ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები ავარიულ შენობაში, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში აგრძელებენ რეპეტიციებს. დასმა ამ დრომდე არ იცის, როდის დაიწყება თეატრის აღდენითი სამუშაოები. მათთვის ორი თვეა უკვე ცბობილია ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომ 148 წლის შენობა აღდგენას ექვემდებარება და დანგრევა საჭირო არ არის.
მიუხედავად მძიმე დგომარეობისა, მსახიობები და რეჟისორი მუშაობას განაგრძობენ და პრემიერისთვის ემზადებიან. სპექტაკლს „მსხვერპლი”, რომელიც მწერალ დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით იდგმება, მაყურებელი ფოთის თეატრალურ ფესტივალზე იხილავს. როგორც რადიო თავისუფლებას თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ განუცხადა, მერიაში კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება დასისთვის დროებითი, ალტერნატიული ფართის გადაცემის შესახებ:
„მთლიანი თეატრის პროექტი უნდა გააკეთოს სამხარაულმა. სადღაც აგვისტოს ბოლოსთვის უნდა გაკეთდეს ეს. მანამდე, ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს მერიასთან და, უნდა გამოგვიძებნოს რაიმე ფართი“.
იმის გამო, რომ შენობა ნგრევის პროცესშია, უკვე რამდენიმე თვეა სპექტაკლებს ვერ აჩვენებენ. თეატრი მაყურებლისთვის ამუშავებას ალტერნატიული ფართის მიღების შემდეგ აპირებს. დასის წევრებს ჟურნალისტებთან არაერთხელ განუცხადებიათ, თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა:
„აუტანელია უკვე შიგნით ყოფნაც. როცა დარბაზი ასეთ მდგომარეობაშია, თეატრი ვერ გარისკავს მაყურებლის შიგნით შემოყვანას“, - ამბობს მსახიობი რეზო ჯოჯუა.
თეატრის შენობის რეკონსტრუქცია ადგილობრივი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო, ამიტომ შეუსრულებელ დაპირებებს შორის ოპოზიციური პარტიები მას ხშირად აყვედრიან თვითმმართველობას. საპასუხოდ ქალაქის მერს და გუბერნატორს არაერთხელ უთქვამთ, რომ თეატრი მათთვის პრიორიტეტულად რჩება და თანხების მოძიების შემდეგ სამუშაოები დაიწყება. მათი განცხადებით, 2018 წელს თეატრს 150 წლის იუბილე ექნება და ამ თარიღს ის ღირსეულ პირობებში შეხვდება:
„თეატრის ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი. სამუშაო პროცესი რომ არ შეფერხდეს, რეაბილიტაციისთვის დამატებით თანხებს გამოვყოფთ, ხოლო შენობის მთლიანი კომპლექსის პროექტი რომ მომზადდება, მერე გადაწყდება, თუ საიდან მოხდება დაფინანსება”, - განაცხადა მერმა ირაკლი გოგოხიამ სამაქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენისას.
პარალელურად სამი თვეა გრძელდება ზუგდიდის თეატრის გადარჩენის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ახალგაზრდებმა შექმნეს შესაბამისი გვერდიც, სადაც აღნიშნულია, რომ შენობა დანგრევის პირასაა და რომ მისი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.