23 მარტს გოეთეს ინსტიტუტში შედგა მთარგმნელისა და გერმანისტის ზურაბ აბაშიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც მის მიერ თარგმნილი წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. ის არის მთარგმნელი ცნობილი გერმანულენოვანი კლასიკოსებისა - იოზეფ როთის, არტურ შნიცლერის, გეორგ ბიუხნერის. მისი მდიდარი მთარგმნელობითი შემოქმედება მისმა კოლეგებმა და ყოფილმა სტუდენტებმა შეაფასეს, თავად მთარგმნელმა კი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების რთულ გზაზე ისაუბრა.
გოეთეს ინსტიტუტის დიდ დარბაზში ხელჯოხზე დაყრდნობილი ზურაბ აბაშიძე სტუმრებს იღებს. წამით ჩამოჯდება, მაგრამ როგორც კი დარბაზის ზღურბლზე ახალი სტუმარი გამოჩნდება, მაშინვე ფეხზე დგება, ეგებება. მასთან ფოტოს გადაღების მსურველების რიგი დგას. ზოგი კოლეგაა, ზოგი - ყოფილი სტუდენტი, ზოგიც -გერმანული ლიტერატურის თაყვანისმცემელი. ზურაბი გულნატკენს არავის ტოვებს - ფოტოებს ხალისით იღებს, თან სტუმრებს აფრთხილებს, წიგნები გელოდებათ მაგიდაზეო. გერმანული ლიტერატურის კლასიკოსების იოზეფ როთისა და არტურ შნიცლერის რვა წიგნის, პიესების, მინიატურების, ნოველების, რომანების გამოცემასა და პრეზენტაციაზე გოეთეს ინსტიტუტმა იზრუნა. ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი თავის მცირე სიტყვაში, რომელსაც საღამოს დასაწყისში წარმოთქვამს, ზურაბ აბაშიძეს გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობის დიპლომატად მოიხსენიებს და მისი, როგორც გერმანული ლიტერატურის მთარგმნელის, განსაკუთრებულ როლზე ამახვილებს ყურადღებას...
განრიგი ასეთია: საღამოს გახსნა, სიტყვა ზურაბ აბაშიძის შემოქმედების შესახებ, თავად მისი დიალოგი საღამოს წამყვან მწერალ დავით ბარბაქაძესთან და, პარალელურად, გამოხმაურებები დარბაზიდან. დარბაზი კი აქტიურია. „სიყვარულით შესრულებული თარგმანები“, „მდიდარი ენა“, „სიღრმე“ - ეს იმ ეპითეტების მცირე ჩამონათვალია, რომლებითაც ზურაბ აბაშიძის ნახევარსაუკუნოვან შემოქმედებას აფასებენ როგორც მისი კოლეგები და ყოფილი სტუდენტები, ისე დარბაზში შეკრებილი ლიტერატორები. ზურაბ აბაშიძის მთარგმნელობით მოღვაწეობას სიმონ ჯაფარიძე, პოეტი და გამომცემელი, ახასიათებს. სიტყვაში თავად მთარგმნელიც ერთვება. ერთი შეხედვით, უცნაურია, მაგრამ ისე ჩანს, ზურაბ ჯაფარიძეს ზედმიწევნით უნდა ახსოვდეს ყველა ის ფრაზა, რომელიც მას უთარგმნია:
„მთარგმნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ავტორის ტექსტს კი არა, მის სულიერ მოძრაობას მიჰყვება კვალდაკვალ. აი, პატარა მაგალითი, ერთი ფრაზა: „ვისა აქვს ყური, ეგზომ მახვილი, ჭკნობაშეპარულ ვარდის კვნესა რომ გაიგონოს“. არტურ შნიცლერის ეს ფრაზა გამოწვევაა იმ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებსაც არათუ ვარდის კვნესა, არამედ ადამიანის განწირული ყვირილიც კი არ შეუძრავთ გულს“.
მიუხედავად მდიდარი შემოქმედებითი ცხოვრებისა, ცხოვრებისა, სადაც ერთ დღესაც არ ჩაუვლია წიგნისა და ლიტერატურის გარეშე, ზურაბ აბაშიძის შემოქმედებითი გზა არ გამოდგა ადვილი. იხსენებს ის ამ რთულ გზას და ამბობს, რომ გამომცემლობებს არაერთხელ დაუტოვებიათ მისი თარგმანები ყურადღების მიღმა. ზურაბ აბაშიძეა ერთადერთი მთარგმნელი ავსტრიელი კლასიკოსის იოზეფ როთისა. სწორედ ზურაბ აბაშიძის საშუალებით გაიცნო ქართველმა მკითხველმა მშობლიურ ენაზე ავსტრო-გერმანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი იოზეფ როთი, რომელმაც თავისი შემოქმედება პოეზიით დაიწყო, შემდეგ სხვადასხვა ევროპულ გამოცემაში კორესპონდენტად მუშაობდა. სწორედ მისი ჟურნალისტური საქმიანობა გასდევს კვალად მის შემოქმედებას, რომელიც ზურაბ აბაშიძემ ქართველ მკითხველამდე მოიტანა. ზურაბ აბაშიძემ თარგმნა გეორგ ბიუხნერიც. სწორედ გეორგ ბიუხნერზე საუბრისას ამბობს ზურაბ აბაშიძე, რომ მას შემდეგ, რაც ის თარგმნა და 2013 წელს წიგნიც გამოიცა, თვლის, რომ ტყუილად არ უცხოვრია. თუმცა გულისტკივილით იხსენებს იმ გზას, რომელიც მან მთელი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში განვლო:
„არ მინდა ვიწუწუნო, მაგრამ ყველა გამომცემლობა, ყველა რედაქცია, საბჭოთა პერიოდშიც და მერეც, კარს მიკეტავდა და მე მოვდიოდი, მივიხურავდი ოთახის კარს და ვეზიარებოდი მაღალ ლიტერატურას და რომ გავაფრთიანებდი ერთ ლამაზ ქართულ ფრაზას, იმ დღეს ბედნიერი ვიყავი. სულ არ მაღელვებდა, რომ ის არ იბეჭდებოდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნაწერი და ზოგადად ტექსტი ცოცხლი ფენომენია და როდესაც დიდხანს არის უჯრაში ჩაკეტილი, შესაძლოა გაქრეს კიდეც. ამიტომ მოხარული ვარ, რომ გამოიცა იოზეფ როთის ექვსი წიგნი, არტურ შნიცლერის ორი წიგნი. 2013 წელს გამოვიდა ჩემ მიერ თარგმნილი დიდი გერმანელი მწერლის, გეორგ ბიუხნერის, სრული კრებული. ერთი სიტყვით, მე ვიმუშავე და რაც შემეძლო, გავაკეთე“.
თსუ-ს პირველ კორპუსში, ფოიეში, სარკმელები იყო სხვადასხვა ფაკულტეტების. ვდგავარ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სარკმელთან, ჩემი მედლითა და საბუთებით, და უცებ გამოიარა დევი აბაშიძემ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, და მითხრა, შვილო, კალამი თუ გაგიჭრის, ჟურნალისტიკაში ყოველთვის იმუშავებ და უკეთ იმუშავებ, თუკი ენები გეცოდინებაო...ზურაბ აბაშიძე
ნინო ბაქანიძე, გერმანისტი, გატაცებით საუბრობს ზურაბ აბაშიძის შემოქმედებასა და ღვაწლზე ქართველი მკითხველისა და გერმანული ლიტერატურის მოყვარულთა წინაშე. განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ის გეორგ ბიუხნერის შემოქმედების თარგმანზე, რომელიც ზურაბ აბაშიძემ შესავლითა და კომენტარებით გამოსცა, და ასევე იოზეფ როთის შემოქმედების ქართველი საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ მიზეზთა და მიზეზთა გამო ზურაბ აბაშიძე წლების მანძილზე ვერ ახერხებდა თავისი ნამუშევრების დაბეჭდვას, ნინო ბაქანიძისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ გოეთეს ინსტიტუტის თანადგომით მოხერხდა და მისი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თარგმანი ერთდროულად გამოიცა: „მისი, როგორც მთარგმნელის, უდიდესი დამსახურებაა იოზეფ როთის გაცნობა ქართველი მკითხველისათვის, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობ მწერლად რჩებოდა და, გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს თვითონ ზურაბის, როგორც მთარგმნელის, ხელწერა, მისი სტილური თავისებურებანი. ერთია, როცა ადეკვატურად გადმოსცემს ორიგინალს და გაგრძნობინებს მწერლის ხელწერას, და მეორეა, თუ რა მდიდარი ქართული ენით ახერხებს ის ამ სტილური გამომსახველობითი საშუალებებით უცხოელი მწერლის მშობლიურ ენაზე გადმოტანას. ზურაბი, უდავოდ, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ქართულ გერმანისტიკაში“.
