"ვითხოვთ კუკუშკის აღდგენას" - ამ სათაურით პეტიცია ვებგვერდზე manifest.ge 16 იანვარს, დათი ბურჭულაძის ავტორობით გამოქვეყნდა. მას ხელს უკვე აწერს 10 000-ზე მეტი ადამიანი.
რადიო თავისუფლებამ დეტალების დასაზუსტებლად პეტიციის ავტორი მოძებნა. სატელეფონო ზარს ქალმა უპასუხა, გვითხრა, რომ დათი ბურჭულაძის დედაა. მისი შვილი 14 წლის სკოლის მოსწავლეა და პეტიცია თავისი სურვილით ბაკურიანიდან დაბრუნების შემდეგ შექმნა.
"წელს შევიტყვე, რომ ხელმოწერებით რაღაცების გაკეთება, აღდგენა შეიძლება და გამიჩნდა სურვილი, „კუკუშკის“ აღდგენა ამ ფორმით მომეთხოვა. ბაკურიანი ჩემი კურორტია, სახლი მაქვს იქ, ყოველ წელს ზამთარში და ზაფხულში ჩავდივართ ხოლმე. ყოველთვის „კუკუშკით“ ვმგზავრობდი, 4 წელია აღარ დადის", - უთხრა რადიო თავისუფლებას დათი ბურჭულაძემ.
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი "კუკუშკა" პანდემიის მიზეზით გააჩერეს და მგზავრებს უკვე 4 წელია აღარ ემსახურება. რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და სარეაბილიტაციოა. მის აღდგენას არავინ ჩქარობს.
რკინიგზაში განმარტავენ, რომ ამ მატარებლით მგზავრობა უსაფრთხო აღარაა, სამგზავრო ვაგონებს და ელმავალს ექსპლუატაციის ვადა პანდემიის დასრულებამდე გაუვიდა. დაძველდა და სარემონტოა ინფრასტრუქტურა. შესაკეთებელია ლიანდაგები, სადგური, კომუნიკაცია და მატარებლის ვაგონები.
მატარებლის შეკეთებას სულ მცირე 90 მილიონი ლარი სჭირდება. ამ ხარჯებში არ შედის სარელსო/სამშენებლო ტექნიკის საფასური.
საქართველოს რკინიგზის კომპანიაში ამბობენ, რომ ბორჯომ-ბაკურიანის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტი არა აქვთ, თანაც, „კუკუშკის“ ხაზი პრიორიტეტი აღარ არის, კომპანიის მთელი ყურადღება შუა დერეფნის პროექტსა და ტრანზიტული სარკინიგზო ხაზის განახლებაზეა მიპყრობილი.
დათი ბურჭულაძის პეტიციის მიმართვის ადრესატი, წესით, საქართველოს რკინიგზა უნდა იყოს, ამის ნაცვლად ხელმომწერები პრობლემის მოგვარებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სთხოვენ:
"საქართველოს რკინიგზა ჩამონათვალში არ იყო და მირჩიეს, რომ ეკონომიკის სამინისტრო მიმეთითებინა... „კუკუშკა“ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბორჯომ-ბაკურიანის სავიზიტო ბარათი და არ უნდა გაჩერებულიყო. ამ გზაზე ჩემი ფავორიტი ადგილებიც მქონდა, გავიდოდი ხოლმე პატარა აივანზე და იქიდან ვიღებდი ხედებს", - ამბობს დათი.
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის სამგზავრო ვაგონები ბოლოს 2016 წელს განაახლეს. 2 წლის შემდეგ, ზამთარში "კუკუშკა" სოფელ არდაგანთან რელსებიდან გადავიდა და რამდენიმე ვაგონი გადაყირავდა კიდეც. მაშინ არავინ დაშავებულა და ლიანდაგების შეკეთების შემდეგ მოძრაობა მალევე აღდგა.
Manifest.ge-ს წესებით, პეტიცია გამარჯვების შემთხვევაში მითითებულ ადრესატს ელექტრონულად გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადრესატი სახელმწიფო ორგანოა, ხელმომწერთა რაოდენობა მინიმუმ 5000 უნდა იყოს. "კუკუშკის" აღდგენის პეტიციას გასამარჯვებლად სულ 12 000 ადამიანის ხელმოწერა სჭირდება.