ანაკლიის 32-ე საარჩევნო უბანზე განმეორებით ჩატარებულ კენჭისყრას განსაკუთრებული ცვლილება არ შეუტანია 15 ივნისის არჩევნების შედეგებში. უბნის მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა, რადგან 32-ე უბანზე სწორედ კოალიციის კანდიდატმა ელგუჯა ესართიამ მოიპოვა კონკურენტებზე 58 ხმით მეტი.
მაჟორიტარული და პროპორციული სიის დაჯამებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში 29 დეპუტატი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, 14 „ნაციონალურ მოძრაობას“. საკრებულოში ორი წევრი შედის საინიციატივო ჯგუფებიდან.
უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი „ქართული ოცნება“თვითმმართველი ზუგდიდის საკრებულოშიც. მაჟორიტარული და პროპორციული სიის დაჯამებით, ქალაქის 15-კაციან საკრებულოში ათი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ოთხი „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან“ და ერთი „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ შევა.
ჩვენ არ ვართ ის ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ყველაფერზე მოსდოს შარი პოზიციას. დარწმუნებული ვარ, იქნება საკითხები, სადაც ჩვენ მოგვიწევს ქალაქის საკეთილდღეოდ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება...ანა წითლიძე
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდნენ, საკრებულოში რიგი საკითხების განხილვისას ურთიერთთანამშრომლობას გეგმავენ:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრი და ქალაქის საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, ანა წითლიძე, მზად არის თანამშრომლობისთვის. ის ამბობს, რომ უკვე მუშაობს საკითხზე, რომლის წარდგენასაც საკრებულოს სხდომაზე აპირებს:
„ჩვენ არ ვართ ის ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ყველაფერზე მოსდოს შარი პოზიციას. დარწმუნებული ვარ, იქნება საკითხები, სადაც ჩვენ მოგვიწევს ქალაქის საკეთილდღეოდ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. მე მაქვს ახალი ხედვა ქალაქის განვითარებაზე და ახალგაზრდების როლზე. არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც მე ვმუშაობ. უბრალოდ, ამაზე ვილაპარაკებ მაშინ, როცა ოფიციალურად შეიკრიბება პირველი სხდომა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით გამორჩეული კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ დეპუტატი საკრებულოში, თენგიზ ხარჩილავა, მათთან თანამშრომლობას მხოლოდ ერთი პირობით აპირებს:
მე ვაპირებ ერთ რამეს - მინდა საკრებულოს წევრებს - განსაკუთრებით, მაჟორიტარებს - შეხვედრები ჰქონდეთ მოსახლეობასთან. შეიძლება იყოს გრაფიკი, კვირაში ერთი ან თვეში ორი შეხვედრა მოაწყონ...გიორგი თოდუა
„თუ ნაციონალები მოვიდნენ გონს და მე თუ დავინახავ, რომ ამ დაშვებული შეცდომების ფონზე ისინი, ასე ვთქვათ, სწორ გზაზე დგანან უკვე დღეს, მაშინ რატომაც არა, მაგრამ იქნება ეს ასე?“
თენგიზ ხარჩილავას განცხადებით, სხდომებზე მას ქალაქისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხების დაყენება აქვს გაზრახული.
ქალაქის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას გიორგი თოდუა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი. იგი ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელია. გიორგი თოდუა რადიო თავისუფლებას უხსნის, თუ რა წინადადებით ფიქრობს მიმართოს საკრებულოს დეპუტატებს:
„მე ვაპირებ ერთ რამეს - მინდა საკრებულოს წევრებს - განსაკუთრებით, მაჟორიტარებს - შეხვედრები ჰქონდეთ მოსახლეობასთან. შეიძლება იყოს გრაფიკი, კვირაში ერთი ან თვეში ორი შეხვედრა მოაწყონ - აი, კრების სახე რომ მიიღოს“.
გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის სიტყვებით, ბუნებრივია, მრავალპარტიულ საკრებულოში იქნება აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ის დაძაბულობა, რაც იყო წინასაარჩევნო პერიოდში, საკრებულოში არ გადაინაცვლებს.
ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.