ზურაბ აბაშიძე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და, პარალელურად, აქტიურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. როგორც ზურაბ აბაშიძე იხსენებს, ის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე შემთხვევით აღმოჩნდა. მას სულ სხვა პროფესიაზე ეჭირა თვალი და ეს პროფესია ჟურნალისტიკა იყო:
„თსუ-ს პირველ კორპუსში, ფოიეში, სარკმელები იყო სხვადასხვა ფაკულტეტების. ვდგავარ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სარკმელთან, ჩემი მედლითა და საბუთებით, და უცებ გამოიარა დევი აბაშიძემ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, და მითხრა, შვილო, კალამი თუ გაგიჭრის, ჟურნალისტიკაში ყოველთვის იმუშავებ და უკეთ იმუშავებ, თუკი ენები გეცოდინებაო. მე მისი მადლობელი ვარ. მას დავუჯერე და დღეს გახლავართ ფანატიკურად შეყვარებული ჩემს გერმანულ ენაზე. მე ვამბობ, რომ ჩემი სამშობლოა ჩემი ქართული და, აგრეთვე, ჩემი სამშობლოა გერმანული ენა“.
ის, რომ გერმანული ენა მის მეორე სამშობლოდ იქცა, ამას კარგად გრძნობენ მისი ყოფილი სტუდენტები. მათ შორისაა მანანა პაიჭაძე. მისი თქმით, ზურაბ აბაშიძემ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მათ ლიტერატურულ გემოვნებასა და შემდგომ შემოქმედებით საქმიანობაზე. მანანა პაიჭაძე ამბობს, რომ ზურაბ აბაშიძე არის მთარგმნელი, რომელიც თარგმნის სიამოვნებისთვის და არასდროს მოჰკიდებს ხელს იმ ავტორს, იმ ნაწარმოებს, რომელიც მისი არ არის, რომელიც ახლოს არ არის მასთან. სწორედ მის ესთეტიკაზე მეტყველებენ ის ავტორები და ის ნაწარმოებები, რომლებსაც ზურაბ აბაშიძე თარგმნის, ამბობს მანანა პაიჭაძე. ის პარალელს ავლებს თავად ავტორებისა და მთარგმნელის კავშირზე, როგორც ენობრივი, ისე მსოფლმხედველობრივი თუ მხატვრული თვალსაზრისით:
„ბატონი ზურაბი საოცრად დახვეწილად ფლობს გერმანულს. ამ მხრივაც განსაკუთრებულია მისი ნამუშევარი, რადგან მკითხველს ყოველგვარი ეჭვი უქრება იმისა, რომ ორიგინალთან შესაძლოა რაიმე ცდომილება იყოს. ეს შეუძლებელია. ასეთი სიღრმისთვის, სიზუსტისთვის და ყველა შრეების გადმოტანისა და გადმოქართულებისთვის მადლობას მოგახსენებთ, ამჯერად, როგორც რიგითი მკითხველი“.
მადლობა გერმანული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისთვის ზურაბ აბაშიძემ იმ საღამოს კოლეგებისა თუ ლიტერატურის მოყვარულთაგან ბევრჯერ მიიღო. ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი გზის შემაჯამებელი საღამო ზურაბ აბაშიძემ პოეტ ალექსანდრე აბაშელის სიტყვებით დაამთავრა:
„ჩემი სიკვდილით ეს ქვეყანაც გარდაიქმნება,
უსახო მიწას დააკვდება ცა უცნაური.
მე თუ დავბრმავდი, ცისარტყელა სადღა იქნება?
მე თუ დავყრუვდი, ხომ დადუმდა მიწის ხმაური!“