Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რა უშლის ხელს ტურიზმის განვითარებას სამეგრელოში


დადიანების მუზეუმი ზუგდიდში
დადიანების მუზეუმი ზუგდიდში
თუკი სამეგრელოში ტურისტის სტატუსით ჩამოსვლა გადაწყვიტეთ და წინასწარ გინდათ შეისწავლოთ მხარის ტურისტული პოტენციალი, სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება გაგიჭირდებათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის შესახებ ინტერნეტის საშუალებით მხოლოდ იმას შეიტყობთ, რომ მხარე არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია, სადაც არის მთები, ქედები, მდინარეები, ტბები და მღვიმეები, მაგრამ ინფორმაციას დეტალურად, სად და როგორ შეიძლება მათი ნახვა, მხოლოდ ზეპირი წყაროს დახმარებით თუ მოიპოვებთ.
რომან თოლორდავა, მოგზაური და ავტორი წიგნისა „სამეგრელო“, ამბობს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის დასათვალიერებლად ჩამოსული ტურისტი ინფორმაციულ ვაკუუმში ექცევა:

„ადამიანი, რომელიც აქ ჩამოვა, იტყვის, რატომ ჩამოვედი, აქ სანახავი არაფერი ყიფილაო. არადა, სინამდვილეში, სანახავი მართლაც ბევრია. არ არის ინფორმაციული ფლაერები, ტურისტული რუკა, რაიმე სახის სარეკლამო მასალა. არ არის ინფორმაცია გესთჰაუზების შესახებ, რომელთა რაოდენობა ისედაც მცირეა, რადგან ეს კულტურა ჯერ კიდევ არ არის ჩვენთან ჩამოყალიბებული. გარდა ამისა, ტურისტს ექმნება ავტომანქანის ქირაობის პრობლემაც“.

მოგზაურის მტკიცებით, ერთადერი, რამაც შედარებით პოპულარობა მოიპოვა, ალპური მთებია:

მე ტურისტულ ბიზნესში ჩართული ვარ და უშუალოდ მაქვს ტურისტებთან კონტაქტი. განსაკუთრებით რაზეც გული მტკივა, არის ის, რომ ჩვენთან ჩამოსული ყველა ტურისტი მიდის აფხაზეთში, იმიტომ რომ რეკლამა აქვთ, სხვა არაფერი, გარდა განადგურებული ინფრასტრუქტურისა და კრიმინალისა...
მარიკა თოდუა
„იქ ტურიზმი სპონტანურად განვითარდა. გავრცელდა ინფორმაცია და შემდეგ ამან ადამიანები დააინტერესა. სამეგრელოში საერთოდ გამოუყენებელია უფსკრულები, მღვიმეები და გარკვეული მასივები. ეს არის საერთოდ მიტოვებული თემა. ნაწილობრივ არის გამოყენებული ისტორიული ძეგლები“.

მხარის ტურისტული შესაძლებლობის გამოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობს 34 წლის მარიკა თოდუა, რომელიც „ზუგდიდი ჰოსტელის“ მეპატრონეა. იგი ამბობს, რომ სათანადო ინფორმაციის უქონლობის გამო ტურისტი სამეგრელოს, კერძოდ კი, ზუგდიდს, სატრანზიტო ქალაქად იყენებს:

„მე ტურისტულ ბიზნესში ჩართული ვარ და უშუალოდ მაქვს ტურისტებთან კონტაქტი. განსაკუთრებით რაზეც გული მტკივა, არის ის, რომ ჩვენთან ჩამოსული ყველა ტურისტი მიდის აფხაზეთში, იმიტომ რომ რეკლამა აქვთ, სხვა არაფერი, გარდა განადგურებული ინფრასტრუქტურისა და კრიმინალისა“.

ჩვენ გამოვიკვლიეთ ის მინიმუმი, რისი გამოკვლევაც შეიძლებოდა რამდენიმე თვეში. სამეგრელო არის ერთადერთი ყველაზე ძლიერი ტურისტული პოტენციალის მქონე მხარე საქართველოში და მის გარეთ...
გიორგი სიგუა
ჰოსტელის მეპატრონის თქმით, პრობლემაა ასევე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარმომადგენელი რომ არ ჰყავს სამეგრელოში, ინფორმაციის მოპოვების მიზნით ან ადმინისტრაციული საკითხების გასარკვევად რომ მიმართოს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის გიორგი სიგუას განცხადებით, მისი უწყება ამ პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში აპირებს:

„პრობლემა მოგვარდება მიმდინარე წელს, დარჩენილ თვე-ნახევარში. უკვე დასრულდა სამეგრელოს რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევები. ჩვენ გამოვიკვლიეთ ის მინიმუმი, რისი გამოკვლევაც შეიძლებოდა რამდენიმე თვეში. სამეგრელო არის ერთადერთი ყველაზე ძლიერი ტურისტული პოტენციალის მქონე მხარე საქართველოში და მის გარეთ“.

გიორგი სიგუას თქმით, საინფორმაციო ცენტრებისთვის ადგილებს მუნიციპალიტეტების გამგეობები გამოყოფენ, ობიექტს კი ტურიზმის ადმინისტრაცია აღჭურავს და თანამშრომლებს მიავლენს.

ცოტა ადრე ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში „მთიანი სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის კვლევა“ გაიმარჯვა ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრი“ . ტენდერის პირობების თანახმად, მას დაევალა მთიანი სამეგრელოს საფეხმავლო მარშრუტების კვლევა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ილია ოქრომელიძის თქმით, ტენდერის მოთხოვნების თანახმად, რეგიონში ექსპედიციები უკვე ჩატარდა და ახლა მუშავდება მასალები.

„ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრის“ მიერ სამუშაოების დასრულების ვადას ეჭვქვეშ აყენებს რომან თოლორდავა, რადგან სამუშაო პროცესი მთებში თოვლის გამო შეჩერებულია. მისივე განმარტებით, „საფეხმავლო მარშრუტების კვლევა ვერ წავიდა წინ, რის გამოც სამეგრელო და ეგრისის ქედი მომავალ წელსაც მოუმზადებელი შეხვდება ტურისტებს“.
XS
SM
MD
LG