Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკური ბესტსელერი - აპულეიუსის „ოქროს ვირი“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნზე, ანტიკურობის ნამდვილ ბესტსელერსა და ერთ-ერთ პირველ რომანზე, აპულეიუსის „მეტამორფოზებზე ანუ ოქროს ვირზე“. ახ. წ. მეორე საუკუნის რომაელი მწერალი, ორატორი და პლატონიკოსი ფილოსოფოსი, ლუკიუს აპულეიუს მადავროსელი რომის იმპერიის ნუმიდიელი მოქალაქე იყო. მის კალამს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწარმოები ეკუთვნის, მაგრამ მსოფლიო სახელი მას „ოქროს ვირმა“, გვიანდელი რომაული ლიტერატურის მთავარმა წიგნმა და ევროპული ლიტერატურის პირველმა პიკარესკულმა ან ავანტურისტულმა რომანმა მოუტანა. ამ პირველ პირში დაწერილ უცნაურ წიგნში, რომელშიც მთხრობელად მაგიის მეშვეობით ვირად გადაქცეული ადამიანი გვევლინება, გადმოცემულია ე.წ. „მილეტოსური“ ამბები, ანუ სახალისო, მიმზიდველი, უცნაური, ეროტიკული და, რაც მთავარია, საინტერესო ამბები, დღეს რომ ტერმინ „რომანულით“ მოვიხსენიებთ. როგორ გადაიქცა ვიმე ლუკიუსი ფრინველის ნაცვლად ვირად; რა ტანჯვა-წამება გადაიტანა მან სანამ ისევ ადამიანად გადაიქცეოდა; რა კავშირი აქვს ამ ამბავს ცნობილი ბერძენი ავტორის, ლუკიანეს ნოველასთან; ვინ იყო ლუკიუს პატრელი, რომელიც, ფოტიოსის ცნობით, ლუკიანესა და აპულეიუსის საერთო პირველწყაროა; რით განსხვავდება ლუკიანეს მცირე ნოველისა და აპულეიუსის თერთმეტწიგნიანი ოპუსის ფინალები; რა უყო საბჭოთა ცენზურამ რომაელ ავტორს და როგორ აისახა ეს ქართულ თარგმანში, რომელიც თამარ ყიფიანმა განახორციელა სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქტორობით; რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ფრივოლურ ნაწარმოებს მსოფლიო და, მათ შორის, ქართულ ჰაგიოგრაფიასთან, კერძოდ, „აბო თბილელის წამებასთან“; როგორ მოახერხა აპულეიუსმა, რომ მის წიგნში „ყველაფერია“ პორნოგრაფიის გარდა, ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG