Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი შენობები -რეკონსტრუქციის მოლოდინში


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლის ყოფილი ორსართულიანი შენობა დანგრევისპირასაა. მისი მეორე სართული მთლიანადაა ამორტიზებული, მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული შენობის სახურავი რამდენიმე ადგილზეა ჩამონგრეული, ფანჯრები ჩამსხვრეულია და ზოგ ადგილზე კედლებიც ჩამორღვეულია. კულტურის სახლის ყოფილი შენობის პირველი სართული სავაჭრო ობიექტებადაა დაყოფილი და ფართებს სხვადასხვა მეპატრონე ჰყავს. ობიექტების მეპატრონეები დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვენ. ქუთაისის მერიის ინფორმაციით კი, შენობა წლების წინ ისრაელში დარეგისტრირებულმა კომპანიამ იყიდა, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შენობის ქალაქისთვის დასაბრუნებლად პროცედურები დაიწყო.

ყოფილი კულტურის სახლის პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტის მეპატრონეები, შესაძლებლობის ფარგლებში, საკუთარი სახსრებით უვლიან და არემონტებენ კუთვნილ ფართებს, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ფართის მეპატრონე, რეზო გვენეტაძე, ამბობს, შენობის მეორე სართულს გადახურვა და გამაგრება სასწრაფოდ სჭირდება.

დანგრევისპირას არსებული კულტურის სახლის ყოფილი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ბაზართან ახლოს მდებარეობს და შენობის მიმდებარედ ყოველთვის ხალხმრავლობაა, ამორტიზებული შენობიდან ჩამოცვენილი სამშენებლო მასალა საფრთხეს უქმნის გამვლელებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს. მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის რეკონსტრუქციისკენ მოუწოდებენ.

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, კულტურის სახლის ყოფილი შენობა 2010 წლამდე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში იყო და უწყებამ იგი კერძო კომპანიაზე გაასხვისა, თუმცა 6 წლის წინ გაყიდული შენობის მესაკუთრემ ვალდებულებები ვერ შეასრულა და შენობას პირვანდელი იერსახე ვერ შეუნარჩუნა. ქუთაისის ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა წლების წინ გაყიდული ობიექტი, რომლის მეპატრონემ ინვესტიცია არ განახორციელა, ქალაქს საკუთრებაში გადაეცეს.

ქუთაისის კულტურის სახლი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აიგო და იქ ქალაქის კულტურული ცხოვრება გასული საუკუნის ბოლომდე აქტიური იყო, თუმცა იგი ერთადერთი არაა, რომელიც, ქალაქის ცენტრში მდებარეობის მიუხედავად, დანგრევისპირასაა. თითქმის დანგრეულია ქუთაისის ოპერის მიმდებარედ განთავსებული მასწავლებელთა სახლის ყოფილი სამსართულიანი ნაგებობაც, რომელიც ხანძარმა 7 წლის წინ მნიშვნელოვნად დააზიანა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ნახანძრალი შენობის გაყიდვა არაერთხელ სცადა და ბოლოს იგი ორი წლის წინ გასხვისდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ შენობას ამჟამად ორი მეპატრონე ჰყავს, მისი აღდგენა ამ დრომდე არ მომხდარა და მფლობელებმა მიმდებარე ტერიტორიაზე შენობას მესერი გამვლელთა დასაცავად მას შემდეგ შემოავლეს, რაც ერთი კედლის ფრაგმენტები ჩამოიშალა. ამჟამად სამსართლიანი შენობის მეორე-მესამე სართულიდან მხოლოდ რამდენიმე სვეტია დარჩენილი.

XS
SM
MD
LG