Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგომის ღამეს ტაძრები არ დაიხურება - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 აპრილს


საპატრიარქომ სააღდგომო ლიტურგიის გამართვის ფორმები გამოაცხადა

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ, 06:00-ის შემდეგ დატოვოს ტაძარი. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, ამ რთულ ვითარებაში“, - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას გააცნო საპატრიარქოს პოზიცია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე.

ტაძრებში მრევლის განაწილების საკითხზე მღვდელი აღნიშნავს, რომ „დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც. მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში ტაძარში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა, მიეცემა საშუალება, რომ დილის წირვას დაესწროს. ამით გადანაწილდება მრევლი და უფრო იოლი იქნება ამ დისტანციის შენარჩუნება. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი შინაარსი ჩვენი მიმართვისა მდგომარეობს იმაში, რომ კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით, იმ უსაფრთხოების წესების დაცვით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვესმის ჩვენ, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება, ვიზეიმოთ დღესასწაული“.

როგორც დეკანოზი განმარტავს, მრევლი შეძლებს სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში, თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სფეროს სხვა შეზღუდვები.

წაიკითხე მეტი.

პაატა იმნაძე: ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია

დადასტურებული შემთხვევა - 306

გარდაცვლილი - 3

გამოჯანმრთელებული - 71

კარანტინში - 5034

სტაციონარში - 463

განმეორდება თუ არა საქართველოში ის, რაც იტალიაში მოხდა, ახლა ეს იმაზეა დამოკიდებული, შეიკავებს თუ არა ხალხი ეკლესიაში წასვლისგან თავს და დაიცავს თუ არა სოციალურ დისტანციას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მის გამოსვლას კი საპატრიარქოს გადაწყვეტლების გამოცხადება უძღოდა წინ.

„დღეს, მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გვაქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომელსაც ოთხი სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე და ღამეს ათენებდა, მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშობლოს ემსახურებოდა, თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩავყაროთ ეს ყველაფერი. არ შეიძლება ასე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება, სხვათა შორის, მარტო ეკლესიას, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება. ხომ ხედავთ, სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით. თითო ოჯახში ხუთი, ექვსი, შვიდი ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში, ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ“, - ამბობს პაატა იმნაძე.

იმუნოლოგი აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თემასაც შეეხო: „მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, დღეს ერთხელ ვთქვათ უარი იმისათვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ეს გავიგოთ ყველამ. იგივე ეკლესია გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ. ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია, ჩვენი ეკლესია“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

16 აპრილს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება

დღეს დიდი ხუთშაბათია, რასთან დაკავშირებითაც ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება, თუმცა დაესწრება თუ არა მას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ჯერჯერობით უცნობია.

კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოში 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროის განმავლობაში იკრძალება სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება. წესების დარღვევისთვის მოქალაქე 3 ათასი ლარით ჯარიმდება.

ევროკომისიამ სამი კრიტერიუმი შეიმუშავა საკარანტინო ზომების გასაუქმებლად

ევროკომისიამ სამი კრიტერიუმი შეიმუშავა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკარანტინო ზომების გასაუქმებლად. მაგრამ შეზღუდვების მოხსნის ზუსტი თარიღი უცნობია. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვების მოხსნის პირველი კრიტერიუმი უნდა გახდეს COVID-19-ის გავრცელების შესუსტება, კერძოდ, დაავადებისა და ჰოსპიტალიზების შემთხვევათა კლება.

ევროკომისია მეორე კრიტერიუმად ასახელებს ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოების საკმარის პოტენციალს. ის მოიცავს პაციენტების განთავსებისთვის საჭირო საკმარის ადგილებს, სამედიცინო ტექნიკისა და პრეპარატების ქონას.

მესამე კრიტერიუმია ინფიცირებულ პირთა დაავადებისა და მათი კონტაქტების მონიტორინგი. ეს პუნქტი ტესტირების ფართო შესაძლებლობებს გულისხმობს.

წაიკითხე მეტი.

მღვდელი როგორც კორონავირუსის გადადების წყარო - ფაქტები თანმიმდევრობით

14 აპრილს, როდესაც მამა გიორგი პაპავამ მედიას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსით მისი ინფიცირება სავარაუდოდ კლინიკა „თიმში“ (TIM) მოხდა, უკვე გარკვეული იყო, რომ ინფიცირების პირველწყაროს თავად სასულიერო პირი წარმოადგენდა. კლინიკაში რადიო თავისუფლებას ასევე უთხრეს, რომ ყველაფერი ზუსტად იციან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელობაშიც. თუმცა ცენტრში არაფერს ამბობენ.

13 აპრილს ღამით, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში - კლინიკა „თიმში“ უკვე იცოდნენ, რომ მათთან დასაქმებულ ექიმს კორონავირუსი რეანიმაციული განყოფილების მთავარი ექთნისგან გადაედო; ხოლო თავად ექთანს დაავადება თავისმა ძმამ, სასულიერო პირმა - მამა გიორგი პაპავამ გადასდო.

მამა გიორგი, მისი და და მცირეწლოვანი დისშვილი ამჟამად ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ. კლინიკის ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს, ხოლო ზრდასრულების მდგომარეობა „საყურადღებოა“.

ამ საკითხზე მე არც დავიწყებდი ლაპარაკს, სიმართლის საწინააღმდეგო ინფორმაცია რომ არ გავრცელებულიყო... რახან საკითხი ასე დადგა და შეკითხვები ისმება, მეც ვპასუხობ - რაც არის სიმართლე“, - ამბობს კლინიკა „თიმის“ დირექტორი, გიორგი კაჭახიძე.

ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი პაპავა 15 აპრილს მედიის ზარებს აღარ პასუხობდა. თუმცა 14 აპრილს გაკეთებულ განმარტებებში მან სწორედ კლინიკა „თიმი“ დაადანაშაულა, როგორც ინფიცირების სავარაუდო წყარო.

რისთვის არის აუცილებელი სიმართლე - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

15 აპრილიდან ათი დღის განმავლობაში აკრძალული იქნება საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

აკრძალვა გუშინ, 21:00 საათიდან ამოქმედდება. დაიშვება გამონაკლისები, რომელთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ მთავრობის ერთიან ცხელ ხაზს, ნომერზე: 144.

  • თელავში ბზობაზე 3 000 ლარით დაჯარიმებულ მეყვავილე მიხეილ ყარაულაშვილს უცნობი ადამიანები დაეხმარნენ და 10 000 ლარზე მეტი შეუგროვეს.
  • მიხეილ ყარაულაშვილს თანხა ჯერ არ აუღია, თუმცა მადლობა უხდის ყველას. ის იურისტებთან კონსულტაციასაც გადის და ჯარიმის გასაჩივრების შესაძლებლობას განიხილავს.
  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG