Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო არჩევნები - გამოვა ბულგარეთი პოლიტიკური ჩიხიდან?


GERB-ის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი. 27 ოქტომბერი 2024
GERB-ის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი. 27 ოქტომბერი 2024

ბულგარეთი დაუბრუნდა თავისთვის ცნობილ მდგომარეობას, 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა გამარჯვება მოუტანა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ გაერთიანებას, სახელწოდებით „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და „დემოკრატიული ძალების კავშირს“ (ГЕРБ-СДС), მაგრამ მას არ აქვს უნარი, დამოუკიდებლად შექმნას მთავრობა. მეორე ადგილზეა ცენტრისტული ბლოკი „ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“ (ПП – ДБ). ბლოკი ბოიკო ბორისოვს თანამშრომლობის პირობად უყენებს ცნობილ მედიამაგნატ დელიან პეევსკისგან დისტანცირებას.

ამ დროს ბულგარეთში სტაგნაციაა და ევროკავშირის ფინანსები თითქმის ამოწურულია.

ბოიკო ბორისოვმა და მისმა პარტიამ 2021 წლიდან ბულგარეთში გამართული შვიდი არჩევნებიდან ხუთი მოიგეს, მაგრამ ბულგარეთის ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

ბუნებრივია, ამჯერად ის შეეცდება კიდევ ერთხელ სცადოს კოალიციის შეკვრა.

შეეცდება, მაგრამ შეძლებს?

სამთავრობო კოალიციის შექმნისთვის, ბორისოვს, რომელსაც 2009 წლის მერე სამჯერ ეკავა ქვეყნის პრემიერის პოსტი, ესაჭიროება სახალხო კრების, ბულგარეთის 240-ადგილიანი პარლამენტის, სულ მცირე, ნახევრის მხარდაჭერა.

თუ შევხედავთ ხმების განლაგებას დაქუცმაცებულ პარლამენტში, უმრავლესობის შესაქმნელად სამი ან ოთხი პარტიაა საჭირო.

ჯერჯერობით ბორისოვმა თანამშრომლობა გამორიცხა მხოლოდ ულტრამემარჯვენე, რუსეთის კრემლის მომხრე პარტია „აღორძინებასთან“, რომელმაც 13 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა. არჩევნების ღამით მან განაცხადა, რომ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მისი პარტიის პროგრამას ემხრობა.

შემოდის დელიან პეევკსი...

ამ საქმეში ბევრია დამოკიდებული დელიან პეევსკიზე, სკანდალურ მედიამაგნატზე, რომელსაც ბულგარეთის საზოგადოებრივ აზრზე უსაზღვრო გავლენა აქვს.

მას ბრალი დასდეს კორუფციასა და გავლენებით ვაჭრობაში, კორუფციის გამო სანქციები დაუწესა აშშ-მა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა.

ბულგარეთის პოლიტიკოსთა უმეტესობა ალბათ თანხმდება იმაში, რომ პეევსკია ის ადამიანი, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისისთვის, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

დელიან პეევსკი
დელიან პეევსკი

ბორისოვმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლელად ითანამშრომლებს მეორე ადგილზე გასულ პროდასავლურ, რეფორმისტულ კოალიციასთან - „ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“ (ПП - ДБ), რომელმაც ამომრჩეველთა 14 % მიიმხრო.

მაგრამ ეს ცენტრისტული გაერთიანება ბორისოვს მასთან ერთად კოალიციაში ყოფნის პირობად უყენებს, რომ მომავალ ადმინისტრაციაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს პეევსკის.

ბორისოვს არაერთხელ დასდეს ბრალად ახლო კავშირები პეევსკისთან, რომელიც ბევრი ბულგარელისთვის კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის განსახიერებაა ქვეყანაში.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბორისოვი პატარა პარტიებით შეძლებს უმრავლესობის შეკრებას პარლამენტში - განსაკუთრებით იმის გამო, რომ მათგან ბევრს ასევე არ სურს პეევკისთან ერთად მუშაობა.

