„შეიძლება კანონიერია, მაგრამ რამდენად სამართლიანია, კერძო კომპანია იყოს მდინარის, ასე ვთქვათ, მმართველი?” - ამბობს მათე მაყაშვილი და განაგრძობს: - “მე შინაგანად ასე ვგრძნობ, რომ არ არის სამართლიანი. კერძო კომპანიის საკუთრებაში არ უნდა იყოს სოფლის კანიონი“.
მათეს მთელი ბავშვობა სამეგრელოში, ბალდაში, დედის სოფელში აქვს გატარებული და თავს იქაურად თვლის. ერთ-ერთი პირველი, რასაც სოფელში ჩასვლისას აკეთებდა, მეგობრებთან ერთად მდინარეზე მიდიოდა. წელს მას კანიონთან მისასვლელი შემოღობილი დახვდა. მაშინ გაიგო, რომ სახელმწიფოს ეს ადგილი იჯარით გაუცია კერძო კომპანიაზე, რომელსაც იქ სამი თვის წინ უკვე დაუწყია ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ბალდის კანიონი არა მარტო სოფლის, არამედ მარტვილის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ადგილია. თითქმის კილომეტრნახევრიანი ხეობა მდინარე აბაშის ხეობას მიუყვება. ბუნების ძეგლი, ხელუხლებელი, უნიკალური გეოგრაფიული რელიეფითა და იშვიათი ეკოსისტემით მარტვილის ცენტრიდან სულ რაღაც 11 კილომეტრშია.
„ტურისტები რომ მოდიან სანახავად, კისერს იტეხავენ, რომ შიგნით ჩავიდნენ. ხიდიდან იყურებიან, ზევიდან, და მეტს ვერაფერს ვერ ხედავენ. ჩვენ მანდ ვაწყობთ 400- მეტრიან ბილიკს. ამ 400 მეტრიდან სადღაც 120 თუ 130 მეტრი, კიდული ბილიკია. ეწყობა ზიპლაინი... როლერი, რომელიც რელიეფს მიუყვება“, - ამბობს გიორგი მერკვილაძე. ის კომპანია „კანიონ 350“-ის დირექტორია.
ეს კომპანია, რომელიც 2022 წელს დაარსდა და რომელიც საქართველოში მოწყობილი ზიპლაინების თითქმის 90%-ს მართავს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს აუქციონის გამარჯვებულია. სწორედ მან მოიპოვა ბალდის კანიონის ტერიტორიის, 24 ათასი კვადრატული მეტრის, განკარგვის უფლება 20 წლით.
„კანიონ 350“-მა 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით, 2 წელიწადში ბალდის კანიონი ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად უნდა აქციოს.
„ველური ბუნების გასხვისება არის მიუღებელი... 35-წლიანი იჯარით გაცემა, გასხვისებაა, აბა, რაა?!... ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი სახლი დავიბრუნოთ“, - ამბობს ბაჩო თვარაძე. მართალია, ახლა ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის, მაგრამ წარმოშობით ბალდიდანაა. ბაჩო სოფელში კარდაკარ დადის და მოსახლეობას პროექტის შესახებ ელაპარაკება: “დაახლოებით 300 ოჯახი იქნება სოფელში და ამათმა ინფორმაცია მიაწოდეს მაქსიმუმ 5-6 ოჯახს“.
ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც მშენებლობის წინააღმდეგია, იმანაც გააბრაზა, რომ სახელმწიფომ, მათთან, ადგილობრივებთან შეთანხმების, მათი მოსაზრებების მოსმენის გარეშე გადაწყვიტა სოფლის ღირსშესანიშნაობის ბედი.
„მე თვითონ ვიყავი ჩართული [მოსახლეობის ინფორმირებაში]. არავინ იყო წინააღმდეგი. პირიქით, მაგარი კმაყოფილი იყვნენ და ახლა რა მოხდა, არ ვიცი“, - ამბობს რამაზ ხურცილავა, მერიის წარმომადგენელი გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში.
კანიონ 350”-ის დირექტორი გიორგი მერკვილაძეც იმავეს იმეორებს, ამბობს, რომ 15 ბალდელი მშენებლობაზე უკვე დაასაქმა, ისინიც და სხვა ადგილობრივებიც საქმის კურსში იყვნენ ცვლილებების შესახებ: “კითხვები ჰქონდათ მათ, ვინც აქ ზაფხულში ჩამოდის ბებია-ბაბუასთან. ესენი ადგილობრივებად არ ითვლებიან”, - ამბობს დირექტორი და ამატებს: “ყველას უხაროდა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობოდა და პირველი კითხვა ეს ჰქონდათ - რამდენი ტურისტის მოლოდინი მქონდა?”
კომპანია ვარაუდობს, რომ პირველ წელს კანიონს 50-60 ათასი ადამიანი ნახავს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ეკოტურისტული და სათავგადასავლო ზონა 2024 წლის მაისში გაიხსნება. კერძო ტერიტორიაზე შესვლა ადგილობრივებისთვის უფასო იქნება, სხვა ყველა გადაიხდის. მართალია, ბილეთის ღირებულება, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, მაგრამ გიორგი მერკვილაძე ირწმუნება, რომ ბალდის კანიონზე შესვლა უფრო იაფი იქნება, ვიდრე მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე*. ზიპლაინზე დაშვება დაახლოებით 60-70 ლარი ეღირება.
„აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება, ასე უხეშად, ადგილობრივებთან შეთანხმების გარეშე განკარგოს ტერიტორია? რამდენად კონსტიტუციურია ასეთი გადაწყვეტილება? ან ეკოლოგიურად რა გავლენას მოახდენს ფაქტობრივად ხელუხლებელ სუბტროპიკულ ტყეში როლერ-კოსტერის დაყენება? ეკონომიკურად ექნება კი იმდენი სარგებელი, რომ ამად ღირდეს?“, - იკითხა მათე მაყაშვილმა საჯაროდ ფეისბუკზე და თან ბალდის კანიონის ამბავს მოჰყვა.
სამი დღის განმავლობაში წერილზე 300-მდე ადამიანმა დატოვა კომენტარი და 800-ზე მეტმა მათეს პოსტი გადააზიარა. კომუნტარების უმრავლესობა კრიტიკული ან ძალიან კრიტიკულია:
“მთელი ჩემი ბავშვობა, ზაფხულის არდადეგები და ტკბილი მოგონებები უკავშირდება ამ სოფელს… ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, თავისი ბუნებით და სუფთა, ცივი წყლით… რატომ ყიდით ყველაფერს და ხდით ფასიანს, უსირცხვილოებო, შეიძლება ფულის გულისთვის ყველაფრის გაყიდვა? მოკლედ, მოკვდავ ადამიანებს ყველაფრის უფლებას ართმევთ, ეს არის უსინდისო მთავრობის დამსახურება, ფულის მონები რომ არიან და მარტო თავიანთი შვილების კეთილდღეობაზე ფიქრობენ…”- წერს ინგა.
“გაიჯარების მიზანი ყველა ინვესტორისთვის, რა თქმა უნდა, მოგებაა და ამაში არაფერია უცხო და მიუღებელი, ეს იცის ყველამ და მათ შორის 3 დღით "საჭყუმპალაოდ" ჩასულმა ბიჭებმაც :((( მაგრამ აქ სახელმწიფოს ანუ ხალხის და მით უფრო ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ უნიკალურ ადგილზეა საუბარი, რომლის ავთენტურობა უმთავრესი პრიორიტეტია”, - წერს მაკა.
კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ ადგენს, რომ სახელმწიფომ ბუნების ძეგლი კერძო მესაკუთრის ხელში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადასცეს, თუ მეპატრონე მას ეკოტურისტულ და რეკრეაციულ ფუნქციას შესძენს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ბალდის კანიონზე ხელოვნური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს გამოეხმაურა, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა გაგუა იყო: “ეკოტურიზმი ერთ-ერთი იარაღია, რომლითაც დაცლის პირას მისული სოფლები გადარჩება”, - დაწერა მან ფეისბუკზე.
50-მდე ადამიანი, ვისაც კითხვები აქვს ბალდაში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, 19 ივლისს კანიონის ტერიტორიაზე შეხვდა მშენებლობაში ჩართულ მხარეებს. მათ შორის - მშენებელი კომპანიის და მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. როგორც რადიო თავისუფლებას შეხვედრაში მონაწილე მათე მაყაშვილმა უთხრა, დიალოგი ემოციური, თუმცა კონსტრუქციული გამოვიდა.
„დაგვათვალიერებინეს ტერიტორია. აგვიხსნეს, რის გაკეთებას აპირებენ… სიტყვიერად გვპირდებიან, რომ ადგილობრივებისთვის უფასო იქნება მდინარეზე ჩასვლა, მაგრამ ამის რამე კანონისმიერი გარანტიის მოცემა არ შეგვიძლიაო. მოკლედ, ჯენტლმენურად უნდა შევთანხმდეთ…ისიც ბუნდოვანია, როგორ მოხდება შემოწმება, ვინ არის ადგილობრივი და ვინ არა. სოფელში საინიციატივო ჯგუფი [შეიქმნა] ადგილობრივი მცხოვრებლებისგან და ისინი მოიფიქრებენ, რა უნდათ. სოფელი მოიფიქრებს, გაიაზრებს და შემდეგ გადადგამენ ნაბიჯებს“, - თქვა მან.
ახლა ბალდის კანიონი უცხოებისთვის შემოღობილია, ტერიტორიაზე მხოლოდ მუშები თუ შედიან. საცალფეხო ბილიკები დასრულებულია, ორი ხიდიდან ერთი უკვე აშენებულია, მალე დაიწყება ზიპლაინის აგებაც. კომპანიის ვარაუდით, კანიონი შემდეგი წლის გაზაფხულამდე არ გაიხსნება.
* მარტვილის კანიონზე საქართველოს მოქალაქე შესვლაში 10.35 ლარს იხდის, უცხო ქვეყნის - 17.25 ლარს. მოზარდი - 5.5 ლარს. ოკაცეს კანიონში ფასები იგივეა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის და მოზარდისთვის. საქართველოს მოქალაქისთვის კი 9.20 ლარი ღირს.