Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოქალაქეთა ნაწილი უსახსრობის გამო ვერ წყვეტს როგორ გათბეს ზამთარში


ზუგდიდი
ზუგდიდი
ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობის მთავარი საზრუნავი სახლის გათბობა ხდება. ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, გასათბობად რომელ საშუალებას აირჩევს - შეშაზე, ბუნებრივ აირზე თუ ელექტროენერგიაზე მომუშავე ღუმელს, ან თხილის ნაჭუჭს, რომელიც დასავლეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა პოპულარული.

რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტების თქმით, ზამთრისთვის სამყოფი შეშის ყიდვა ამ დროისთის, ხარისხის მიხედვით, 500-დან 600 -ლარამდეა შესაძლებელი. საშუალოდ, 100 ლარის გადახდა უწევს ყოველთვიურად იმ მოქალაქეს, რომელმაც გათბობის საშუალებად ბუნებრივი აირი აირჩია.

გამოკითხული რესპონდენტების ნაწილმა,საჭირო თანხის უქონლობის მიზეზით, ამ დრომდე არ იცის როგორ გათბეს:

„ზამთარი კარზეა მომდგარი და არ ვიცი, რითი გავთბები“,- გვითხრა ზუგდიდის მკვიდრმა ლალი მორგოშიამ.

გასულ წელს ნაყიდი შეშის ეკონომიურად მოხმარებას გეგმავს ასევე ზუგდიდში მცხოვრები ზაირა ნაჭყებია.

„შარშანდელი შეშა მაქვს ჯერჯერობით. ახალს ვერ ვყიდულობ“, - გვითხრა მან.
ზუგდიდის # 2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ვაჟა ესართია, რომელიც განათლების მინისტრად ყოფნისას გიორგი მარგველაშვილმა დამსახურებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა, ბუნებრივი აირის სახლში დამონტაჟებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს:

„არ მაქვს იმის თანხა, რომ დავაყენო სახლში გაზი. ძვირი ჯდება. შიშით, 50 ლარის ნაჭუჭი მაქვს ნაყიდი, მიუხედავად იმისა, რომ შეშა მანამდეც მოვიძიე - სახლში რაც მქონდა, ყველაფერი მოვჭერი“.

ბუნებრივი აირით გათბობას ამჯობინებს მებრძოლ ჭკადუა, რომლის თქმითაც, „გაზი 200 ლარით ნაკლები ჯდება, ვიდრე შეშა“.

რესპონდენტების განმარტებით, გასული წლებისგან განსხვავებით, ახლა შეშის ყიდვა პრობლემაა, რადგან მანქანები, რომლებსაც შეშა გასაყიდად დაჰქონდათ, ახლა იშვიათად ჩანან, ამის მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, შეშის მოპოვების სირთულეა.

გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფიზიკურმა პირმა სამინისტროს მიერვე გამოყოფილ ტყეკაფში შეშის მოპოვების ნებართვა უნდა მიიღოს. ამისთვის ის „ლიბერთი ბანკში“ იხდის ხე-ტყის მოპოვების მოსაკრებელს, ერთ კუბურ მეტრზე 3 ლარს და მომსახურების ასევე 3 ლარს. ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოპოვების შემდეგ კი ის სოფლის რეინჯერს უკავშირდება, რომელიც მას გამოყოფილ ტყეკაფს უჩვენებს.

ზამთარი უკვე კარს მომდგარია და შეშა სოფელში 2%-საც არ აქვს. ჩვენ ყველა ვითხოვთ - გადავიხდით, რაც საჭიროა, მხოლოდ გამოგვიყონ ისეთი ადგილი სადაც შეშა ნორმალურად მოიპოვება...
გურგენ ბერია
არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის“ კოორდინატორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში მაია კოდუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მთავარი პრობლემა ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების უქონლობაა:

„მოსახლეობას შეშის გამოტანა საჭაპანო საშუალებით უწევს, ანუ იყენებენ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებას. არის შემთხვევები, როცა სოფლამდე შეშის მიტანაც საჭაპანო საშუალებით ხდება.

არის ისეთი სოფლები, საიდანაც შეშა ნავით გამოაქვთ, ანუ შეშის დამზადება და მოპოვება არის რთული და ხანგრძლივი პროცესი“.

მაია კოდუას თქმით, ამ სირთულეების გამო არის შემთხვევები, როცა მოქალაქე საერთოდ უარს ამბობს შეშის მოპოვებაზე და გათბობის ალტერნატიული საშუალების ძიება უწევს.

სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში მცხოვრები გურგენ ბერია, რომელმაც ხის გაკაფვა მიუვალი გზების გამო ვერ შეძლო. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან მისი თანასოფლელებიც:

„ზამთარი უკვე კარს მომდგარია და შეშა სოფელში 2%-საც არ აქვს. ჩვენ ყველა ვითხოვთ - გადავიხდით, რაც საჭიროა, მხოლოდ გამოგვიყონ ისეთი ადგილი სადაც შეშა ნორმალურად მოიპოვება“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ცინდელიანი აცხადებს, რომ ტყეკაფებამდე მისასვლელი გზები უამინდობის გამო ჩაიხერგა და გამოდარებასთან ერთად ეს პრობლემაც მოგვარდა:

„იყო თავიდან ამაზე საუბარი, მაგრამ მალევე გადაწყდა ეს პრობლემა“.
სატყეო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტყეკაფებით მოსარგებლეთა რაოდენობა ბოლო პერიოდში არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა სამსახურმა რეგიონში დამატებით ტერიტორიები გამოეყო.
XS
SM
MD
LG