Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათწლეულის ყველაზე დიდი ვარდნა - ეკონომიკა აპრილში თითქმის 17%-ით შემცირდა


საქსტატის მონაცემებით, რომელმაც 29 მაისს აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საქართველოს ეკონომიკა 16,6%-ითაა შემცირებული, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში კონკრეტულ თვეში დაფიქსირებული ეკონომიკური ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა უკვე 3,6%-ით არის შემცირებული.

მნიშვნელოვანია, რომ შემცირების ტენდენციაა თითქმის ყველა სექტორში - გამონაკლისია მხოლოდ სამთომომპოვებელი ინდუსტრია.

2020 წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, თითქმის, 33%-ით შემცირდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, განმარტა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ხელოვნების გართობისა და დასვენების სექტორებში. 2020 წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, თითქმის, 33%-ით შემცირდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა.

„მშენებლობის სექტორში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, კლების ტენდენცია მაინც გამოვლინდა, რაც დაკავშირებულია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, ასევე სამოქალაქო და სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოების შემცირებასთან.

ვაჭრობის დარგში კლება, ძირითადად, ავტომობილებით და მათი დეტალებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შემცირდა ნავთობპროდუქტებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით ვაჭრობაც“, - თქვა გოგიტა თოდრაძემ მონაცემების გამოქვეყნებისას.

აი, რამდენიმე რიცხვი საქსტატის მონაცემებიდან, რაც ეკონომიკის მკვეთრად შემცირების მიზეზებს ხსნის:

  • 2020 წლის აპრილის თვეში მხოლოდ 307 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 93%-ით ნაკლებია.
  • საქონლის ექსპორტი 28 %-ით შემცირდა და 223 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტის მაჩვენებელი კი, 39 %-ითაა შემცირებული.
  • მშენებლობის სექტორში ინფრასტრუქტურული პროექტების მიუხედავად აღინიშნება კლების ტენდენცია.
  • 34%-ით შემცირდა სამშენებლო პროდუქტების იმპორტი.
  • 87%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი.
  • 95%-ითაა შემცირებული საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში.
  • 27%-ით შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი.

გასულ თვეში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართ გაკეთებული ერთ-ერთი ბოლო პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს [EBRD] ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 19.5 იმყოფებოდა. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს მდგომარეობას, როცა ადამიანს არ მიუწვდება ხელი საჭირო აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. ეკონომიკის შემცირება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვის ზრდასა და საშუალო ფენის გაღარიბებას გამოიწვევს და აპრილის თვის წინასწარი შედეგები მომდევნო თვეებში უფრო მძიმე შედეგებს მოიტანს.


მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მძიმედ იმოქმედებს ფასების ზრდაც - საქსტატის მონაცემებით, აპრილის თვეში წინა თვესთან შედარებით 1,5%-ით, წინა წლის ამ თვესთან შედარებით კი 10,1%-ითაა გაზრდილი სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი. შედეგად, მაგალითად, კვების პროდუქტების ფასები 13%-ითაა გაზრდილი.

XS
SM
MD
LG