Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამეგრელო ახალი გუბერნატორის მოლოდინში


ზუგდიდი
ზუგდიდი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დადებული პირობა, რომ, პრეზიდენტის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის გორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებდა, არჩევნებიდან მეორე დღეს შეასრულა.

იმ მიზეზით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრია და არ აპირებს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას, თენგიზ გუნავამ მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადადგომის შესახებ განცხადებით თავად მიმართა. ის ამჟამად გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელია.

სანამ ახალ რწმუნებულს, ახალი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა დანიშნავს, სოციალური ქსელით და მედიით რამდენიმე შესაძლო კანდიდატს ასახელებენ. მათ შორისაა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედშერ თოლორაია, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია და ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ:

„შეიძლება განხილვა ბევრ ვიღაცაზე ხდებოდეს, მარტო ჩემზე ხდება-მეთქი, ვერ ვიტყვი. რასაც მთავრობა გადაწყვეტს, იმას დავეთანხმები მეც“.

ედშერ თოლორაიასგან განსხვავებით, თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქვარაიამ.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია კი მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს:

„ჭორის დონეზე ვიცი, ისიც ჟურნალისტებისგან, თორემ ოფიციალური მხრიდან ჯერ შემოთავაზება არ ყოფილა“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი არც კახა მიქაიასთვის შეუთავაზებიათ:

„არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, საუბარი არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით“.

მე მგონი, ყველაფერი კარგი გააკეთა... ისე, კონკრეტულად, ვერაფერს ჩამოგითვლით...
მომავალი გუბერნატორის ვინაობის დასახელებას დიდი ინტერესით ელოდებიან ზუგდიდში. რადიო თავისუფლებას ქალაქის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტების დიდმა ნაწილმა უთხრა, რომ თენგიზ გუნავას გუბერნატორობის მცირე პერიოდში მის მიერ გაკეთებულ საქმეებს ვერ იხსენებენ:

„არ ვიცნობ, ჩვენ დევნილები ვართ და მაგასთან ახლო ურთიერთობა არ გვქონია“, - ამბობს ზაზა გაბუნია.

ყოფილი გუბერნატორის საქმიანობაზე საუბარი უჭირს ზუგდიდის მკვიდრ ნარგიზა ჯოლოგუასაც:

„მე მგონი, ყველაფერი კარგი გააკეთა... ისე, კონკრეტულად, ვერაფერს ჩამოგითვლით“.

„ჩემთვის არავის მოუქცევია ყურადღება, თანაც სოხუმიდან ვარ. შემოვევლე, ვინც იქნება უკეთესი და ვინც ყურადღებას მოგვაქცევს, იმას“, - გვითხრა ნუნუ ჯაბუამ.

„ძალიან ცოტა ხანი იყო გუბერნატორი. მესმის, 2-3 წელი რომ ემუშავა, მაშინ შევაფასებდი. ახლა რა უნდა ვთქვა მის საქმეებზე?“, - კითხულობს გულვერ ნაჭყებია.

თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა დანიშნა. მანამდე ის შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად, შემდეგ კი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა. გუბერნატორს გასული წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გუნავა დამნაშავედ ცნეს ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილმა გუნავა შეიწყალა და გუბერნატორის თანამდებობაზეც აღადგინა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში შედის პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორები მთავრობის მიმართ ხდებიან ანგარიშვალდებულნი. ამიერიდან მათ თანამდებობაზე, პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა მოხსნის და დანიშნავს.
XS
SM
MD
LG