Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიური შემოდგომა თბილისში


„ალისას სახლი“ (2007, რეჟისორი ჩიკო ტეიშეირა)

23 ოქტომბერს თბილისში, კინოს სახლში ბრაზილიური ფილმების კვირეული იხსნება. კინოჩვენებების ორგანიზატორია ბრაზილიის საელჩო საქართველოში, რომელიც კარგა ხანია ცდილობს ეროვნული კულტურის ყველაზე გამორჩეული მიღწევები გააცნოს საქართველოს. როგორც წესი, საელჩოების მიერ მოწყობილი კინოკვირეულების პროგრამებში ჩართულია ხოლმე ქვეყანაში გადაღებული ახალი ფილმები. მაგრამ ბრაზილიელებმა სხვა გზა აირჩიეს - კინოკვირეული გაგვაცნობს წლების წინ დასრულებულ კინოსურათებს, რომლებიც წარმატებით უჩვენეს საერთაშორისო ფესტივალებსა და მსოფლიო ეკრანებზე.

60-იანი წლების დასაწყისში ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება შეიქმნა კინოს ისტორიაში - „სინემა ნოვო“. ბრაზილიელებმა რამდენიმე შედევრი გადაიღეს, ერთ-ერთი, ანსელმო დუარტეს „აღთქმა“ კანის ფესტივალის „ოქროს პალმითაც“ კი დაჯილდოვდა. თუმცა აღიარება არც გვიანდელ ბრაზილიურ ფილმებს აკლდათ, ჩვენში ძალზე პოპულარული „ბრაზილიის ცენტრალური ვაგზალი“ 1998 წლის ბერლინის კინოფესტივალის „ოქროს დათვით“ აღინიშნა.

სწორედ ბერლინის ფესტივალზე გაიმართა ჩიკო ტეიშეირას ფილმის, „ალისას სახლის“ პრემიერა 2007 წელს, „ბერლინალეს“ პოპულარული სექციის, „პანორამის“ პროგრამაში. კრიტიკოსთა გაკვირვება მახსოვს; რატომ ვერ მოხვდა „ალისას სახლი“ მთავარ კონკურსში, როცა ფილმის პრემიერის შემდეგ მაყურებლის ოვაციები დიდხანს არ წყდებოდა. იმხანად განსაკუთრებით აღნიშნეს ამ რეჟისორის გამოცდილება დოკუმენტურ კინოში, ხოლო კონკურსისთვის „ალისას სახლის“ დაწუნება იმით ახსნეს, რომ ეს ფილმი ჩიკო ტეიშეირას დებიუტია მხატვრულ კინოში. ელოდნენ მის ახალ ნამუშევრებსაც. სამწუხაროდ, რეჟისორი მალევე გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი, დაგვიტოვა რა ორი კარგი მხატვრული ფილმი - „ალისას სახლი“ და „არარსებობა“, რომელიც 2014 წელს ასევე უჩვენეს ბერლინის ფესტივალის „პანორამაში“.

„ალისას სახლი“ დოკუმენტალისტის კინოა. ალისა, 40 წლის კოსმეტოლოგი ქალი, ცხოვრობს სან-პაულოს პატარა ბინაში ტაქსის მძღოლ ქმართან და სამ, უკვე მოზრდილ ვაჟიშვილთან ერთად. მათთან ერთად ცხოვრობს ბებიაც, უკვე მძიმე ავადმყოფი, რომელიც ხანდახან ფილმში გათამაშებული ისტორიის უბრალო დამკვირვებელი ხდება.

ალისა თავიდან კლასიკური ბრაზილიური „საპნის ოპერის“ პერსონაჟს ჰგავს („საოცრებების ქვეყანაში“ ცხოვრობს) და მაყურებელი ელის, რომ მოქმედება დაახლოებით ისე განვითარდება, როგორც ლათინურამერიკულ სერიალში. მაგრამ მალევე გამოჩნდება ჩიკო ტეიშეირას, როგორც დოკუმენტალისტის ხელწერა - კონკრეტული, ყოფითი ცხოვრების დეტალები იმდენად ხაზგასმულია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფარული კამერით გადაღებულ სინამდვილეს ვაკვირდებით. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსით - ავტორი არსად, არც ერთ ეპიზოდში არ ცდილობს შეგვაცოდოს თავისი გმირი და მსხვერპლის სახით წარმოგვიდგინოს. ვერც გაბედავდა ამას! კარლა რიბასი, ბრაზილიური კინოს ვარსკვლავი, ალისას ლამის ანა მანიანის სტილის ნიუანსებით ძერწავს - ნაცრისფერი ცხოვრება აქვს, დიდი ქალაქის მოწამლულ ჰაერს სუნთქავს, ცდილობს გაუძლოს თავის პრეტენზიულ კლიენტებს, მაგრამ დანებებას მაინც არ აპირებს.

თანამედროვე ფემინისტური კინო, სამწუხაროდ, ხშირად სცოდავს დეკლარაციულობით და სწორხაზოვნებით. ხშირია, როცა ავტორის პოზიცია იმდენად ცხადია, იმდენად არაფერს უტოვებს მაყურებელს, რომ ფილმი პუბლიცისტურ სტატიას, ზოგჯერ კი უბრალოდ სტატუსს ემსგავსება სოციალურ ქსელში. „ალისას სახლში“ რეჟისორი ახერხებს, ერთდროულად ორი ცდუნება დაძლიოს - აქაური სერიალების სტილი (რომელიც შეაჩვიეს ბრაზილიელ მაყურებელს) და პლაკატურობა - სქემატიზმი, „აქტუალური კინოს“ თუ „საფესტივალო კინოს“ გადაღების სურვილი. ამაში ეხმარება მას სწორედ დოკუმენტურ კინოში მუშაობის გამოცდილება და ძალიან კარგი მსახიობები. მათ შორის მამაკაცები... ალისას ქმარი და მისი შვილები აქ ერთ შეუვალ პატრიარქალურ ბუდეს ქმნიან, საიდანაც თავის დაღწევა რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. თუკი ფილმის გმირს თავად კინო, კამერა და მაყურებელი დაეხმარება.

სხვათა შორის, ბრაზილიური კინოს კვირეული იმდენად მრავალფეროვანია, რომ პროგრამა ყველა გემოვნების მაყურებელზეა გათვლილი... და არა მარტო ფემინისტებზე. კვირეულის დღეებში შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად, გახმაურებული ფილმი ფეხბურთის მეფეზე, პელეზე. ჯეფ და მაიკლ ციმბალისტების „პელე - ლეგენდის დაბადება“ 2016 წელს გამოვიდა ეკრანებზე და „სალაროს რეკორდი“ დაამყარა ბრაზილიაში.

ბრაზილიური ფილმების კვირეული მეორედ ტარდება თბილისში. დიდი იმედი მაქვს, წარმატებით ჩაივლის და ბრაზილიელებს სხვა საელჩოებიც მიბაძავენ. მით უმეტეს, რომ თანამედროვე კინოს გაცნობა ამ დღეებში გაუქმებულ საიტებზეც შეუძლებელი გახდა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG