Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო დარღვევები შეაჯამეს


ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და სულხან სალაძე
ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე და სულხან სალაძე

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანმა არჩევნებმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ - არჩევნების მედიაცენტრში შეაჯამა წინასაარჩევნო პერიოდი. 60-დღიანი კამპანიის განმავლობაში მათ ისეთ დარღვევებს მოუყარეს თავი, როგორებიცაა კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სოციალური ქსელების კამპანია კონკურენტების დისკრედიტაციისთვის, ზეწოლა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, პოლარიზებული მედიაგარემო და სხვა.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში კამპანია ერთმანეთის საწინააღმდეგო აგიტაციაზე იყო ორიენტირებული და ის ხშირად არასამთავრობო სექტორისკენაც იყო მიმართული. „მიმდინარე არჩევნებზე გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების კოორდინირებულ თავდასხმებს, რომლებსაც თან ახლდა მადისკრედიტირებელი კამპანია სოციალურ ქსელებში“, განაცხადა ბენიძემ. მან ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტებსა და აიპ-ებში დასაქმებულ პირებსა და სოციალურად დაუცველებზე, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ზეწოლის ფაქტებსა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე.

მიხეილ ბენიძე წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს
please wait

No media source currently available

0:00 0:05:30 0:00

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სულხან სალაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო ტექნიკური კანდიდატების დარეგისტრირების ტენდენცია, რომელთა მიზანი არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ სხვა კანდიდატების მხარდაჭერა და მათთვის დამატებითი რესურსების მოპოვება იყო. სალაძის თქმით, ტექნიკური კანდიდატების არსებობა კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა კანდიდატები ვეღარ სარგებლობენ თანაბარი პირობებით. მან ასევე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასზე არ ხდებოდა იმ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, რასაც პრობლემად მიიჩნევდა არასამთავრობო სექტორი.

‘სულხან სალაძე ტექნიკური კანდიდატების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00

მედიაგარემოზე შეაჩერა ყურადღება ეკა გიგაურმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვა მნიშვნელოვანი უარყოფითი მოვლენა იყო წინასაარჩევნო გარემოსთვის. შეჯამებაში მოხვდა აუდიტის სამსახურის მუშაობაც, რომელიც წინასაარჩევნოდ კანდიდატების დაფინანსების მონიტორინგის პროცესში დარღვევებზე რეაგირებდა, თუმცა არც ერთ ძირითად შემთხვევაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. გიგაურის შეფასებით, კამპანიის განმავლობაში პროგრამებზე საუბარი ნაკლებად მიმდინარეობდა და ძირითადი დრო ერთმანეთთან დაპირისპირებას მიჰქონდა, რაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოტივაციას ვერ ზრდიდა.

ეკა გიგაური წინასაარჩევნო მედია გარემოზე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:24 0:00

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ დარღვევებიდან ყველაზე სერიოზულია საჯარო მოხელეების მობილიზაცია, რაც წინა არჩევნებთან შედარებით წელს უფრო დიდი მასშტაბით გამოვლინდა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG