Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაძალადობრივი კამპანია-პოლარიზებული გარემო


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია თითქმის მიუახლოვდა დასასრულს. წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელი სამი ძირითადი არასამთავრობო ორგანიზაციის-„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ - დასკვნით, წინასაარჩევნო გარემო დიდწილად კონკურენტული, მაგრამ პოლარიზებული იყო და ხასიათდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების სიმრავლით. არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგითი შუალედური ანგარიშები არჩევნებამდე სამი დღით ადრე, 25 ოქტომბერს, პრაქტიკულად ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამი ორგანიზაციის სამ ანგარიშში ასახული ტენდენციები და მიგნებები დიდწილად მსგავსებით ხასიათდება.

მონაცემები რიცხვებსა და შეფასებებში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“

ორგანიზაციის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედურმა აგნარიშმა 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი მოიცვა. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდო ზეწოლისა და იძულების 13, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 13, სააგიტაციო მასალების დაზიანების 40 და კამპანიის წესების დარღვევის 1 შემთხვევა. გარდა ამისა, ორგანიზაციამ საყურადღებოდ მიიჩნია საეჭვო შემოწირულებისა და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირთა გადადგომის ფაქტები. „სამართლიანმა არჩევნებმა“ უკანონო აგიტაციის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და კამპანიის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციას 15 საჩივრით მიმართა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელი მონიტორინგის შედეგად აღრიცხა „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დაპირისპირების 3 ფაქტი. შემთხვევები ქუთაისში, თიანეთსა და კასპში დაფიქსირდა. ანგარიშში მოხვდა ასევე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი, სავარაუდო ზეწოლის 4 ფაქტი, სავარაუდო უკანონო შემოწირულების 7 ფაქტი, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების სავარაუდო 1 ფაქტი, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 5 ფაქტი, სავარაუდო უკანონო აგიტაციის 4 ფაქტი და სხვა. წინასაარჩევნო პერიოდში საიამ საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 9 საჩივარი წარადგინა, მათ შორის უკანონო აგიტაციის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, სუბიექტებისთვის აგიტაციაში ხელის შეშლის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო შემოწირულების თაობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შუალედური ანგარიში ძირითადად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მდგომარეობას ასახავს. ამ მხრივ, დადებით ტენდენციად სახელდება ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წინასაარჩევნოდ მოტივირებული პროგრამების დაფინანსებას. ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიამ ძირითადად ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრების პარალელურად ხშირი იყო ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა კონტრაგიტაციების გამართვის შემთხვევები და, შესაბამისად, მაღალი იყო ფიზიკური კონფრონტაციის ალბათობაც. რაც შეეხება ნეგატიურ ტენდენციებს, ორგანიზაციის თანახმად, განსაკუთრებით პრობლემური იყო საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი, ინსტიტუციური, სამართლებრივი და ფინანსური რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება და სხვა.

ტენდენციები, რომლებიც სამივე ანგარიშმა ასახა

წინასაარჩევნო საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი დარღვევებიდან „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მწვავედ შეაფასეს დარღვევები, რომელთა ნაწილი გარკვეულწილად მხოლოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ახასიათებს, ნაწილი კი ბოლო დროს ერთგვარ ტრადიციად იქცა. ამ რიგის საერთო ძირითადი მიგნებების მიხედვით:

  • ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინასაარჩევნოდ ინტენსიური სახე მიიღო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმისა და მათი დისკრედიტაციის მცდელობებმა.
  • საჯარო სამსახურებსა და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ე. წ. „მხარდამჭერთა სიების“ შედგენას ავალებდნენ.
  • „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, წინასაარჩევნო შეხვედრებს მაღალი აქტივობით ესწრებოდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები.
  • საჯარო მოხელეები საანგარიშო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აქტიურ აგიტაციას ეწეოდნენ სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ მეშვეობით. აგიტაციის ცალკეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი ასევე საბიუჯეტო უწყებების კუთვნილი ვებგვერდებით.
  • გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რასაც საგამოძიებო უწყებების არასათანადო რეაგირება მოჰყვა. ამან წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გაამწვავა ვითარება და საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო მეტად პოლარიზება გამოიწვია.
  • ადგილი ჰქონდა ეგრეთ წოდებული ტექნიკური კანდიდატების მიერ უფასო სარეკლამო დროის სხვა კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენების ფაქტებს.
  • საარჩევნო კამპანია დიდწილად სიძულვილის ენისა და ქსენოფობიური განცხადებების ფონზე წარიმართა და სხვა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მახასიათებელი არაძალადობრივი გარემოა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიამ მკვეთრად პოლარიზებულ პირობებში ჩაიარა.

XS
SM
MD
LG