Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი დეტალები „ნამახვანი ჰესის“ შესახებ


„ნამახვანი ჰესის“ პროექტი
„ნამახვანი ჰესის“ პროექტი

„ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვენ გადაიხედოს საპროექტო დოკუმენტაცია. „მწვანე ალტერნატივამ“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ჰესის მშენებლობის პროცესი გამოიკვლიეს. გამოკვლევებში მთელ რიგ დარღვევებზეა საუბარი.

„ნამახვანი ჰესების“ კასკადი რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში შენდება. ენერგეტიკის განვითარების ფონდის მონაცემებით, კასკადის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ, საინვესტიციო ღირებულება კი - 750 მლნ აშშ დოლარი. პროექტს კომპანია „ნამახვანი“ ახორციელებს.

2015 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ობიექტთან დაკავშირებით ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გასცა. გაიცა მშენებლობის ნებართვაც, მაგრამ შემდეგ პროექტი გადააკეთეს, მათ შორის შეცვალეს სტრუქტურის ადგილმდებარეობა და დიზაინი, რაც, თავის მხრივ, გარემოზე ზემოქმედების ცვლილებას ნიშნავს. სამინისტრომ მოითხოვა კომპანიას გარემოზე შემოქმედების შეფასების (გზშ) ახალი დოკუმენტი მოემზადებინა.

„აგვისტოში წარადგინეს გზშ, მაგრამ მხოლოდ ქვემო „ნამახვან ჰესზე“, ზემო „ნამახვან ჰესზე“ კი - არა. შინაარსობრივადაც ბევრი პრობლემაა, რაც საფუძველს წარმოადგენს, იმისთვის, რომ სახელმწიფომ ხელახლა მოსთხოვოს ასეთი ანგარიშის შედგენა. არ იყო შეფასებული ზეგავლენა დაცულ ტერიტორიებზე, ე.წ. ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე და ასე შემდეგ.

ჩვენ მოვითხოვთ, 2015 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა და ეკოლოგიური ექსპერტიზის ნებართვა გაუქმდეს, რადგან მრავალი რამ შეიცვალა ახალ პროექტში, და წარმოადგინონ ერთი, გაერთიანებული ანგარიში“, - ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი.

საფრთხე ტვიშის ღვინოსთვის

ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ პროექტს ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგება, რადგან „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობით ცნობილი ღვინოების მიკროზონებს ადგება ზიანი.

„ტვიშის ღვინოს, ფაქტობრივად, დავკარგავთ. ბოლო წლებში იქ ბევრი მცირე მარანი გაიხსნა, მათ შორის სახელმწიფოს ხელშეწყობით. გამოდის, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ხელს უწყობს მოსახლეობის ეკონომიკურად გაძლიერებას და იმავე სამინისტრომ ნებართვა უნდა გასცეს, მათ მიერ დაფინანსებული ვენახები დაიტბოროს ან ისე შეიცვალოს მიკროზონა, რომ იქ ტვიშის ღვინო ვეღარ დაწურონ“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის შეფასების დეპარტამენტის უფროსი მაია ბერაძე ამბობს, რომ სამინისტრომ 2015 წელს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა როგორც ზედა „ნამახვან ჰესზე“, ასევე - ქვედაზე. ამ ეტაპზე კომპანიამ სკოპინგის ანგარიში (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს) მხოლოდ ქვედა „ნამახვან ჰესზე“ წარმოადგინა, რადგან მნიშვნელოვანი ცვლილებები იქ განხორციელდა.

„სამართლებრივად კომპანიას არაფერი დაურღვევია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, რათა სკოპინგის დასკვნა გაიცეს“, - განაცხადა მაია ბერაძემ.

„ნამახვანი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2023 წელს უნდა შევიდეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG