ზუგდიდის თვითმმართველი თემისა და ქალაქის ახალ საკრებულოებში კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენილი. ორივე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა თავმჯდომარე და მისი მოადგილე ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ერთადერთ კანდიდატს დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც ერთ საკრებულოში მხარი არ დაუჭირეს.
ზუგდიდის თვითმმართველი თემის საკრებულოს სხდომას, რომელიც გამგეობის დარბაზში გაიმართა, 45-ვე დეპუტატი დაესწრო. აქედან 13 „ნაციონალური მოძრაობის“, ორი საინიციატივო ჯგუფების, დანარჩენი კი „ქართული ოცნების“ კვოტით გახდა დეპუტატი. საკრებულოს წევრების მხოლოდ 13 წევრი იყო წინააღმდეგი, თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გოგია, მის მოადგილედ კი ასევე კოალიციის წარმომადგენელი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლაშა ადეიშვილი აერჩიათ.
არჩეულმა თავმჯდომარემ დეპუტატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების პირობა დადო:
ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია. ჩვენ პირადი ამბიციები არ გვაქვს. პირიქით, სწორედ იმ ადამიანების სასიკეთოდ უნდა ვიმუშაოთ, რომლებმაც ჩვენ მოგვცეს ხმა...კახაბერ ჩანგელია
„პირველ რიგში გავა ინფრასტრუქტურული პროექტები, დასაქმება და სოციალური პროგრამები“, - განაცხადა ლაშა გოგიამ.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს, საჭიროების შემთხვევაში მმართველ გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
„ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია. ჩვენ პირადი ამბიციები არ გვაქვს. პირიქით, სწორედ იმ ადამიანების სასიკეთოდ უნდა ვიმუშაოთ, რომლებმაც ჩვენ მოგვცეს ხმა და რომლებმაც მათ მისცეს ხმა. თუკი ისინი გააკეთებენ საქმეს, რასაც ჰქვია ზუგდიდელების საქმე, ჩვენ ვიქნებით მათთან ერთად“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახაბერ ჩანგელიამ. მისმა თანაგუნდელებმა მხარი არც ქალაქის საკრებულოში წარდგენილ კანდიდატებს დაუჭირეს. 15 დეპუტატიდან საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს, მერაბ ქვარაიას, მხარი 12-მა დაუჭირა. იგივე შედეგი დაფიქსირდა თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი თოდუას არჩევისას. ორივე კანდიდატი საკრებულოში დასაქმებამდე ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ თენგიზ ხარჩილავამ, საკრებულოს ერთადერთმა წევრმა „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“, დეპუტატებს განუცხადა, რომ მერაბ ქვარაიასთან წლების მეგობრობა აკავშირებს და მორალური უფლება არ ჰქონდა მისთვის მხარი არ დაეჭირა:
ქალაქ ზუგდიდის საკრებულო იქნება ძალიან წარმატებული საკრებულო. პარტიული თუ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ჩვენ ვიპოვით მთავარ დასაყრდენს და ნიშნულს, როგორიც არის ჩვენი ქალაქი...მერაბ ქვარია
„ამას არანაირი გაგრძელება არ ექნება. მივეცი ხმა და აქ მორჩა. მერაბ ქვარაიას ნებისმიერი შეხედულება, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იქნება, იქნება მკაცრად გაკრიტიკებული“.
„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენლისგან განსხვავებით, მეგობარ მერაბ ქვარაიას მხარი არ დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან კონჯარიამ:
„მე იმასაც ვამბობ, რომ მერაბ ქვარაია არის ჩემი მეგობარი, მაგრამ ეს არის პიროვნული. საქმიდან გამომდინარე, ჩვენ ვიქნებით კრიტიკული და მომთხოვნი“.
საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ დეპუტატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გაცემული დაპირებების შესრულებაა.
„ვფიქრობ, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულო იქნება ძალიან წარმატებული საკრებულო. პარტიული თუ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ჩვენ ვიპოვით მთავარ დასაყრდენს და ნიშნულს, როგორიც არის ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქალაქის სიყვარული“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ.
მის არჩევამდე დეპუტატებმა ქალაქის მერ ირაკლი გოგოხიას, საკრებულოსა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილება ცნეს. სხდომაზე ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ქალაქის მერიაში 110 და ქალაქის საკრებულოში 21 საშტატო ერთეულის შექმნის დებულება.
სხდომაზე არ განხილულა ყველა დაგეგმილი საკითხი. შესაბამისად, ის არ დახურულა. დეპუტატები დარჩენილ საკითხებს 18 ივლისს 11:00 საათზე უყრიან კენჭს.