგზას“ შეატყობინა, რომ სომხურ კომპანიებთან გაფორმებული აქვს კონტრაქტები ორი წლის განმავლობაში 100 ათასი, 80 ათასი და 2 ათასი ტონა ევროპული წარმოების საწვავის მიწოდებაზე.
„სატვირთო გადაზიდვების განყოფილების დირექტორმა მომწერა, რომ წარმომედგინა ეს კონტრაქტები და რომ არ იქნებოდა მათი გადაზიდვის პრობლემა. მისი ეს წერილი მივაწოდე ჩემ სომეხ პარტნიორებს და დავიწყეთ მუშაობა. ერთმა კომპანიამ შეიძინა 3,5 ათასი ტონა საწვავი, რომელიც დასაწყობდა ქუთაისის ნავთობბაზაში, მერე კომპანიამ რუსეთში შეუკვეთა 5 ათას ტონა ტევადობის გემი. ამის შემდეგ კვლავ მივმართე „საქართველოს რკინიგზას“, რომ გაგვეფორმებინა კონტრაქტი და დაგვეწყო გადაზიდვა, თუმცა „საქართველოს რკინიგზამ“ ყველა სახის კომუნიკაცია შეწყვიტა ჩემთან. ვერც ტელეფონით დაველაპარაკე ვერავის, ვერც ოფიციალურ წერილებზე მივიღე პასუხი. არანაირი განმარტება, არანაირი მიზეზი არ უთქვამთ. ექვსი წერილი მივწერე, არც ერთზე არ მოუწერიათ პასუხი. რვა საათი ველოდი მისაღებში. არავინ შემხვდა. უარიც კი არ მაღირსეს. მივწერე ბიზნესომბუდსმენს, აუდიტის სამსახურს. არსაიდან პასუხი 2 თვისა და 20 დღის განმავლობაში. დღემდე ასე გრძელდება“, - ამბობს დავით დოლიძე.
გადამზიდავი კომპანიების წუხილის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე ამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ პრობლემებს განაპირობებს არაფორმალური მმართველობა, რომლისგან განთავისუფლების გარეშე კომპანია ვერ დაუბრუნდება სახელმწიფოს და ვერ მოემსახურება სახელმწიფო ინტერესებს. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის 6 თვეში „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავალი ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებიდან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 პროცენტით შემცირდა.
გადამზიდავი კომპანიების პრობლემებზე ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა „თავისუფლების მონიტორმა“, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს რკინიგზა“ საწვავის გადაზიდვის უფლებას უკანონოდ უკრძალავს კომპანიებს და მონოპოლისტურ მდგომარეობაში ჰყავს მხოლოდ 2 კომპანია, რომლებსაც „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ საწვავი გადააქვთ სომხეთში. „თავისუფლების მონიტორის“ მრავალდღიანი ძალისხმევის მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზამ“ გადამზიდავი კომპანიების ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა.