ახალგაზრდები კვლავ აპროტესტებენ დიღმის ტყის მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობას და საჯაროდ პასუხს სცემენ ქალაქის მერ კახა კალაძეს, რომელიც თავის მიერ გადაღებულ ვიდეოზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებაზე ლაპარაკობს.
სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო "დავიცვათ დიღმის ტყე-პარკი“: „მიუხედავად ქალაქის მერის მცდელობისა, რომ რეკლამა ჩაეწერა პარკის კიდიდან, რეალურად შენობა იჭრება პარკის შუა გულში. ეს რესტორანი და სავაჭრო ცენტრი იქნება რამდენჯერმე უფრო დიდი, ვიდრე არსებული ლითონის კონსტრუქცია, რომლის დაშლაც რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი“, - ნათქვამია ვიდეოში.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება არსებული მიწების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ეხება იმ ტერიტორიას, სადაც კომპანია "ანაგის" მიერ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება.
მერმა რამდენიმე კვირის წინ ჩაწერილ ვიდეოში აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძოდნენ ტყის დასაცავად და აუხსნას დეტალურად, თუ რა პროექტის განხორციელება იგეგმება. ახალგაზრდების მიმართვიდან ირკვევა, რომ მერი მათ ჯერ არ შეხვედრია.
მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კახა კალაძე დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით ანა გაბრიაძეს შეხვდა, რომელმაც მას აქტივისტების მოთხოვნები გააცნო, მერი კი, თავის მხრივ, თბილისის მერიის პოზიციაზე ელაპარაკა.
აღნიშნულ ფაქტის თაობაზე ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მერს გარკვეული ფაქტები და ხედვა გააცნო და იმედოვნებს,რომ ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდება.
დიღმის ტყის ტერიტორიის ნაწილი არაერთი კერძო მესაკუთრის ხელშია, წითლად მონიშნული მიწა კომპანია "ანაგის" მფლობელობაში არსებული 17271 კვ.მ მიწის ფართობია, მწვანედ მონიშნული ტყის ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვის, დარჩენილი მონაკვეთები კი სხვადასხვა მესაკუთრისაა.
შეგახსენებთ, რომ მერიამ გასცა მშენებლობის ნებართვა კომპანია "ანაგის" პროექტზე "ორანჟერეა", რომელიც თავის თავში გულისხმობს 1600კვ.მ ფართობზე კაფეების, საბანკეტო დარბაზის, საგამოფენო სივრცისა და მაღაზიების მოწყობას. ამ მომენტისთვის ტერიტორიაზე "კიას" ცენტრია განთავსებული.
როგორც კომპანია „ანაგში“ გვითხრეს, მშენებლობის დაწყება ერთ თვეშია დაგეგმილი.
ახალგაზრდების ჯგუფის პტოტესტს იწვევს ის გარემოება, რომ ახალი მულტიფუნქციური ცენტრის აშენებით ვიზიტორების ნაკადი - 2000- მდე ადამიანი - ტყის ტერიტორიის ნაწილს გამონაბოლქვით დააბინძურებს.
"ძალიან მარტივი იდეა გვაქვს ქალაქის მერისთვის, მოხდეს არსებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი და მის ადგილას დაირგოს ხეები".