სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ერგნეთში ქართული მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გააკეთა, ცხინვალში ჩასულმა კი ოსურ მედიასთან განაცხადა, რომ ატოცში პროვოკაციული მიტინგები ტარდება და, რომ არა მესაზღვრეების მოთმინება, ეს პროვოკაცია უფრო დიდ რაღაცაში გადაიზრდებოდა. კოჩიევის თქმით, სამხრეთოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის მონიშვნის აუცილებლობაზე, რაზეც ქართული მხარისგან პასუხად მიიღო, რომ ეს პოლიტიკური საკითხია და ერგნეთის ფორმატში არ უნდა განიხილებოდეს.
„ჩვენ შევეცადეთ აღგვენიშნა, რომ ამ საკითხს ადამიანების ცხოვრების გასაიოლებლად მხოლოდ პრაქტიკული ხასიათი გააჩნია. მათ ეცოდინებათ, სად მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და სად - საქართველო და აღარ იქნება ამასთან დაკავშირებით დამრღვევის დაკავება და სასამართლო გარჩევები“, - განაცხადა კოჩიევმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ დაადასტურა, რომ ოსური მხარე მოითხოვს ანტიოკუპაციური მოძრაობის სამოქალაქო აქტივისტების ატოციდან გაყვანას. მისი თქმით, ეს მოთხოვნა ქართული მხარისთვის მიუღებელია, რადგან სამოქალაქო აქტივისტები კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ფარგლებში მოქმედებენ.
სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდებოდით ოსური მხარის ასეთ მოთხოვნას, იმიტომ რომ ატოცში პროცესი შეჩერებული არის. შეჩერებული არის სამოქალაქო აქტივისტების ხარჯზე, რომლებიც არ ვაძლევთ საშუალებას, რომ გააგრძელონ ბორდერიზაცია.დავით ქაცარავა
„დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა წამოჭრეს ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენ მათ განვუმარტეთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. სიტყვის, გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
სამოქალაქო მოძრაობას „ძალა ერთობაშია“ მთავარი შტაბი ატოცში გადააქვს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ განუცხადა. მისი თქმით, ერგნეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული პოზიცია სასიხარულოა და ერთობლივი ძალისხმევით ბორდერიზაციის პროცესის შეჩერებაც შესაძლებელია. ქაცარავა მიიჩნევს, რომ სწორედ სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო გამოსვლებმა შეაჩერა ახალი ღობეების მშენებლობა სოფელ ატოცთან. მისი თქმით, ანტისაოკუპაციო მოძრაობა პატრულირებას გააგრძელებს იმ დრომდე, ვიდრე ქვეყნის დეოკუპაცია არ მოხდება.
„სიმართლე გითხრათ, ჩვენ ველოდებოდით ოსური მხარის ასეთ მოთხოვნას, იმიტომ რომ ატოცში პროცესი შეჩერებული არის. შეჩერებული არის სამოქალაქო აქტივისტების ხარჯზე, რომლებიც არ ვაძლევთ საშუალებას, რომ გააგრძელონ ბორდერიზაცია. მე ძალიან გამახარა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაფიქსირებულმა პოზიციამ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი აქედან გასვლა იქნება ჩვენი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა, მით უმეტეს, რომ ჩვენ არანაირ პროვოკაციას არ ვაწყობთ, მშვიდობიანად ვდგავართ და არ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ბორდერიზაცია. ჩვენ აქედან არსად არ მივდივართ. ჩვენ 17 თვეა ვპატრულირებთ რეგიონში და უკვე აქ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ ჩვენი შტაბბინა გადმოგვეტანა ატოცში, აქ ვიცხოვრებთ ჩვენ, აქედან განვახორციელებთ სხვა სოფლებშიც პატრულირებას და ჩვენი საქმიანობა გაგრძელდება ატოციდან. ატოცი ჩვენთვის არის წითელი ხაზი, რომლის დათმობასაც ჩვენ არ ვაპირებთ. აქ ჩვენ შევაჩერეთ რუსული ოკუპაცია და აქედან გავაგრძელებთ ბრძოლას“,- განაცხადა დავით ქაცარავამ.
გამოვთქვამთ იმედს, როგორც ქართული მხარე, რომ ყველა მონაწილის მხრიდან იქნება შესაბამისად აღქმული აი, ამ ფორმატის მაღალი მნიშვნელობა ადგილზე ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის...ქეთევან ციხელაშვილი
„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები სამი თვის განმავლობაში ჩაშლილი იყო. ოსური მხარე დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღებას მოითხოვდა. ქართული მხარის უარის შემდეგ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს. ეს 14 სექტემბერს მოხდა, ფორმატის აღდგენა კი 18 დეკემბერს გახდა შესაძლებელი. შეხვედრაზე ოსურმა მხარემ დემარკაციის პროცესზე შეთანხმება და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ატოციდან გაყვანა მოითხოვა. ერგნეთის შეხვედრების აღდგენის შესახებ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ „ინციდენტების პრევენციის“ ფორმატი გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის შექმნილი და ეს ყვალა მხარემ უნდა გაითვალისწინოს.
„გამოვთქვამთ იმედს, როგორც ქართული მხარე, რომ ყველა მონაწილის მხრიდან იქნება შესაბამისად აღქმული აი, ამ ფორმატის მაღალი მნიშვნელობა ადგილზე ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ერგნეთის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ სთხოვეს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, საქმით დაინტერესდნენ. მეარაყიშვილის წინააღმდეგ დე ფაქტო პროკურატურას სისხლის სამართლის სამი საქმე აქვს აღძრული და მას გადაადგილების თავისუფლება ეზღუდება. თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ მისი დევნა მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირდება.