Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალგაზრდებს ზუგდიდში მოქმედი სპორტკომპლექსები არ აკმაყოფილებთ


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებად სპორტულ აქტივობას მიიჩნევენ, დილის შვიდი საათიდან იკრიბებიან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი ნაწილი ველოსიპედით ან ქვეითად სეირნობს, ზოგი კი სირბილს ამჯობინებს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრების დიდი ნაწილი საპენსიო ასაკისაა. შეხვდებით მოზარდებსაც, თუმცა მათ შორის ისეთები ჭარბობენ, რომლებსაც პროფესიად სპორტის ესა თუ ის სახეობა აქვთ არჩეული.

21 წლის ნიკა კვარაცხელია, რომელსაც ქალაქის ბულვარში გავესაუბრე, სპორტით არ არის დაკავებული. ამბობს,რომ ქალაქ ჯვარში, სადაც ის ცხოვრობს, მხოლოდ საფეხბურთო სტადიონია, მას კი ფეხბურთი არ აინტერესებს:

„ჯვარში მხოლოდ ერთი სტადიონია, სადაც ძირითადად ბავშვები დადიან. ჩვენ თავისუფალ დროს ვიკრიბებით, ვსვამთ და ვეწევით სიგარეტს. სხვა გასართობი არაფერია და არც არავინ ფიქრობს ამ საკითხზე“.

იმის გამო, რომ სოფლებში სპორტკომპლექსები არ ფუნქციონირებს, ახალგაზრდების დიდ ნაწილს ზუგდიდში უწევს ჩამოსვლა, თუმცა პრობლემას ისინი აქაც აწყდებიან.

2007 წელს აშენებულ ზუგდიდის სპორტკომპლექსს სახურავი აქვს დაზიანებული და აწვიმს. სპორტსმენები შეჯიბრს ამინდის მიხედვით გეგმავენ.

კომლექსის აღსაზრდელებმა რადიო თვისუფლებას ასევე უთხრეს, კარგი იქნება, თუკი ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოსინჯონ საკუთარი ძალებიო. განსაკუთრებით განიცდიან ზუგდიდში საცურაო აუზის უქონლობას:

თავდაპირველად შენობის მშენებლობისას იყო შეცდომები დაშვებული. როგორც კი გაიხსნა, ფაქტობრივად, მეორე დღეს ჩამოცვივდა ჭერი...
გოჩა ჩიქოვანი
„კომპლექსის პირობები სპორტსმენს არ აკმაყოფილებს. ჰიგიენის თვალსაზრისით მოწესრიგებული არ არის. არ აქვს სველი წერტილები, დარბაზში კი გვაწვიმს. ძალიან ცუდი პირობებია“.

„არაფერი აქ არ არის, აუზი არ არის... შენობას როცა აწვიმს, ნაგვის ურნებს ვდებთ და მერე ვასხამთ წყალს“.

ა.ა.ი.პ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, კომპლექსისთვის საჭირო თნხის გამოყოფის საკითხი გამგეობაში განიხილეს და პრობლემა მიმდინარე წელს უნდა მოგვარდეს. გოჩა ჩიქოვანის თქმით, სამუშაოების დაწყებამდე გამგეობამ ჯერ უნდა დაადგინოს, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული შენობისთვის ახალი სახურავის გაკეთება. ეს სამუშაოები კი ჯერ არ დაწყებულა:

„გადაწყდება ეს საკითხი, რადგან მართლაც აწვიმს ამ შენობას. თავდაპირველად შენობის მშენებლობისას იყო შეცდომები დაშვებული. როგორც კი გაიხსნა, ფაქტობრივად, მეორე დღეს ჩამოცვივდა ჭერი. ჩვენც ჩამოვყარეთ, ბავშვებს საფრთხე რომ არ შექმნოდათ. მოვიწვიეთ სპეციალისტები, ჩავუტარეთ ექსპერტიზა და საფრთხე იმის, რომ შენობა დაინგრეს ან რაიმე ჩამოცვივდეს, არ არსებობს“.

სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს ქალაქში მოქმედი მეორე სპორტული სკოლაც. მიუხედავად იმისა, რომ ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში განთავსებულ კომპლექსში ორი - დიდი და მცირე ზომის - საცურაო აუზია,15 წელია არც ერთი არ ფუნქციონირებს. გოჩა ჩიქოვანის თქმით, კომპლექსის სრულად აღდგენა თანხებთან არის დაკავშირებული და ამიტომ არავინ იცის, როდის შეძლებენ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის თქმით, მიუხედავად მწირი ფინანსური რესურსებისა, ქალაქის ხელმძღვანელობა ცდილობს ზუგდიდში სპორტის ყველა სახეობა განავითაროს. მისი თქმით, რამდენიმე თვეში იგეგმება ყინულის მოედანი გაიხსნას.
XS
SM
MD
LG