ქალაქ ზუგდიდის ახალმა საკრებულომ, სადაც, თვითმმართველი თემის საკრებულოს მსგავსად, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენილი, რიგით პირველი სხდომა გამართა. მას დეპუტატები სრული შემადგენლობით დაესწრნენ. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა, კოალიცია „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ერთმა და „ქართული ოცნების“ თერთმეტმა დეპუტატმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩიეს.
15 დეპუტატიდან საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ ერთადერთ კანდიდატ მერაბ ქვარაიას მხარი 12-მა დაუჭირა. იგივე შედეგი დაფიქსირდა თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი თოდუას არჩევისას. ორივე კანდიდატი საკრებულოში დასაქმებამდე ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრმა „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“, თენგიზ ხარჩილავამ, დეპუტატებს განუცხადა, რომ მერაბ ქვარაიას მხარდასაჭერად „ქართული ოცნების“ წევრების თერთმეტ ხმას მან საკუთარი დაუმატა. მისი თქმით, მერაბ ქვარაიასთან წლების მეგობრობა აკავშირებს და მორალური უფლება არ ჰქონდა ასე არ მოქცეულიყო:
„ამას არანაირი გაგრძელება არ ექნება. მივეცი ხმა და აქ მორჩა. მერაბ ქვარაიას ნებისმიერი შეხედულება, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იქნება, იქნება მკაცრად გაკრიტიკებული“.
მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა ფარული იყო, არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუმალავთ საკუთარი არჩევანი. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატს უთხრა, რომ მერაბ ქვარაია არის მისი მეგობარიც, თუმცა დღეს ხმა, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებისამებრ, არჩეული თავმჯდომარის საწინააღმდეგოდ მისცა:
„როგორ გასცემენ და შეასრულებენ გაცემულ დაპირებებს, ამის მიხედვით ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას. მე იმასაც ვამბობ, რომ მერაბ ქვარაია არის ჩემი მეგობარი, მაგრამ ეს არის პიროვნული. საქმიდან გამომდინარე, ჩვენ ვიქნებით კრიტიკული და მომთხოვნი“, - განაცხადა ლევან კონჯარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კენჭისყრით არა, მაგრამ ზეპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ გიორგი თოდუას.
საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ თოდუას განუცხადა, რომ მისნაირი ახალგაზრდების ყოფნა საჭირო და მნიშვნელოვანია ზუგდიდის პოლიტიკურ სივრცეში. წითლიძეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრების - ბაჩო ახალაიასა და გიგი უგულავას -გამოსახულებითა და წარწერით „ევროკავშირი პოლიტიკური პატიმრების გარეშე“ მაისური ეცვა, დაეთანხმა თანაგუნდელი ბათლომე შელია.
საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ დეპუტატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გაცემული დაპირებების შესრულებაა.
„ვფიქრობ, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულო იქნება ძალიან წარმატებული საკრებულო. პარტიული თუ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ჩვენ ვიპოვით მთავარ დასაყრდენს და ნიშნულს, როგორიც არის ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქალაქის სიყვარული“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ.
მის არჩევამდე დეპუტატებმა ქალაქის მერ ირაკლი გოგოხიას, საკრებულოსა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილება ცნეს. სხდომაზე ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ქალაქის მერიაში 110 და ქალაქის საკრებულოში 21 საშტატო ერთეულის შექმნის დებულება.
სხდომაზე არ განხილულა ყველა დაგეგმილი საკითხი. შესაბამისად, ის არ დახურულა. დეპუტატები დარჩენილ საკითხებს 18 ივლისს 11:00 საათზე უყრიან კენჭს.