Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალი წელი - ძველი პრობლემებით და ახალი იმედით


55 წლის მამანტი უბილავა ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ოჯახთან ერთად თავისი ქალაქიდან, გალიდან, იძულებით გადმოსვლის დღიდან ცხოვრობს. ამბობს, წლებია მთავარი სურვილი ისეთი ჭერის ქონაა, რომელსაც საკუთარს ვუწოდებ, ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს შევქმნი და აღარ ვიქნები გასახლების მოლოდინშიო. ის დარწმუნებულია, რომ მთავრობის დიდი ხნის დაპირება 2014 წელს შესრულდება:

„უყურე, რა პირობებში ვცხოვრობ, ბინით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ჩვენი. ახალმა მთავრობამ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს“.

მამანტის მეზობლად, გვერდით ოთახში მცხოვრები ნანი ბასარია ამბობს, რომ ომგამოვლილ ადამიანს სურვილი წლიდან წლამდე მხოლოდ ერთი აქვს. აი, რას ელოდება ის ამჯერადაც:

„ჩემი მთავარი სურვილი ჯანმრთელობაა და მშვიდობა რომ იყოს ქვეყანაში. მშვიდობაა ყველაზე მთავარი, ბავშვებმა ნორმალურად რომ იგრძნონ თავი. მეტი არაფერი მინდა“.

250 ლარი მაინც რომ იყოს პენსია, ეს მინდა. საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ვარ, სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული და ახლა პენსია მაქვს 150 ლარი...
მირიან ყალიჩავა
2014 წელს მინდა პენსია გაიზარდოს, - ამბობს ზუგდიდის მკვიდრი, 72 წლის მირიან ყალიჩავა, რომელიც მიკროფონის დანახვაზე თავისი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ იწყებს საუბარს. ოჯახს ის მხოლოდ პენსიით არჩენს. საუბრისას მირიანმა გამოთვალა, დაახლოებით რა თანხა დასჭირდებოდათ მასა და მის მეუღლეს შედარებით უკეთესი ცხოვრებისთვის. პენსიის ოდენობის გამოთვლისას მან სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობებიც გაითვალისწინა და შეეცადა პენსიის მინიმალური ოდენობა დაესახელებინა:

„250 ლარი მაინც რომ იყოს პენსია, ეს მინდა. საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ვარ, სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული და ახლა პენსია მაქვს 150 ლარი. კი ბატონო, მე მოხუცი ვარ, მაგრამ დაფასება ხომ უნდა ამას. 150 ლარი ჰყოფნის ახლა იმას, რომ მე ცოლ-შვილი ვარჩინო?!“

ურთიერთობების მოგვარება აფხაზებთან და ოსებთან; ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ქალაქს მერი ეყოლება თუ არა, ამ საკითხის გადაწყვეტა; უმუშევრობის მოგვარება მინიმალურ დონეზე მაინც...
ისევე როგორც მირიან ყალიჩავა,ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეები ახალ წელს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინში არიან. ამასთან, რესპონდენტთა დიდი ნაწილი განსაკუთრებული ყურადღებით პოლიტიკურ ცვლილებებს აკვირდება. მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის კოდექსის პროექტით დაგეგმილი ცვლილებები:

„ზუგდიდს ადრე ქალაქის სტატუსი ჰქონდა და ახლა მისი დაბრუნება ყველა ზუგდიდელისთვის საამაყო და საჭირო იქნება“.

„მთავარია სოფლის მეურნეობის განვითარება, მრეწველობა, დანარჩენი ყველაფერი იქნება. არჩევნები, ალბათ, ჩაივლის ნორმალურად, ამის წინაპირობა არის“.

„ურთიერთობების მოგვარება აფხაზებთან და ოსებთან; ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ქალაქს მერი ეყოლება თუ არა, ამ საკითხის გადაწყვეტა; უმუშევრობის მოგვარება მინიმალურ დონეზე მაინც“.

„ყველაზე მთავარი სამართლიანობის აღდგენაა. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეუფერხებლობა“.

„მთავარია, რომ სამუშაო მქონდეს. ახალგაზრდა კაცი ვარ და სამსახურს ვეძებ“...

მიუხედავად იმისა, რომ, მოქალაქეების თქმით, რეგიონში მთავარი პრობლემები კვლავ უცვლელი რჩება, მათი მოგვარების იმედი 2014 წელს განსაკუთრებით დიდია, რადგან, მათივე სიტყვებით, მთავარი ცვლილებები ჯერ კიდევ წინ არის.
XS
SM
MD
LG