ამრიგად, არსებითად, იქამდე მივდივართ, რომ ბორისოვს მოუწევს არჩევანის გაკეთება პეევსკისა და ცენტრისტულ ბლოკს (ПП - ДБ) შორის; ივნისში გამართული წინა არჩევნების შემდეგ ГЕРБ-ის და პეევსკის ადრინდელ პარტიას შეეძლოთ მთავრობის შექმნა ზოგიერთო დამოუკიდებელი კანონმდებლის მხარდაჭერით, მაგრამ ბორისოვმა მაშინ ასეთ გარიგებაზე უარი თქვა.

რატომ არ შეუძლია ბორისოვს პეევსკისთან კავშირების გაწყვეტა?

ბულგარეთში, ამ შეკითხვაზე პასუხში მილიონ დოლარს იძლევიან, მაგრამ პასუხი, სინამდვილეში, არავინ იცის.

ПП - ДБ-მ განაცხადა, რომ პეევსკი ფაქტობრივად ფლობს ГЕРБ-ს და მათ ორმხრივი საქმიანი ინტერესები აკავშირებთ.

ამასთან, გავრცელებული აზრით, პეევსკი აკონტროლებს ბულგარეთის მძლავრ გენერალურ პროკურატურას, რომელიც ზედამხედველობს როგორც სისხლის სამართლის გამოძიებებს, ასევე პროკურატურის გადაწყვეტილებებს. წარსულში ბორისოვის წინააღმდეგ გამოძიება დაიხურა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი მოიპოვა.

რა არის ამ მუდმივი ჩიხის შედეგები?

ბულგარეთი სტაგნაციის მდგომარეობაშია. ფული ევროპის კავშირიდან თითქმის ამოიწურა და ეს ასე გაგრძელდება, სანამ ქვეყანა არ შეასრულებს ევროპის კავშირის მოთხოვნებს, არ გაატარებს რეფორმებსა და ანტიკორუფციულ ზომებს, - რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ქმედითი ადმინისტრაციის გარეშე, ევროკავშირი ვერავისთან იმუშავებს.

რეფორმების გატარებისა და ანტიკორუფციული ზომების მიღების მცდელობები, განსაკუთრებით ПП - ДБ-ის მხრიდან, მუდმივად ყრუ კედელს ეჯახება.

ქვეყნის გაურკვეველი მდგომარეობის გამო, წინსვლა შეჩერებულია ბულგარეთში ევროს შემოღებისა და ევროკავშირის შენგენის ზონაში სრულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ხომ არ კარგავენ ბულგარელები რწმენას დემოკრატიული პროცესის მიმართ?

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ნამდვილად არ არის მაღალი, ამ არჩევნების ნაწილობრივმა შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა შეიძლება ოდნავ მაღალი იყოს ივნისის კენჭისყრის მაჩვენებელზე (34%).

კენჭისყრამდე არსებობდა შიში, რომ ძირითადი პარტიების მიმართ მასობრივ იმედგაცრუებას შეიძლება გამოეწვია უფრო მცირე, ექსტრემისტული პარტიების გაჩენა, როგორიცაა „აღორძინება”. თუმცა ბოლო არჩევნები ამის რაიმე ნათელ მტკიცებულებას არ იძლევა: მეორეხარისხოვანმა პარტიებმა გაზარდეს თავიანთი ხმების წილი და იგივე მოხდა მთავარი პარტიების შემთხვევაშიც.

მოახდენს თუ არა ეს არჩევნები გავლენას ბულგარეთის საერთაშორისო კურსზე?

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ოთხი პრორუსული პარტიაა, მათ დეპუტატების ნაკლები რაოდენობა ჰყავთ, ვიდრე პროდასავლურ პარტიებს.

მეტიც, ის ფაქტი, რომ პროდასავლური პარტიები ГЕРБ-ი და ПП – ДБ-ი პირველ და მეორე ადგილზე გავიდნენ, იმის მაჩვენებელია, რომ ბულგარეთში ევროკავშირისა და ნატოს წევრობისადმი მხარდაჭერა კვლავაც ძლიერია.

და მიუხედავად იმისა, რომ ПП - ДБ-ის მხარდაჭერა და ხმების წილი დიდი არ არის, პარტიის მხრიდან რეფორმების გატარების დაჟინებული სურვილი და მოთხოვნა, ბულგარეთის პოლიტიკური ლანდშაფტის განმსაზღვრელი მახასიათებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG