Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილი და დაკარგული შვილების მშობლების აქცია


საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობენ ანაკლიის მკვიდრი, 7 თვის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა, ცინარა აბულაძე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბადრი ტაბიძის დედა, ქეთო გადელია, და ასევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრის, 35 წლის რევაზ არღვლიანის მამა, გელა არღვლიანი.

ქეთო გადელია, პრეზიდენტთან შეხვედრის იმედით, თბილისში 6 ივნისს ზუგდიდიდან გაემგზავრა. 24 წლის გარდაცვლილი შვილის, ბადრი ტაბიძის დედამ პროტესტის ნიშნად რიკოთის უღელტეხილიდან დედაქალაქის მიმართულებით მსვლელობა ფეხით გააგრძელა. ქეთო გადელია პრეზიდენტისგან მისი შვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ითხოვს.
ბადრი ტაბიძე სახლიდან მიმდინარე წლის 1 იანვარს არაფხიზელ მდგომარეობაში გავიდა. იგი მეორე დღეს ახლობლებმა ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში იპოვეს. ტაბიძე სამედიცინო ცენტრში მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის, თავის ქალის ტრამვითა და ტვინის შეშუპებით მოათავსეს. იგი სავადმყოფოში სამი თვე მკურნალობდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„მე ასე ვფიქრობ, რომ ეს ბავშვი ფეხით მოდიოდა. ის პოლიციას არასოდეს არ ჩაუჯდებოდა მანქანაში. ალბათ, ძალის გმოყენებით სვამდნენ, თავი გაარტყა მანქანის კარებს და, ალბათ, მერე სცემეს“, – ამბობს გარდაცვლილი ბადრი ტაბიძის დედა, რომელიც თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, 4 დღე იმყოფებოდა და 14 აგვისტოს, გვიან ღამით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზუგდიდში იძულებით ჩამოიყვანეს.
მას თვითმკვლელობა არ აქვს ჩადენილი, მოკლულია და ვაპროტესტებ ამას. მოვითხოვ ობიექტურ გამოძიებას ...
გელა არღვლიანი

„შემოვიდა, მგონი, ლიკა ჭანკვეტაძე. ქალბატონო, არ ინერვიულოთო, ახლა მე შევალო და პასუხს შეგატყობინებთო. დაველოდეთ 4 საათი და ტელეფონით მირეკავს: ქალბატონო ქეთევან, თქვენ განცხადება რომ დაგაწერინეთ, ის განიხილეს და გადავაგზავნეთ იუსტიციის სამინისტროშიო. მოვიდა პატრული, 30 კაცი იქნებოდა, თავისი კამერა ჰქონდათ. ქალბატონო, უკანონოდ ხართ რეზიდენციასთან, უნდა აგაყენოთ და წაგიყვანოთ თქვენს სახლშიო“, – ამბობს ქეთევან გადელია.

პრეზიდენტთან შეხვედრა ვერ მოახერხა ასევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 35 წლის რევაზ არღვლიანის მამამ, გელა არღვლიანმა.
რევაზ არღვლიანი მიმდინარე წლის თებერვალში ზუგდიდში, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, არღვლიანმა თავი ჩამოიხრჩო, თუმცა ამ ვერსიის ოჯახს არ სჯერა და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

„მას თვითმკვლელობა არ აქვს ჩადენილი, მოკლულია და ვაპროტესტებ ამას. მოვითხოვ ობიექტურ გამოძიებას“, – ამბობს გელა არღვლიანი.

14 აგვისტოს ანაკლიაში ჩასულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მეექვსე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა 7 თვის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედის, ცინარა აბულაძისთვისაც. ქალბატონი თავისი შვილის, 43 წლის გოგიტა აბულაძის გაუჩინარებაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მონაწილეობას არ გამორიცხავს.

გოგიტა აბულაძე მიმდინარე წლის 18 ივნისს გავიდა სახლიდან. ის სამსახურში სასტუმრო „ანაკლიის“ მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. შვილის გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ მშობლებმა სახლში გოგიტა აბულაძის წერილი შემთხვევით იპოვეს.

„გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ“, – ნათქვამია წერილში.
მათრიეს, შედი შიგნითო, მომკიდეს ხელი და იძულებით შემათრიეს. პირადად ქირიამ მითხრა, ამას შენ არ შეგარჩენო ...
ცინარა აბულაძე

ცინარა აბულაძის თქმით, წერილში ნახსენებ ჟენიას ოჯახში ყველა იცნობს. რუსი ეროვნების სამხედრო პირი ჟენია, იგივე ევგენი ბორისოვი, გოგიტა აბულაძემ და მისმა ოჯახმა ანაკლიაში ე.წ. რუსი სამშვიდობოების ყოფნის დროს გაიცნო. რაც შეეხება მალხაზ პაჭკორიას, ის სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსია. ცინარა აბულაძის თქმით, მალხაზ პაჭკორია დაიკითხა, მაგრამ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ დაკარგულ გოგიტა აბულაძეს არ იცნობდა. მისი სიტყვების არ სჯერა ცინარა აბულაძეს და, პრეზიდენტის ყურადღების მოპყრობის მიზნით, სახლის წინ შემდეგი შინაარსის ბანერები აქვს გაკრული:

„სამეგრელოს გაუთლელო მთავრობავ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი გოგიტა. კმარა დუმილი, კმარა ღორობა, სამეგრელოს კაციჭამია მთავრობავ.“

ქალბატონის თქმით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა სამართალდამცავებმა პრეზიდენტის ვიზიტის დროს უკვე მეორედ ჩამოუხსნეს ბანერები და ოჯახის წევრებს ქუჩაში გასვლა აუკრძალეს. ცინარა აბულაძის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის იყო ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი ლევან ქირიაც.

„მათრიეს, შედი შიგნითო, მომკიდეს ხელი და იძულებით შემათრიეს. პირადად ქირიამ მითხრა, ამას შენ არ შეგარჩენო“, – ამბობს ცინარა აბულაძე.

მიუხედავად უშედეგო მცდელობებისა, გარდაცვლილი და დაკარგული შვილების მშობლები საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისა და საქმის საფუძვლიანად გამოძიების იმედს არ კარგავენ.
XS
SM
MD
LG