5 მაისს ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბაზრის შიდა და გარე პერიმეტრზე ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასა და ადგილობრივ ხელისუფლებას სავაჭრო ცენტრის ზედამხედველობა დაავალა. თავის მხრივ, ბაზრის ადმინისტრაციამ 29 მარტს ხალხმრავლობის გამო დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრა და თავისი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს.
სულ მცირე, ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ბაზარში ყველასთვის სავალდებულოა. სავალდებულოა ასევე პირბადე, თერმოსკრინინგი და დეზინფექცია მოვაჭრისთვისაც და მომხმარებლისთვისაც. ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რისი შესრულების გარეშეც ბაზარი ვერ იფუნქციონირებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახალციხის აგრარულ ბაზარს მეორედ ესტუმრა. მან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სავაჭრო ცენტრი მოინახულა და მოვაჭრეებს წესების დაცვისკენ მოუწოდა.
„პროდუქცია არ უნდა იყოს დაბლა, მიწაზე განთავსებული, ყველა უნდა იყოს შესაბამისი სიმაღლის მაგიდებზე განთავსებული. დახლებს შორის უნდა იყოს სივრცე; ადამიანებს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია; სადაც იყიდება ხორცი, ყველი, უნდა იყოს მოწესრიგებული ხელსაბანი, ტრაპი და უამრავი სხვა რამ, რაც ამას სჭირდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე პროდუქცია დახლებზე უნდა იყოს მოთავსებული, რძის პროდუქტების სექციაში კი მოვაჭრეებს თეთრი ხალათები უნდა ეცვათ. მისი რეკომენდაციების საფუძველზე ბეტონის ფილებით შემოიღობა ტერიტორია, დარჩა მხოლოდ ერთი შესასვლელი და გასასვლელი, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.
„ერთია, რომ აქ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწყობილი და შემიძლია დავადასტურო, რომ არის, მაგრამ მეორეა, როგორ გაგრძელდება ამ ბაზრის მენეჯმენტი. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ჩატარდეს თერმოსკრინინგი და ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია კორონავირუსის პრევენციისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ბაზარში სხვა ღონისძიებები რომ არ გატარდეს, ეს მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს ერთნაირად სურთ. ყველის სექციაში ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო მათი ოჯახის წევრთა უმრავლესობა უმუშევარი დარჩა, ბაზრის დახურვის გამო კი მომხმარებელმა იკლო და მათი შემოსავალიც მნიშვნელოვნად შემცირდა.
„მთელი ხალხი მშიერი დარჩა, არც პროდუქტი აქვთ და არც არაფერი. თუ არ ვივაჭრე, ათი სული მყავს სახლში, იმათ ჭამა ხომ უნდათ? ყველა უმუშევარი ზის, ორი თვეა. გლეხი კიდევ წავა, ქუჩა-ქუჩა ივლის და გაყიდის და მოვაჭრეებმა რა ვქნათ? გვინდა ბაზარი გაიხსნას, რომ ხალხი შემოვიდეს და ივაჭროს“, - ამბობს მზია ინასარიძე.
„როგორ უნდა გადავიხადო ჩეკის ფული დღეში 4 ლარი, თუ არ ვივაჭრე? სახლში 7 სული ვართ, ავადმყოფი კაცის პატრონი ვარ, ინფარქტგადატანილი მეუღლე მყავს. მისი პენსია და ჩემი ყოველდღიური ფულია ჩვენი ოჯახის შემოსავალი. ჩემი შვილი მშენებლობაზე მუშაობდა ბათუმში და ახლა სახლში ზის. მთავრობისგან არანაირი კაპიკი ხეირი არ მაქვს. ქვეყანა კრედიტები მაქვს შესატანი და 7 სულსაც მე ვინახავ“, - ამბობს ზოია მინასიანი.
ბაზრის შიდა და გარე ტერიტორიაზე გახსნით კმაყოფილია ადმინისტრაცია. სავაჭრო ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მარნეულში უკვე დაუკავშირდა საბითუმო მოვაჭრეებს და მარაგების დეფიციტი ბაზარს არ შეექმნება. ვახტანგ ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ ვაჭრობის განახლებით ფასებიც დარეგულირდება. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, 29 მაისისთვის გადაიდო.
„დაკისრებული ჯარიმა გავასაჩივრეთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვეძლო იმ დღეს, მაქსიმუმი გავაკეთეთ. პირველი პროცესი 5 მაისს იყო ჩანიშნული, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამო 29 მაისისთვის გადაიდო. ჩვენ ჩვენი თავი მართალი გვგონია, რადგან იმ მომენტში არ ვიყავით დამნაშავეები. თუ საჭირო გახდება, წარვადგენთ იმ ვიდეომტკიცებულებას, სადაც ჩანს, რომ ბაზრის ადმინისტრაცია ცდილობდა რეგულაციების დაცვას“, - აღნიშნავს ვახტანგ ქართველიშვილი.
ბაზრის ადმინისტრაცია 29 მარტს ტერიტორიაზე ხალხმრავლობისთვის 15 000 ლარით დაჯარიმდა. მას შემდეგ დაწესდა შეზღუდვებიც. აქ მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობდა, დღეიდან კი ობიექტმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა.