Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციების შაბათ-კვირა ატოცში


ატოცში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები და პოლიციელები პატრულირებას აგრძელებენ. შაბათ-კვირას ატოცში ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. შაბათს იქ მუსიკოსები ჩავიდნენ და, უამინდობის მიუხედავად, მცოცავი ოკუპაცია მუსიკალური ნაწარმოებებით გააპროტესტეს, კვირას კი ატოცს სტუდენტების ჯგუფი ესტუმრა. ახალგაზრდების აზრით, საოკუპაციო ხაზთან პატრულირება არ უნდა შეწყდეს და საოკუპაციო ძალებს მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეექმნათ. აქციის მონაწილე აკაკი დოლიძე ამბობს, რომ ახალგაზრდები უფრო ფართოდ უნდა ჩაერთონ ანტისაოკუპაციო მოძრაობაში და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტონ.

ატოცში ჩასული სტუდენტები აცხადებენ, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ახალგაზრდის მობილიზება უნდა მოხდეს და საპროტესტო აქციებმაც უფრო მასშტაბური ხასიათი უნდა მიიღოს.

პოლიციელებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მწვანე ფერის ტენტი ისევ საოკუპაციო ძელებთან დარჩა.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საპროტესტო აქციებს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს დისკომფორტი შეუქმნეს პოლიციელებმა, რომლებმაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს აღმართული პატარა კარვის 30 მეტრით უკან გადატანა მოითხოვეს. ამ ტენტზე აღმართულია საქართველოს ეროვნული დროშები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ უარი თქვა პოლიციელთა მოთხოვნის შესრულებაზე და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მთავრობის დაკვეთას ასრულებს, როცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ტენტის გადაადგილებას მოითხოვს. ქაცარავამ პოლიციელებს განუცხადა, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა საოკუპაციო ძალებს დისკომფორტს უქმნის და ხელს უშლის ახალი ღობეების დამონტაჟებაში. პოლიციელებმა განუმარტეს დავით ქაცარავას, რომ ტენტის გადაადგილება მისივე უსაფრთხოების მიზნითაა საჭირო. დავით ქაცარავამ საბოლოოდ უარი თქვა ტენტის დაშლაზე და განაცხადა, რომ ყველას გაუწევს წინააღმდეგობას, ვინც ამის გაკეთებას შეეცდება.

მოგვიანებით პოლიციელებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მწვანე ფერის ტენტი ისევ საოკუპაციო ძელებთან დარჩა. პატრულირების დროს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები წვიმისა და ქარის დროს ამ ტენტის ქვეშ აფარებენ თავს. ატოცში პატრულირება გრძელდება, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს კი ნოემბრის შემდეგ სამუშაოები აღარ განუახლებიათ. დაახლოებით 500 მეტრზე მათ ძელები დაამონტაჟეს. ამის შემდეგ ატოცში საპროტესტო აქციები დაიწყო და სამუშაოებიც შეჩერდა, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იქ სისტემატიურად ჩნდებიან და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას აკვირდებიან.

XS
SM
MD
LG